Accessibility links

logo-print
უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც ასახავს ვითარებას მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ არის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობს. წელს მან 23-ედ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, ამჯერად 665-გვერდიანი ნაშრომი. მასში ხუთი გვერდი ეთმობა საქართველოს, თუმცა ვიდრე კონკრეტულად საქართველოს შევეხებოდეთ, ზოგად ვითარებას მიმოვიხილავთ.

ანგარიშის წინასიტყვაობაში „ჰიუმან რაითს უოჩის“ აღმასრულებელი დირექტორი კენეთ როტი ჯერ ყურადღებას ამახვილებს არაბულ ქვეყნებზე - ორი წლის წინანდელ, არაბულ გაზაფხულად წოდებულ მოვლენებთან დაკავშირებული ეიფორიის განელებაზე. როტის სიტყვებით, „პროტესტისა და ტრიუმფის“ განცდის დღეები შეცვალა „აღშფოთებამ“, რომელსაც სირიაში ძალადობა იწვევს.
ძალიან იმედგაცრუებული ვართ რუსეთისა და ჩინეთის უარით, შემოღებულ იქნეს უფრო მკაცრი სანქციები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ...

როგორც როტი წერს, მართალია, ძალიან ძნელია ავტორიტარული მმართველობის დამხობა, მაგრამ არაბული ქვეყნების მაგალითი აჩვენებს, რომ კიდევ უფრო რთული ამოცანა შესაძლოა ამის შემდეგ იწყებოდეს და არავისთვის უნდა იყოს მოულოდნელი, რომ იოლი არ იქნება დემოკრატიის აშენება რეპრესიული რეჟიმის მემკვიდრეობაზე.

„ჰიუმან რაითს უოჩის“ წლიური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ხუთშაბათს ლონდონში ჩატარებულ კონფერენციაზე კენეთ როტმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის, კონფლიქტზე სირიაში.

„ძალიან იმედგაცრუებული ვართ რუსეთისა და ჩინეთის უარით, შემოღებულ იქნეს უფრო მკაცრი სანქციები ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით გლობალური ემბარგო შეიარაღების მიწოდებაზე და საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის, რომელიც მიგვაჩნია მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაკავებლად - არა მარტო მთავრობის მომხრე ძალების, არამედ შეიარაღებული ოპოზიციის მხრიდანაც“, ამბობს „ჰიუმან რაიტს უოჩის“ აღმასრულებელი დირექტორი.
საქართველოს ახალ მთავრობას წინა ხელისუფლებამ დაუტოვა მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ და მან უფლებების დარღვევის საკითხზე უნდა იმუშაოს ისე, რომ თავი აარიდოს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ...

კენეთ როტი კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებს არამარტო სირიასთან მიმართებით. როტის შეფასებით, რომელიც მისი ორგანიზაციის ანგარიშშიც არის გამოხატული, რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ დაწყებულია უპრეცედენტო რეპრესიები სამოქალაქო აქტივიზმის წინააღმდეგ: „გასულ წელს რუსეთში ვიხილეთ ყველაზე დიდი უკუსვლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამის აშკარა მიზეზია ის, რომ პრეზიდენტ პუტინს სახალხო აჯანყების ეშინია“.

„ჰიუმან რაიტს უოჩის“ ანგარიშში მკაცრი კრიტიკაა მიმართული საქართველოსკენაც. ყურადღება მახვილდება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიებზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებაზე. ანგარიშის ავტორები საქართველოს ახალ მთავრობას მოუწოდებენ, პრიორიტეტად გაიხადოს ადამიანის უფლებების დაცვა.

"ჰიუმან რაითს უოჩის" მკვლევარმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიამ შემდეგი შეფასებები გამოთქვა ჩვენს რადიოსთან საუბარში: „საქართველოს ახალ მთავრობას წინა ხელისუფლებამ დაუტოვა მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ და მან უფლებების დარღვევის საკითხზე უნდა იმუშაოს ისე, რომ თავი აარიდოს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, უზრუნველყოს საზოგადოებისათვის თავისი ქმედებების გამჭვირვალობა და პრიორიტეტად დასახოს ზომები ყველაზე მძიმე დარღვევების წინააღმდეგ. ერთ-ერთი იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემებიდან, რომლებიც ახალ მთავრობას დაუტოვა წინა ხელისუფლებამ, არის არასათანადო მოპყრობა და წამება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მართლმსაჯულების სფეროში და წარსულში ჩადენილი დარღვევების სამართლებრივი დევნისას დაშვებული შეცდომები“, განაცხადა ჩვენს რადიოსთან საუბარში „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელმა.

ანგარიშის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება, მთავრდება საქართველოს უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე მითითებით - აღნიშნულია, რომ აშშ, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო მიესალმნენ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მშვიდობიან პოლიტიკურ ტრანზიციას, რაც „ჰიუმან რაითს უოჩსაც“ მიაჩნია მნიშვნელოვან ნაბიჯად დემოკრატიზაციის მიმართულებით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG