Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ზე, მედიაზე და მომავალ არჩევნებზე...


დღეს ყველაზე „ცხელი წერტილი“ ქვეყანაში „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებია. მეც ამით დავიწყებ.

თავდაპირველად, ცოტა თეორიული შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენები აჩენს ამბივალენტურ დამოკიდებულებებს, რომლებიც კომპლექსური და წინააღმდეგობრივია. თუმცა, არასწორი მგონია იმის მოლოდინი, რომ საჭიროა ან, მით უფრო, შესაძლებელია ამ ამბივალენტურობის გაფანტვა და მტყუან-მართლის საბოლოო გარჩევა. როგორც ზიგმუნტ ბაუმანი იტყოდა, სწორედ ამბივალენტურობა ქმნის დღევანდელობის, როგორც „თხევადი მოდერნულობის“, სახეს, ხისტი მოდერნულობისაგან განსხვავებით. „რუსთავი 2“-ის საქმეც სწორედ ასეთია – „თხევადი“. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯობია ამ საქმეს ფლუიდური დემოკრატიის გადასახედიდან შევხედოთ, და არა „სამართლიანობის აღდგენის“ ხისტი პრინციპიდან (მით უფრო, თითქმის ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ სამართლიანობა სულაც არ არის მთავარი მოსარჩელის, ქიბარ ხალვაშის, მხარეს).

ახლა უფრო კონკრეტულად.

ზოგადად, როდესაც მედიის მიკერძოებულობაზე ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არსებობს ორი ტიპის მიკერძოებულობა:

1. მედია აქცენტს სვამს ხელისუფლების მოქმედებათა მხოლოდ უარყოფით (რეალურ ან შესაძლო) შედეგებზე, ნაკლოვანებებზე, პრობლემებზე.

2. მედია განგებ ამუქებს, შეიძლება ითქვას, ამახინჯებს ფაქტებს, ან იძლევა ამა თუ იმ ფაქტის მხოლოდ ცალმხრივ, უარყოფით ინტერპრეტაციას და არ აჩვენებს ალტერნატიულ მოსაზრებებს.

პირველი ტიპის მიკერძოებულობა (რასაც მედიის „ჩასაფრებული“ პოზიციაც შეიძლება ეწოდოს), პრინციპში, გამართლებულია და ობიექტური მედიის სტანდარტს არ არღვევს.

რაც შეეხება მეორე ტიპის მიკერძოებულობას, ის მედიას ამახინჯებს იმით, რომ მას პროპაგანდის იარაღად აქცევს, რაც რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კავშირის (ანუ, პოლიტიკური ანგაჟირებულობის) გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ასეთი მედია, ცხადია, ვერ ჯდება „ობიექტური მედიის“ სტანდარტებში...

თუმცა, სრულიად ჯდება დემოკრატიის სტანდარტებში. დემოკრატია უშვებს სიტყვის, მათ შორის, შეურაცხმყოფელი, გინებაშეპარული, ზედმიწევნით თვითნებური, მაამებლური, შავრაზმული და ა.შ. სიტყვის თავისუფლებას.

„რუსთავი 2“ ზემოაღნიშნული ორივე ტიპის მიკერძოებულობის ნიმუშია. თუმცა, ჯერ ერთი, ამის უფლებას მას დემოკრატიის უზენაესი პრინციპები აძლევს; და, მეორეც, „რუსთავი 2“ დღეს ნაციონალური დაფარვის ლამის ერთადერთი მასობრივი ტელეკომპანიაა, რომელიც კონცენტრირებულად (აკუმულირებულად) აჩვენებს მაყურებელს, რა გაფუჭდა, ან რისი გაფუჭება შეუძლია ხელისუფლებას. მართალია, ეს კეთდება როგორც „ჩასაფრებული“, ისე პროპაგანდისტული მედიის პოზიციებიდან, მაგრამ გონიერ, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს (ასეთი კი ქვეყანაში, დღესდღეობით, ბევრია), შეუძლია გამოარჩიოს, სად იწყება ამ „ჩასაფრებულობაში“ პროპაგანდა და სად მთავრდება ხელისუფლების შეცდომებზე სწორად მითითება.

აი, ცუდი მიკერძოებულობის ერთი მაგალითი, რომელიც, თავმოყვარე მედიასაშუალებას, უბრალოდ, არ ეკადრება: ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე „რუსთავი 2“ „აწვება“ ხელისუფლების პრორუსულობას და მის მიერ პუტინის ინტერესების გამტარებლობას. ეს ბრალდება „ქართული ოცნების“ მთავარი სტიგმა იყო ნაცმოძრაობის მომხრეთა შორის. „რუსთავი 2“, რომელიც აღნიშნული ბრალდების ტირაჟირებას ახდენდა, საწყის ეტაპზე (ანუ, 2012-13 წლებში) ამას ორი პროგნოზით ამაგრებდა: 1. საქართველოს ხელისუფლება, იანუკოვიჩის მსგავსად, ხელს არ მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და 2. ეს ხელისუფლება საქართველოს ევრაზიულ კავშირში შეიყვანს. ფაქტია, არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა.

რა ხდება ამის შემდეგ (ანუ დღეს)? ხელისუფლების პრორუსულობის მაჩვენებლების მასშტაბი დავიწროვდა და ის დღეს დაიყვანება შემდეგ არგუმენტებზე: ა) ხელისუფლებას მოსწონს „ასავალ-დასავალი“, რომელიც ანტიდასავლური (ე.ი. პრორუსული) ორიენტაცისაა; ბ) ხელისუფლებას არ მოსწონს ნაცმოძრაობა, როგორც ჭეშმარიტი ოპოზიცია, სამაგიეროდ მოსწონს ნინო ბურჯანაძე, რომელიც პუტინის მეხოტბეა; გ) ქვეყანაში მომძლავრდნენ ევრაზიული კავშირის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციები; დ) „ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებაზე“ საუბრობს და ა.შ. ჯერ ერთი, შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე, რამდენად საფუძვლიანია თითოეული ეს არგუმენტი; და მეორეც: თუნდაც დავუშვათ, რომ ყველა დასახელებული არგუმენტი სამართლიანია, მათ საფუძველზე იმ დასკვნის გაკეთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება პრორუსულია იაფფასიანი ხუშტურია... (სხვა საკითხია, რომ „ასავალ-დასავლის“ მომწონებელთან პირადად მე თანხმობა ვერასოდეს მექნება).

მიუხედავად ამისა, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ არჩეულ იდეოლოგიურ პროფილზე მიზანმიმართული შეტევა აუცილებლად ჩაითვლება დემოკრატიის ხელყოფად.

მეორე მხრივ, აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ დემოკრატიის ფრთის ქვეშ „რუსთავი 2“-ის ქომაგობა, პირადად ჩემთვის, ცოტა „ტეხავს“ (მაპატიეთ ჟარგონისთვის), რადგან ამით იცავ დახვეწილ, გამობრძმედილ, პროფესიონალურ მედია-ავაზაკს, რომელიც, მართალია, არ არის იმდენად სწორხაზოვანი, რომ „რეალ TV“-ობა დააბრალო (ხომ გახსოვთ ეს ოდიოზური არხი, რომლისაც თვით ნაცმოძრაობასაც კი შერცხვა და დახურა?), მაგრამ ოსტატურად შეუძლია მაყურებლის გაცურება და ზომბირება. ამდენად, ჩემი აზრით, „რუსთავი 2“-ის დაცვა სინდისთან კომპრომისზე წასვლას ნიშნავს, მაგრამ, ამ კომპრომისს, ისევ და ისევ, უფრო დიდი ღირებულება – გამოხატვის თავისუფლება – ამართლებს.

* * *

არ მახსენდება სხვა დრო პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლებას არ ჰყოლოდა მისი ინტერესების გამტარებელი გავლენიანი ტელეარხი. ამას ყველაზე წარმატებით (თუმცა, ზიგზაგისებურად) ახერხებდა „რუსთავი 2“, და ყოველთვის (თუმცა, შედარებით ნაკლები ეფექტიანობით) – პირველი არხი. დღეს, ამ თვალსაზრისით, უნიკალური ვითარებაა: პირველ არხს, მისი არსებობის მანძილზე (პოსტსაბჭოთა პერიოდს ვგულისხმობ) პირველად ვერ უწოდებ „პროსახელისუფლოს“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში განხორციელდა. ცხადია, ამ დადებით მიღწევას ვერ ჩრდილავს ივანიშვილის პროტეჟე ტელევიზიის – GDS-ის – არსებობა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ ტელეარხის პოლიტიკურ-საინფორმაციო მიმართულებას მაყურებლის მცირე სეგმენტი ჰყავს (როგორც ვიცი, სხვადასხვა გამოკვლევებით, მოსახლეობის მაქსიმუმ 7%) და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ იმ ანალიტიკოსთა უმრავლესობას, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზისთვის თავი მოუყარა გადაცემა „20/30“-მა, პროფესიონალიზმთან ცოტა რამ აქვს საერთო.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „მე-9 არხი“, რომელსაც, არ ჰქონდა ცუდი რეპუტაცია და საკმაო მაყურებელიც ჰყავდა, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ იმ მოტივით დახურა, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ ეს არხი ვერ მოიშორებდა არათუ პროსახელისუფლო, არამედ „საოჯახო ტელევიზიის“ იმიჯსაც.

და მაინც, ვერ გავექცევით იმას, რომ არსებობს ეჭვი: რადგან ქვეყანაში ვერ შეიქმნა „რუსთავი 2“-ის საპირწონე ნაციონალური ტელეარხი, ხომ არ ცდილობს ხელისუფლება მის „ჩაძირვას“, მისი ჟურნალისტური ბირთვის და მენეჯმენტის დაშლას? ხომ არ დაემსგავსება ის წინა ხელისუფლებას (რომელსაც, სხვათა შორის, უფრო „მყარი“ საფუძველი ჰქონდა „იმედის“ ვანდალური დახურვის, რამდენადაც იმდროინდელი „იმედი“ ყველა პარამეტრით – პოპულარობით, პროფესიონალიზმით, ობიექტურობით და ა.შ. – ჯაბნიდა „რუსთავი 2“-ს, როგორც ამას საჯაროდ გამოქვეყნებული გამოკვლევებიც ადასტურებდა)?

ამ ეჭვს გააძლიერებს და დაადასტურებს შემდეგი გარემოებები: თუ სასამართლო პროცესები, ყველა ინსტანციის დონეზე, ფორსირებულად წარიმართა (როგორც ეს ადრე ხდებოდა), თუ საქმე თავდაპირველ მფლობელებამდე (დვალი/აქიმიძე) არ მივიდა, თუ თუნდაც „რუსთავი 2“-ის ქონების ნამდვილი მეპატრონის გამოვლენის შემდეგ, მფლობელმა ამ ტელევიზიას მისი „აქსაკალები“ ჩამოაშორა და ა.შ.

და თუ ეს მოხდა, მაშინ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას უფრო მოაკლდება საარჩევნოდ ხმები, რადგან უკვე მერამდენედ ვიმეორებ: მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს სიტყვის თავისუფლების დაცვა უფრო ღირებულ საქმედ მიაჩნია, ვიდრე თუნდაც მიკერძოებული და პროპაგანდისტული ტელევიზიის იძულებით გაჩუმება.

* * *

მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი უნიკალური რამ, რაც დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტს ახასიათებს და, რაც მთავარია, ეს მახასიათებელი არსებითად უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების და შემდგომი პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივას.

ყველა სოციოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, დღესდღეობით, ვერ აგროვებს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერას. ძალიან დიდი ალბათობით, ამ კონფიგურაციის არსებითად დარღვევას ვერ შეძლებს რომელიმე ახალი კოალიცია, რომელიც 2016 წლის არჩევნებისთვის შეიძლება შეიქმნას. ეს ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგება კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი. თუ 2012 წლის არჩევნებმა მოიტანა მონოლითური ხელისუფლების ჩანაცვლება „ჭრელი“ კოალიციით (რომელსაც, როგორც არაერთხელ დამიწერია, სულ ცოტა, ის უპირატესობა აქვს, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმის პრევენციას ახდენს), 2016 წლის არჩევნები მოიტანს კოალიციური მთავრობის შექმნას, რომელიც პარლამენტში მოხვედრილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალების კონსენსუსური ურთიერთობის შედეგი იქნება. ეს კი უკეთესი დემოკრატიის პირობა უნდა აღმოჩნდეს, ვიდრე დღეს გვაქვს, ან, მით უფრო, მანამდე გვქონდა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG