Accessibility links

logo-print

მესამე მხარედ სტრასბურგის სასამართლოში


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო სტრასბურგში

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო სტრასბურგში

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულთა საქმეებზე საქართველოს მთავრობა მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ შეტყობინება სარჩელების წარმდგენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს. ”კონსტიტუციის 42-ე მუხლში” განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობის ჩართულობა სამართალწარმოების პროცესში არსებით გავლენას მოახდენს საქმეთა შედეგზე და დაზარალებულთა უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს.

”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში 282 დაზარალებულის ინტერესებს წარმოადგენს. ყველა საჩივარი რეგისტრირებულია და შესაბამისი ნომერი აქვს მინიჭებული. მთლიანობაში, ორგანიზაციის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროსასამართლოში საქმის წარმოებაში მიღების ეტაპზე 80 საქმე ირიცხება. საქართველოს მთავრობამ ყველა საქმეში ჩართვის სურვილი გამოხატა, რაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარის, თამარ გაბისონიას განმარტებით, საგრძნობლად გაამყარებს მომჩივანთა პოზიციებს:

” „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი ყველა საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულებს შეეხება, მიმართულია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. შესაბამისად, საქართველოს მხარეს ეძლევა დამატებითი არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად წაადგება საქმეს. კერძოდ, დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, გაუმაგრებს საქართველოს მოქალაქეებს უფლებებს, გაამყარებს მათ პოზიციებს, ასევე უფრო მეტად გამოკვეთს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას იმ ძალადობის გამო, რაც განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.”

ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეთა უმეტესობაში დაზარალებულები ასაჩივრებენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის იმ მუხლების დარღვევას, რომლებიც შეეხება სიცოცხლის, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, საკუთრების, სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალებების უფლებებს. გასაჩივრებულია ასევე წამება და არაადამიანური მოპყრობა, მონობა და იძულებითი შრომა. ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის, ლევან მესხორაძის განმარტებით, საქართველოდან ადამიანის უფლებათა დაცვის სტრასბურგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებზე 500-ზე მეტი ინდივიდუალური განაცხადია წარდგენილი. მისივე თქმით, ევროპული კონვენციის მიხედვით, თუ მომჩივანი მოქალაქე ან სახელმწიფო ინტერესი საქმის განხილვაში სახელმწიფოს მონაწილეობასაც მოითხოვს, ევროპული სასამართლო მას ამის შესაძლებლობას აძლევს. ლევან მესხორაძე ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფო მზადაა ეს შესაძლებლობა გამოიყენოს:

”არა მხოლოდ „42-ე მუხლის“, არამედ ყველა ის ინდივიდუალური განაცხადი, რომელიც არის შეტანილი, არასამთავრობო ორგანიზაციების ფარგლებშია და ასეთია დიდი ნაწილი საქმეებისა, თუ თვითონ ამ ინდივიდებსა თუ კერძო ადვოკატებსა აქვთ წაღებული, რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება, ყველგან იგივე პროცედურა იქნება განხორციელებული და გამოყენებული.”

პროცედურა კი მხარეებს შორის გაცვლილი დოკუმენტაციის მესამე მხარისათვის - ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის - მიწოდებასაც გულისხმობს. მესამე მხარეს, თუ საჭიროდ ჩათვლის, თავის მხრივ, ამა თუ იმ საკითხზე კომენტარის წარდგენა შეუძლია. საქართველოს მთავრობა კომენტარების გაკეთებას აპირებს საქმეების იმ ნაწილზე, რომელიც უკვე გაგზავნილია რუსეთის ფედერაციაში. ამ საქმეებშია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მომზადებული სარჩელებიც. როგორც ორგანიზაციის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა ნათია კაციტაძემ გვითხრა, ახალგაზრდა იურისტთა საქმეებშია საქმეც, რომელშიც მესამე მხარეს ჰოლანდიაც წარმოადგენს:

”ჩვენ გვაქვს გორში დაბომბვის დროს დაღუპული ჰოლანდიელი ოპერატორის საქმე ასევე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. იმ საქმეში ანალოგიურად სასამართლომ ჰოლანდიის მთავრობას აცნობა, რომ ასეთი სარჩელი არსებობს. ანუ ჰოლანდიის მოქალაქეების სარჩელია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ხომ არა აქვს სურვილი ჰოლანდიის მთავრობას მესამე მხარედ ჩაერთოს. ჰოლანდიამ მასალების გადაგზავნა მოითხოვა და ასევე გვკითხა ჩვენც, დაზარალებულების წარმომადგენლებსა და განმცხადებლებს, გვქონდა თუ არა სურვილი, რომ ჩართულიყო.”

ნათია კაციტაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტებმა ჰოლანდიის მთავრობას თავიანთი თანხმობა დაუდასტურეს. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, მას ახალგაზრდა იურისტთა მიერ მომზადებულ 50 საქმეში მოუწევს აგვისტოს ომში დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად ბრძოლა.
XS
SM
MD
LG