Accessibility links

logo-print

ვიქტორ ბუტის იარაღის კონტრაბანდის ქსელი კვლავ მოქმედებს


ვიქტორ ბუტი

ვიქტორ ბუტი

ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო პატიმრობაში მყოფი ვიქტორ ბუტის მემკვიდრეობა მისი ყოფილი თანაშემწეების ხელში განაგრძობს არსებობას და ეს ფარული ქსელი გადაჭიმულია აფრიკიდან ირანამდე და რუსეთსა და შეერთებულ შტატებსაც სწვდება. აღნიშნული ანგარიში გამოქვეყნდა იმ დროს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ ახერხებს კონსენსუსის მიღწევას იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებით შემუშავებული შეთანხების პროექტზე.


ბუტის კომპანიონები და მათი მხარდამჭერები

საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც, სიტყვასიტყვით თუ ვთარგმნით, „კონფლიქტების გაცნობიერების პროექტი“ ეწოდება, - გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ვიქტორ ბუტის გასამართლებისა და დაპატიმრების მიუხედავად, მოხდა იარაღის ტრეფიკინგის ქსლის ჩანაცვლება და ბევრი მისი თანამზრახველი კვლავ აგრძელებს კრიმინალურ საქმიანობას. ზემოხსენებული პროექტის გენერალური დირექტორი კეთი ლინ ოსტინი დეტალურად აღწერს ბუტის ყოფილი თანაშემწის სერგეი დენისენკოსა და ანდრეი კოსალაპოვის საქმიანობას. ანგარიშის თანახმად, იარაღით ვაჭრობის ქსელი მოიცავს რამდენიმე ქვეყანას - მავრიკის, აშშ-ს, ფინეთს, სამხრეთ აფრიკას და კონგოს რესპუბლიკას.

დენისენკოსთან კავშირი აქვს აშშ-ის მიერ ოფიციალურად ნებადართულ ორ კომპანიას, რომლებიც ირანში მოქმედებენ - ირანის ნავთობის ეროვნულ კომპანიას და საავიაციო სატრანსპორტო კომპანია „ფკჯ“-ის. ბუტის მეორე კომპანიონმა კი, კოსალაპოვმა, იარაღის მკვლევარ ქალს თავად უთხრა, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობს იარაღით მოვაჭრეებს. კეთი ლინ ოსტინმა რადიო თავისუფლებას ანდრეი კოსალაპოვის ინტერვიუს ფრაგმენტი მიაწოდა:

„ზოგიერთი ამბობს, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობა არის ცუდი, დანარჩენები კი ამბობენ, რომ ეს კარგია. კეთილი, ვინ ხართ თქვენ? რუსი. რას ამბობს რუსეთი? ეს კარგია. კარგია, მორჩა და გათავდა. და მე ვიცი, რომ რაკი რუსი ვარ, კანონიერ ბიზნესს ვაკეთებ.“


ახალი რეგულაციების მოლოდინში

იარაღით ცნობილი მოვაჭრე ვიქტორ ბუტი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და, აშშ-ის თხოვნით, მისი ექსტრადიცია მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში კი ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ ცნო და მას 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო.

პარალელურად, „შავ სიაში“ მოხვდნენ ბუტის თანამზრახველები დენისენკო და კოსალაპოვი, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ყველა ამერიკულ კომპანიას უნდა გაეწყვიტა.

იარაღის მკვლევარი კეთი ლინ ოსტინი ამბობს, რომ იარაღის კონტრაბანდისტების ზემოხსენებული ქსელი ფინანსდება არაბთა გაერთიანებულ საამიროში არსებული დენისენკოს კომპანია „ავიალინქსის“ მიერ, რომელსაც, თავის მხრივ, ირანთან აქვს კავშირები.

„საუბარია რუსეთის, სამხრეთ აფრიკისა და მავრიკის კუნძულების ერთობლივი ინიციატივით შექმნილ კომპანიაზე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დაფინანსებით მავრიკის კუნძულებზე მოქმედებს. ეს არის სამხრეთ აფრიკის წარმოების თვითმფრინავები და ტექნიკური დახმარების სამსახურები. ეს არის აშშ-ისგან შეძენილი თვითმფრინავი. ეს არის ევროპის კომპანიის მიერ დაქირავებული თვითმფრინავი, რომლის მომსახურების რეგისტრაცია დიდ ბრიტანეთში ხდებოდა. სამართლებრივად ასეთ მრავალფეროვან გარემოში წარმოებს, ძირითადად, იარაღით უკანონო ვაჭრობა. ამიტომ აუცილებელია იარაღით ვაჭრობის შესახებ უფრო მკაცრი შეთანხმება შევიმუშაოთ.“

გაეროში მიმდინარე ერთთვიანი მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღების თაობაზე შესაბამისი შეთანხმების მიღწევას, პროცედურული კამათის გამო ერთი კვირით გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკება 27 ივლისს დასრულდება. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, დაუწესდება თუ არა შეზღუდვა სამხედრო აღჭურვილობით ვაჭრობას და შეიარაღების - მათ შორის, არასაბრძოლო მცირე შეიარაღების - გავრცელებას ისეთ ადგილებში, სადაც ის ადამიანის უფლებების დარღვევით შეიძლება იქნეს გამოყენებული. როგორც ცნობილია, ირანი, ეგვიპტე, სირია, ალჟირი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა აქტიურად უპირისპირდებიან მსგავსი რეგულაციების შემოღებას.
XS
SM
MD
LG