Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთი რჩევა, როგორ დავამარცხოთ კორუფცია უკრაინასა და მსგავს ქვეყნებში


მიევი, მაიდანი 19 თებერვალი 2014 წ.
მიევი, მაიდანი 19 თებერვალი 2014 წ.
„ახალ ევროპაში“ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს კორუფცია ისეთ ქვეყნებში, როგორიცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკრაინა, საერთოდ კი, ნებისმიერი ის სახელმწიფო, რომელსაც ევროპის კავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად ბრიუსელი ფულად დახმარებას უპირებს. დახმარებამ, რომელსაც უკრაინას გამოუყოფს არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ აშშ და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, შეიძლება მილიარდობით დოლარს მიაღწიოს. ეს დახმარება, უპირატესად, სესხია, რომელიც უკრაინამ დიდხანს უნდა იხადოს, მაგრამ ამ ეტაპზე მას ეს ფულადი სახსრება რეფორმირებისთვის სჭირდება. ცნობილია ისიც, რომ უკრაინაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული კორუფციას, რაც თავსატეხს უჩენს დასავლელ პარტნიორებს: რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ მათ მიერ გამოყოფილი დახმარება სხვა მიმართულებით არ წარმართონ და მომავალში კიევმა ვალის გადახდა არ შეაყოვნოს?

ამიტომაცაა მთავარი და პირველი რიგის ამოცანა მათთვის, ვინც უკრაინას ეხმარება და სესხს გამოუყოფს, ამ ქვეყანაში კორუფციის დაძლევა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელსაც უკრაინამ ნაწილობრივ მოაწერა ხელი, არის კორუფციასთან ბრძოლისათვის საჭირო რეფორმების მოთხოვნა. საერთაშორისო ორგანიზაციები კონკრეტულ რჩევებს იძლევიან, თუ როგორ უნდა დაიძლიოს კორუფცია. არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი რჩევა სახელმწიფო სექტორის პასუხისმგებლობის გაძლიერებას გულისხმობს. ევროკავშირში წევრობის მსურველი ქვეყნების პასუხისმგებელმა პირებმა, იმისათვის, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს, თავიანთი ქონების დეკლარაცია უნდა წარმოადგინონ. ამას ასოცირების ხელშეკრულებაც მოითხოვს. ევროკავშირის საკითხებში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორი კარლ დოლანი განმარტავს:

“პირველ რიგში, ქვეყანაში ძირითადი რეფორმები უნდა გატარდეს. საჭიროა შესრულდეს, სულ მცირე, გარკვეული მთავარი სამუშაო, რათა საჯარო სექტორის რეფორმირება მოხდეს. უნდა შეიქმნას საჯარო ოფიციალურ პირთა ქონების დეკლარირების სისტემა; ასევე, უნდა მოიძებნოს გზები, თუ როგორ შემოწმდეს ამ დეკლარაციების სისწორე“. დოლანი გვიხსნის, რომ ინტერესთა კონფლიქტი მაშინ იწყება, როცა მოხელეებს გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებლობა აქვთ ხეირი ანახვონ იმ ფირმებს, სადაც ფული აქვთ თვითონ ჩადებული. დოლანი იქვე გადადის მეორე რჩევაზე და გვარწმუნებს, როცა ხელისუფლება სახელმწიფო კონტრაქტებს აფორმებს, რომელთაც საზოგადოება ვერ აკონტროლებს, კორუფციის შესაძლებლობა იქმნებაო. ამიტომ ეს პროცესი უნდა იყოს, დოლანის აზრით, გამჭვირვალე. სახელმწიფო შეკვეთების შესახებ მთავარი სავალდებულო იურიდიული დოკუმენტია ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციის „შეთანხმება სახელმწიფოს მიერ შეძენის“ შესახებ. 6 აპრილიდან ამოქმედდა ამ შეთანხმების ახალი ვერსია, რომელიც ღიაობას ეფუძნება და დისკრიმინაციის წინააღმდეგია. მოლდავეთი, ჩერნოგორია და უკრაინა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს მართავენ ამ შეთანხმებაში გაერთიანების შესახებ. ეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტია, რადგან ვაჭრობის განვითარებისთვის ხელშეწყობის პროექტებს ის ამზადებს.
სწორედ იმიტომ ვმუშაობთ უკრაინის ხელისუფლებთან, რომ შევქმნათ ანტიკორუფციული სტრუქტურები, რომლებსაც ომბუდსმენის მსგავსად შეეძლებათ მუშაობა. მათი ყურადღება მიმართული უნდა იყოს უპირატესად ფირმებთან საპასუხო კავშირის დამყარებისკენ...

ის ორგანიზაციები, რომლებიც საფინანსო დახმარებას სწევენ საერთაშორისო მასშტაბით, ანუ სესხს აძლევენ სახელმწიფოებს, ათწლეულების მანძილზე ცდილობენ შეიქმნას ისეთი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემები, რომლებიც კორუფციის საქმეებს გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან. მათი მიდგომა საერთო იყო ყველგან, ეხებოდა საქმე აფრიკის ქვეყანას თუ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს, ავღანეთს თუ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს. ალან რუსო, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრატეგიას ათანხმებს, ლაპარაკობს მესამე მნიშვნელოვან სვეტზე კორუფციასთან ბრძოლაში - გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაზე:

„სწორედ იმიტომ ვმუშაობთ უკრაინის ხელისუფლებთან, რომ შევქმნათ ანტიკორუფციული სტრუქტურები, რომლებსაც ომბუდსმენის მსგავსად შეეძლებათ მუშაობა. მათი ყურადღება მიმართული უნდა იყოს უპირატესად ფირმებთან საპასუხო კავშირის დამყარებისკენ. ფირმებს შეეძლებათ სახელმწიფო ორგანიზაციის ან ბიზნესის სფეროში კონკურენტის მხრიდან უსამართლო მოპყრობის გასაჩივრება, დამოუკიდებელი ორგანო კი გამოიძიებს და დამრღვევის მიმართ საჭირო ღონისძიებათა გატარების რჩევას გასცემს“.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობა ის სფეროა, ის პრობლემაა, რომელიც საერთო აქვთ კორუფციასთან დაკავშირებულ შემთხვევებს არა მხოლოდ უკრაინასა და მის მსგავს ქვეყნებში, არამედ ევროკავშირშიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ერთ-ერთი დირექტორი, კარლ დოლანი, ამ სფეროში გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს: „უკრაინისთვის საჭირო ანტიკორუფციული რეფორმების განხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, ევროკავშირშიც კი, ძირითადი პრობლემები ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, ასეთია პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გაუმჭვირვალობა“.

და მეხუთე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლაში ასე საჭიროდ მიიჩნევა, არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. საქმე ისაა, რომ კორუფცია იქ ყვავის, სადაც ნაკლებია სამოქალაქო საზოგადოების ფხიზელი მეთვალყურეობა და არ ხდება ჟურნალისტური გამოძიებები, - ასე ფიქრობენ კორუფციასთან ბრძოლაში ჩაბმული ადამიანები. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში საინტერნეტო პლატფორმები შეიქმნა, რათა მოქალაქეებს კორუფციასთან ბრძოლის მიზნით მეთვალყურეობა შეძლებოდათ. ანალოგიური შემთხვევა იყო ავღანეთშიც, სადაც ჰუმანიტარული დახმარების არასამთავრობო ორგანიზაციამ, ხსნის საერთაშორისო კომიტეტმა, კორუფციასთან ბრძოლაში წინსვლას მიაღწია ინფორმაციის გაცვლით სხვა, თავის მსგავს ორგანიზაციებთან. ავღანეთის აღდგენის საქმეებში საგანგებო გენერალური ინსპექტორი ჯონ სიპკო ფიქრობს, რომ აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციები უნდა ცვლიდნენ ინფორმაციას ერთმანეთში, ისევე როგორც ევროკავშირი და გაერო. მისი ზრით, ეს ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოებასა და სწორად გამოყენებას.
XS
SM
MD
LG