Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუ დამიტირებ, ვენესუელავ: ბელორუსიაში ჩავესის შესახებ მიუზიკლი დაიდგმება


უგო ჩავესი და ალექსანდრ ლუკაშენკო
უგო ჩავესი და ალექსანდრ ლუკაშენკო
ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, აწ გარდაცვლილი უგო ჩავესის შესახებ მინსკში მალე მიუზიკლი დაიდგმება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ამ პოლიტიკოსის დიდ პოპულარობას ბელორუსიაში.

მინსკში მცხოვრები მუსიკის მოყვარულები მალე შეძლებენ დაესწრონ მიუზიკლს, რომელიც ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტს, აწ გარდაცვლილ უგო ჩავესს მიაგებს პატივს.

ბელორუსიის მუსიკალური თეატრის განცხადებით, მიუზიკლი ესპანურ ენაზე ვენესუელელ არტისტებთან თანამშრომლობით დაიდგმება.
მიუზიკლის სახელი იქნება „უგო ჩავესის გახსენება“. მისი პრემიერა ზაფხულში მინსკში შედგება, შემდეგ კი წარმოდგენებს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასშიც გამართავენ.

სააგენტო „მინსკ-ნოვოსტი“ იუწყება, რომ მუსიკის ავტორი იქნება ხერარდო ესტრადა - ბელორუსიაში ვენესუელის საელჩოს პირველი მდივანი, რომელიც შეთავსებით მუსიკოსიცაა.

თეატრის პრესმდივანმა ოლგა გუდაჟნიკოვამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიუზიკლის რეჟისორი ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებს.

მინსკიდან გავრცელებული ეს ცნობა არ გააკვირვებს მათ, ვინც იცის როგორც ჩავესის მუსიკალური მიდრეკილებების, ისე ბელორუსიის ავტორიტარ ლიდერთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, მისი მეგობრობის შესახებ.

ვენესუელის პრეზიდენტის პოსტზე 14-წლიანი მსახურების შემდეგ ჩავესი გასულ წელს, 58 წლის ასაკში, კიბოთი გარდაიცვალა. პრეზიდენტობის დროს მას ხშირად ხედავდნენ გიტარით ხელში - ჩავესი უკრავდა და მღეროდა კიდეც.
ჩავესს განსაკუთრებით უყვარდა ვენესუელური ტრადიციული მუსიკა - მას რეგულარულად ასრულებდა პოლიტიკურ აქციებზე, თავის ყოველკვირეულ სატელევიზიო შოუში და სცენაზეც კი, როგორც მაგალითად, 2006 წელს კარაკასის ერთ-ერთ თეატრში:


2012 წლის მარტში, მეორე სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციიდან ერთი დღის შემდეგ, ჩავესმა მუსიკოსებთან ერთად იმღერა და თავის ქალიშვილთან ერთად იცეკვა კიდეც. ეს სცენა, ბევრის აზრით, უწინარესად, მისი ჯანმრთელობის გამო შეშფოთების განმუხტვას ემსახურებოდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ჩავესს ასევე ახასიათებდა მოულოდნელად ამღერება თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური გამოსვლების დროს.

მაგალითად, 2009 წელს, გაეროში ერთსაათიანი გამოსვლის დროს, ჩავესმა წაიმღერა ნაწყვეტი კუბელი რევოლუციონერი მომღერლის სილვიო როდრიგესის სიმღერიდან „შეხვედრა ანგელოზებთან“ და მსოფლიოს მოუწოდა „ცოტა უკეთესი, ცოტა ნაკლებად ეგოისტი“ გამხდარიყო.


2012 წელს, ერთ-ერთი გამოსვლისას, მან იმპროვიზებული მელოდია შეასრულა აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან თავისი დაძაბული ურთიერთობის შესახებ. „ჰილარი კლინტონს დიდად არ ვუყვარვარ და არც მე მიყვარს ისო“, - იმღერა ჩავესმა.

ჩავესის ცეცხლოვანმა ანტიამერიკულმა რიტორიკამ და პოპულისტურმა სტილმა ლუკაშენკოს დიდი მოწონება დაიმსახურა. ბელორუსიის ავტორიტარი ლიდერი ჩავესს „ძმად“ მოიხსენიებდა. ლუკაშენკომ ჩავესი ხუთჯერ დაპატიჟა თავის ქვეყანაში ვიზიტით.

ჩავესის სიკვდილის შემდეგ ორი ქვეყანა კვლავ ახლო მოკავშირედ რჩება. ბელორუსია ვენესუელას მისი ნავთობისა და გაზის მდიდარი საბადოების განვითარებაში ეხმარება.

ახლახან მინსკში მდებარე ერთ-ერთ პარკს ჩავესის სახელი ეწოდა.
XS
SM
MD
LG