Accessibility links

logo-print

ძალაში შევიდა საერთაშორისო შეთანხმება იარაღით ვაჭრობის შესახებ


ბან კი მუნი

ბან კი მუნი

24 დეკემბერს ძალაში შევიდა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც იარაღით ვაჭრობის წესებს ადგენს. გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად, იარაღით საერთაშორისო ვაჭრობა ტრანსპარენტული ხდება დაპასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას ექვემდებარება, თუმცა იარაღით ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა და პაკისტანმა.

24 დეკემბერს ძალაში შევიდა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც იარაღით ვაჭრობის წესებს ადგენს. ეს არის პირველი ასეთი მარეგულირებელი საერთაშორისო შეთანხმება, რომელმაც კანონის ფარგლებში უნდა მოაქციოს იარაღით ვაჭრობა, რაც ყოველწლიურად 85 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ახალ ფურცელს შლის ორგანიზაციის კოლექტიურ ძალისხმევაში, რათა იარაღით საერთაშორისო ვაჭრობა ტრანსპარენტული გახდეს და დაექვემდებაროს პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას.

„საბოლოო ჯამში, ეს ამტკიცებს ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას შემცირდეს ადამიანთა ტანჯვა, გამოწვეული კანონის გვერდის ავლით იარაღის შეტანით ისეთ არეალში, სადაც ადგილი აქვს შეიარაღებულ კონფლიქტსა და ძალადობას“, - აღნიშნა ბან კი მუნმა.

თუმცა, როგორც ჩვეულებრივი იარაღის გავრცელების შეზღუდვის კამპანიის ინიციატორები მიიჩნევენ, შეთანხმების იმპლემენტაციას წინ ბევრი სამუშაო ელოდება იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნების დელეგაციების პირველი სამუშაო შეხვედრა ამ საკითხზე მხოლოდ 2015 წლის 1 სექტემბერისათვის იგეგმება.

შეთანხმება არეგულირებს ჩვეულებრივი შეიარაღების საზღვარზე გადატანის წესებს და, მცირე კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ტანკებსა და შვეულმფრენებზეც ვრცელდება.

შეთანხება შეიცავს სავალდებულო მოთხოვნებს, რომლის თანახმად, იარაღით მოვაჭრე ქვეყანა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იარაღი არ იქნება გამოყენებული იქ, სადაც ლახავენ ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონმდებლობის ნორმებს; შეთანხმების ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბრძოლო იარაღი არ მოხვდეს ტერორისტებისა და ორგანიზებული დამნაშავეების ხელში.

შეთანხმების 130 ხელმომწერი ქვეყნიდან დოკუმენტის რატიფიცირება 60-მა სახელმწიფომ მოახდინა, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა, რომლებიც იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორები არიან. აშშ-მა და ისრაელმა შეთანხმებას მხოლოდ ხელი მოაწერეს, რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა და პაკისტანმა კი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადეს.

XS
SM
MD
LG