Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შუაშისტების“ შანსი


26 მაისის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, რაც ახლა საქართველოში ხდება, საზოგადოების აქტიური ნაწილის სწრაფი ხლეჩა და მისი თანმდევი პროცესია. ამ პროცესის არც განხილვას წავწყდომივარ სადმე, არც მისგან მომდინარე რისკებისა და შანსების შეფასებას.

ვარდების რევოლუციით გაერთიანებული საზოგადოების ხელახალი დაყოფა დიდი ხნის წინ დაიწყო. გაჩნდნენ ხელისუფლების მომხრე და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ექსპერტები, ჟურნალისტები, მომღერლები, რეჟისორები, მწერლები... მაგრამ ამ ორ – დაპირისპირებულ – ბანაკს შორის იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც პატივს სცემდა ხელისუფლებას ლიბერალური რეფორმების და პროგრესულობის გამო, თუმცა, ამავდროულად, სერიოზულ პრობლემად აფასებდა დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტეს.

საზოგადოების ამ ნაწილისთვის მთავარი ორიენტირი იყო დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია. რამდენადაც საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნების მთავრობები მხარს უჭერდნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორ პრეზიდენტს, საზოგადოების ეს ნაწილიც მეტ–ნაკლებად ეგუებოდა დღევანდელ ხელისუფლებას. ამიტომ, „ანტიმიშისტებს“ ხელი ჰქონდათ ჩაქნეული „ბალანსისტებზე“ და ისინი მსუბუქ კონფორმისტებად მიაჩნდათ. შალვა რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ მათ ირონიულად „შუაშისტები“ უწოდა. მე კი ეს ტერმინი ძალიანაც მომეწონა.

* * *

საზოგადოების ამ „შუაშისტურმა“ ნაწილმა მეტ–ნაკლები წონასწორობა შეინარჩუნა როგორც 2007 წლის 7 ნოემბერს, ასევე 2008 წლის აგვისტოში და, მით უმეტეს, 2009 წლის გაზაფხულზე. ამ შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეტად იხრებოდნენ სააკაშვილისკენ და ისეთებიც, რომლებიც მეტად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას. მაგრამ, მთლიანობაში, ეს ჯგუფი ასრულებდა ერთგვარი ხიდის ფუნქციას ხელისუფლების მკაფიო მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

როდესაც „გამაწონასწორებელი“ ჯგუფის შესახებ ვსაუბრობ, ცხადია, მხედველობაში კონკრეტული ადამიანები მყავს. თუმცა, მათი ჩამოთვლა ნამდვილად უხერხული მგონია. პირობითად შეგვიძლია ვისაუბროთ ჟურნალ „ლიბერალზე“, რომელსაც ხელისუფლების მომხრეები არასაკმარისად ობიექტურად, ხოლო ხელისუფლების მოწინააღმდეგეები – არასაკმარისად კრიტიკულად მიიჩნევენ. ოღონდ მკითხველები ჟურნალს პატივს სცემენ, პირველ რიგში, სწორედ დაბალანსებული სარედაქციო პოლიტიკის გამო.

26 მაისის ღამის შემდეგ, ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, პირველად შეიქმნა ვითარება, როცა „დამბალანსებელთა“ ჯგუფი თვალსა და ხელს შუა ნადგურდება. ადამიანები, რომლებიც აქამდე ყოველთვის ახერხებდნენ, რომ საერთო ენა და ღირებულებები მოეძებნათ როგორც ხელისუფლების მომხრეებთან, ასევე, მის მოწინააღმდეგეებთან, ახლა კარგავენ უნარს, ორივე მხარეს გააგებინონ საკუთარი პოზიცია.

სინამდვილეში, პრობლემა ამ ადამიანებში კი არ არის, არამედ, თავად იმ მოვლენაშია, რასაც ზოგი მიტინგის დაშლას უწოდებს, ზოგი – მიტინგის დარბევას. „გამაწონასწორებელი“ ჯგუფის წევრები, რომლებიც არც ხელისუფლების მომხრეები არიან და არც – მოწინააღმდეგეები, 26 მაისის ღამის მოვლენებს საკუთარი სინდისის და ღირებულებების ჭრილში უყურებენ. ისინი სწორედ იმიტომ ინარჩუნებდნენ წონასწორობას წლების განმავლობაში, რომ ყოველგვარი წინასწარი აკვიატების გარეშე ცდილობდნენ პროცესების შეფასებას და თითოეულ მოვლენაში როგორც კარგი, ისე – ცუდი მხარის პოვნას. დღეს ისინი გმობენ ძალადობას და ეს არის პოზიცია, რომელმაც „შუაშისტები“ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების ბანაკთან დააახლოვა.

ბოლო დღეების განმავლობაში, „გამაწონასწორებელი“ ჯგუფის წევრები ხელისუფლების მომხრეების მხრიდან ენერგიულ წნეხში არიან ყველგან, სადაც 26 მაისის ღამის მოვლენებზე იწყება დისკუსია. მათგან ითხოვენ ხელისუფლების ქცევის გამართლებას და კორექტული ტერმინების გამოყენებას. სააკაშვილის მომხრეებისთვის ძირითადი ხაზიდან ოდნავი გადახვევაც კი მიუღებელია. მათ ურჩევნიათ, „შუაშისტებს“ ერთხელ და სამუდამოდ მოწინააღმდეგე ბანაკში მიუჩინონ ადგილი, ვიდრე მათგან ხელისუფლების კრიტიკა აიტანონ მაინცდამაინც ახლა. ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა ხდება არა მხოლოდ უკვე დაპირისპირებული ჯგუფების რადიკალიზაცია, არამედ, „გამაწონასწორებელი“ ჯგუფის წევრების განდევნაც შუალედური სივრციდან.

ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მსგავსი ვითარება ჯერ არ ყოფილა: პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის კატასტროფული ვარდნის პირობებში, საზოგადოებაში აგრესიის დონე მკვეთრად მატულობს. არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივ სივრცეში არ არსებობს ავტორიტეტი, რომელიც რეალურად შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიოს ხლეჩის და დაპირისპირების პროცესს. მითითება პრეზიდენტზე ან კათოლიკოს პატრიარქზე არარელევანტურია.

* * *

ამ რეალობაში, როცა უთანასწორო მხარეებს შორის აგრესია იზრდება, გამოჩნდა სულ უფრო მეტი ადამიანი, ვინც არც ხელისუფლებას ენდობა, არც ოპოზიციას და ვისაც ძველთან დაბრუნების კი არა, სიახლის მოთხოვნილება აქვს.

საიდან შეიძლება დაიწყოს ვითარების გაჯანსაღება? ბევრი თვალი ახლა იმედით არის მიპყრობილი საზოგადოებისკენ. სწორედ საზოგადოების თვითორგანიზაციის აუცილებლობაზე წერდნენ ბოლო დღეებში ბატონები ზაზა ფირალიშვილი („მთელი კვირა“, 30 მაისი, 2011) და ვასილ კობახიძე („ლიბერალი“, 1 ივნისი, 2011).

ჩემი დაკვირვებით, საზოგადოების მიმართ გაჩენილ იმედში იმ ადამიანების და ჯგუფების შეკავშირება იგულისხმება, რომელთათვისაც ერთნაირად მიუღებელია როგორც ავტორიტარული მართვა, ასევე, რუსეთის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნება. ლოზუნგი „არ გვინდა მიშა! არ გვინდა რუსეთი!“ სწორედ საზოგადოების წიაღში იკრებს ძალას. ბევრ ადამიანს ესმის, რომ თუ თანამოაზრეები ერთად არ დადგნენ და ბალანსი არ აღადგინეს, მორიგი სისტემური ძალადობის დღე შეიძლება გაცილებით ადრე დადგეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. აი, ამ პროცესში აქვთ შეუცვლელი მაორგანიზებელი როლი „შუაშისტებს“.

* * *

არ ვიცი – საკუთარი გათვლით/ალღოთი, არ ვიცი – ამერიკელი მეგობრების რჩევით, – ირაკლი ალასანიამ პოლიტიკოსებს შორის პირველმა მიაქცია ყურადღება იმ იმედს, რაც საყოველთაო უნდობლობის ფონზე გაჩნდა საზოგადოების მიმართ. სწრაფი ტემპით იწყება (და ეს პროცესი გაღრმავდება) სამოქალაქო საზოგადოების პროდასავლური ნაწილის დაახლოება „რვიანთან“. „შუაშისტები“, რომლებიც ენერგიულად არიან გამოდევნილი შუალედური სივრციდან, „რვიანის“ გარემოცვაში თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ, ვიდრე ხელისუფლების მომხრეებთან ვერბალურ ბრძოლაში. ერთადერთი, რაც ხელისუფლების მომხრე ინტელექტუალებმა „ფეისბუკური“ ომებით მიიღეს, – ეს არის სამოქალაქო საზოგადოების პროდასავლური სეგმენტის დაახლოება ირაკლი ალასანიასთან. ვინც ალასანიას ყურადღებით მოუსმინა „მაესტროს“ ეთერში, ამ პროცესის პერსპექტივას უსათუოდ შეიგრძნობდა; აგრეთვე, მკაფიოდ დაინახავდა ირაკლი ალასანიას, როგორც „რვიანის“ პოლიტიკურ ლიდერს.

„შუაშისტების“ დაახლოება „რვიანთან“ ერთდროულად შეიცავს როგორც ორივე სეგმენტის გაძლიერების შანსს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დასუსტების საფრთხეს. 2003–2004 წლებში სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ძლიერი ნაწილი დაუახლოვდა ყველაზე პროგრესულ პოლიტიკიურ ძალას („რეფორმატორებს“), რომლის ლიდერები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია, რაც, საბოლოოდ, ამ პოლიტიკური ძალის გაძლიერებით და სამოქალაქო სექტორის უპრეცედენტო დასუსტებით დასრულდა.

დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 26 მაისის ღამეს და შემდგომ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა დაასუსტა ოპოზიციის რადიკალური ფრთა, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად, არამედ ინტელექტუალურადაც გააძლიერა ოპოზიციის ზომიერი ფრთა. „რვიანი“, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ამერიკელების მიერ შეკოწიწებულ სუსტ პოლიტიკურ სხეულად აღიქმებოდა, ხვალ შეიძლება საზოგადოების ყველაზე კრიტიკულად მოაზროვნე ნაწილის მიერ მხარდაჭერილ რეალურ ოპონენტად გარდაიქმნას.

მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლების ადგილზე, რომლებიც „რვიანთან“ თანამშრომლობას გეგმავენ, მე, შანსთან ერთად, საფრთხეზეც ვიფიქრებდი. ერთია თანამშრომლობა და მეორე – მოკავშირეობა. პირველი მისაღებია, მეორე – მიუღებელი. პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა „შუაშისტებს“ (რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან, მეცნიერებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც) გააძლიერებს, მოკავშირეობა კი – დაასუსტებს, რადგან პოლიტისოსს თავისი საქმე აქვს, ჟურნალისტს და მეცნიერს კი – თავისი. ჩემი აზრით, დაახლოება არ უნდა გადაიზარდოს პირდაპირ ბმაში და ურთიერთობამ არ უნდა შეიძინოს ისეთი სიმკვრივე, რომ „რვიანის“ წარმატებას ან წარუმატებლობას სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთხელ შეეწიროს.

ახლა მინდა, ბლოგის მკითხველებს და კომენტატორებს მოგმართოთ. როგორ ფიქრობთ, რომელია უფრო მნიშვნელოვანი „შუაშისტების“ ორი ამოცანიდან და/ან არის თუ არა შესაძლებელი მათი ერთდროულად შესრულება:

1. გააძლიერონ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლაზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესი;
2. გადაარჩინონ ნაბიჯ–ნაბიჯ მოძლიერებული სამოქალაქო საზოგადოება.

აქვე განვმარტავ, რომ ბლოგის მკითხველთა და კომენტატორთა დიდ ნაწილს სწორედ „შუაშისტების“ კატეგორიას მივაკუთვნებ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG