Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია იაშინი ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ


ილია იაშინის პრესკონფერენცია
ილია იაშინის პრესკონფერენცია

რუსმა ოპოზიციონერმა ილია იაშინმა მოსკოვში წარმოადგინა ანგარიში „მუქარა ეროვნულ უსაფრთხოებას“, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, საქმიანობას ეხება. პრესკონფერენცია, ბომბით მუქარისა და ხმაურის გამო, რამდენჯერმე შეწყდა.

„აქ ეს არის ერთადერთი ბომბი“, - ეს სიტყვები წარმოთქვა ილია იაშინმა და თავისი ახალი ანგარიში აჩვენა პრესკონფერენციაზე შეკრებილებს, როცა დარბაზში ალაპარაკდნენ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია შენობაში ბომბით მუქარის შესახებ. მუქარის, ხმამაღალი შეძახილების თუ გარეთ პოლიციელების მიერ მეგაფონების გამოყენების მიუხედავად, იაშინმა მაინც ჩაატარა პრეზენტაცია ანგარიშისა „მუქარა ეროვნულ უსაფრთხოებას“.

ანგარიშის დაწერისა და გამოქვეყნების მთავარ ამოცანად მან დაასახელა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, გადაყენების მიღწევა. მანვე განმარტა, რომ ტექსტის გამოქვეყნება დაამთხვია საბჭოთა პერიოდში, 1944 წელს, ჩეჩნების დეპორტაციის მორიგ წლისთავს, რათა სოლიდარობა გამოეხატა ჩეჩენი ხალხის მიმართ.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩეჩნეთი იქცა ცალკე სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაციაში. მინდა აღვნიშნო, რომ კადიროვი, ფაქტობრივად, არ ცნობს ფედერალურ კანონებს. მინდა აღვნიშნო, რომ კადიროვი, ფაქტობრივად, უგულებელყოფს რუსეთის კონსტიტუციას. სწორედ ეს არის ჩრდილოეთ კავკასიაში პუტინის პოლიტიკის მთავარი შედეგი!“- განაცხადა იაშინმა.

ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ სწორედ რამზან კადიროვი დგას ნემცოვის მკვლელობის უკან. საკითხავი მხოლოდ ის არის, კადიროვი ბოლო რგოლია თუ არა, მკვლელობის დამკვეთია თუ ორგანიზატორი და დგანან თუ არა მის უკან კიდევ უფრო მაღალი რანგის პირები...
ილია იაშინი

მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნელი მოქმედების ნაღმი ჩადო ჩრდილოეთ კავკასიაში - ნაღმი, რომელიც ნებისმიერი მძიმე პოლიტიკური კრიზისის შედეგად შეიძლება აფეთქდეს და ჩეჩნეთის მესამე ომად იქცეს.

„ის, რასაც პუტინი აკეთებს, საფრთხეს უქმნის ჩემს ქვეყანას. ამიტომ ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ იმას, რომ ეს კონფლიქტი, პრობლემების მთელი კომპლექსი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა, მოგვარდეს მშვიდობიანად და სისხლისღვრის გარეშე. ეს არის ჩემი საქმიანობის მიზანი. რაც შეეხება ჩემს უსაფრთხოებას, რასაკვირველია, ვაცნობიერებ, რა ხიფათში ვიგდებ თავს! ვაცნობიერებ, რომ ის ხალხი, ვისაც ვაკრიტიკებთ, ეს არის ძალიან სახიფათო ხალხი, ხალხი, რომელიც ფლობს ძალადობისათვის საჭირო რესურსებს, ხალხი, რომლისთვისაც არაერთხელ უპატიებიათ პოლიტიკური მკვლელობები. მე ვაცნობიერებ ხიფათს, მაგრამ მესმის ისიც, რომ თუ ჩუმად ვიქნებით, ეს ხიფათი ყველასთვის გაიზრდება“, - განაცხადა ილია იაშინმა, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობა „სოლიდარობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერია.

იაშინის 65-გვერდიანი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რამზან კადიროვი ჩეჩნეთში ფუფუნებაში ნებივრობს, შარიათის ზოგ ელემენტს აყენებს რუსეთის კანონებზე მაღლა, სულ უფრო ზრდის საკუთარ სამხედრო ძალას. ანგარიშის ცხრა თავი ასახავს ჩეჩნეთში კადიროვის ავტორიტარულ მმართველობას, მის მახასიათებლებს, მთავარ მოვლენებს - იქნება ეს კორუფცია თუ ფუფუნებისადმი მიდრეკილება, კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან თუ კავშირი პოლიტიკურ მკვლელობებთან, მათ შორის, ოპოზიციონერ ბორის ნემცოვისა და ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკიას ლიკვიდაციასთან...

„ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ სწორედ რამზან კადიროვი დგას ნემცოვის მკვლელობის უკან. საკითხავი მხოლოდ ის არის, კადიროვი ბოლო რგოლია თუ არა, მკვლელობის დამკვეთია თუ ორგანიზატორი და დგანან თუ არა მის უკან კიდევ უფრო მაღალი რანგის პირები“, - განაცხადა იაშინმა პრესკონფერენციაზე. მანვე მკაცრად გააკრიტიკა ნემცოვის მკვლელობის გამოძიება“. „დღეს შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება, პრაქტიკულად, შეჩერებულია. და უნდა ითქვას, რომ გამოძიებამ, ფაქტობრივად, უარი თქვა ამ ბოროტმოქმედების შემკვეთებისა და ორგანიზატორების დევნაზე. შეიძლება ითქვას, რომ გამოძიება შემოიფარგლება ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების მხოლოდ რიგითი შემსრულებლების და ტექნიკური მონაწილეების გასამართლების მოსამზადებლად“.

როცა იაშინი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, დარბაზში გაისმა დაცვის თანამშრომლის ხმა: ახალგაზრდავ, შეგაწყვეტინებთ, მოგვაწოდეს ინფორმაცია შენობაში ბომბის საფრთხის შესახებ - გთხოვთ შენობის დატოვებასო...

მაგრამ იაშინმა შეკრებილებს მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ და მისთვის მოესმინათ.

რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

მოსკოვში ამ პრესკონფერენციის დაწყებამდე თავად რამზან კადიროვმა გაავრცელა (სოციალური ქსელით გაავრცელა) იაშინის ანგარიში, მას „ლაყბობა“ უწოდა და ყველა ბრალდება უარყო. დაცინვა და მუქარა არც პრესკონფერენციის დროს შეწყვეტილა. შეკრებაზე მისულმა ერთ-ერთმა პირმა ყალბი ამერიკული დოლარები მიაყარა ოპოზიციონერს, როგორც ჩანს, იმის სათქმელად, რომ ილია იაშინი ამერიკელების მიერ მოსყიდულად მიაჩნია. სხვა ინციდენტის დროს დაცვამ იაშინისაგან სულ რამდენიმე მეტრში შეაჩერა კაცი, რომელიც ყვიროდა: რამზან კადიროვს მეტი აქვს გაკეთებული რუსეთისათვის, ვიდრე ამას ოდესმე შეძლებს ილია იაშინიო.

პრესკონფერენციის მსვლელობისას შენობის დასაცავად გარეთ მყოფი პოლიციელები მეგაფონებით აცხადებდნენ, რომ არის სატელეფონო შეტყობინება აფეთქების საფრთხესთან დაკავშირებით ევაკუაციის საჭიროების შესახებ.

აფეთქების მუქარა გავრცელდა წინა დღესაც, მაგრამ შენობის შემოწმების დროს ბომბი ვერ იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG