Accessibility links

logo-print

ფოლკლორული მოტივებისა და თანამედროვე მუსიკალური ფორმების სინთეზს მრავალი მუსიკოსი თუ ჯგუფი ახდენს. ერთ-ერთი ამგვარი პროექტია ფრანგულ-კუბური დუეტი "Ibeyi", რომლის წევრები ტყუპი დები - ლიზა კაინდე და ნაომი დიასი - არიან.

გოგოები პარიზში დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუმცა საკმაოდ ხშირად სტუმრობდნენ კუბას, თავიანთი მამის სამშობლოს. მიგელ "ანგა" დიასიც მუსიკოსი გახლდათ, ჩინებული პერკუსიონისტი. სახელი ისეთ ბენდებში დაკვრით გაითქვა, როგორებიცაა Buena Vista Social Club და "ირაკერე". ამ უკანასკნელის შემადგენლობაში "გრემის" მფლობელიც კი გახდა და დღემდე ერთ-ერთ გამორჩეულ ლათინოამერიკელ ინსტრუმენტალისტად ითვლება. მიგელი მაშინ აღესრულა, როცა გოგონები 11 წლისანი იყვნენ, მაგრამ მათში აფრო-კუბური ჯაზისადმი სიყვარულის გაღვივება მაინც მოასწრო. ტყუპების თქმით, სწორედ მამის გავლენის წყალობით გაუჩნდათ ექსპერიმენტების კეთების სურვილი, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ერთმანეთთან დაკავშირება მშობლის ერთგვარი ანდერძიც გახლდათ.

გოგონებმა მუსიკის საკმაოდ უცხო და უჩვეულო რეცეპტი შეიმუშავეს. ლიზა ფორტეპიანოს მიუჯდა და წინაპართა ტრადიციების შესწავლას შეუდგა. მან საკუთარ თხზულებებში დასავლეთ აფრიკაში მცხოვრები იორუბას ტომების ფოლკლორული მოტივებისა და ტექსტების გამოყენება დაიწყო, იმ ხალხის სიმღერების თანამედროვე ენაზე თარგმნას მიჰყო ხელი, მე-18 საუკუნეში მონებად რომ აქციეს და კუბაზე ჩამოიყვანეს. რაც შეეხება ნაომის, მამის ნაქონ პერკუსიულ საკრავებზე - კაჰონსა და ნიგერიულ ბატაზე - დახვეწა საშემსრულებლო ტექნიკა. გარდა ტრადიციული აფრო-კუბური აქცენტებისა, დის მიერ შექმნილი თხზულებები თრიპ-ჰოპის, ბლუზის, ჯაზისა და თანამედროვე ელექტრონული მუსიკისათვის ჩვეული რიტმული სტრუქტურებით გააჯერა.

ლიზამ და ნაომიმ დუეტს "Ibeyi" უწოდეს, რაც იორუბას ხალხთა ენაზე „ტყუპებს“ ნიშნავს. პირველი სტუდიური ნამუშევარი კი 2014 წელს გამოსცეს. ეს გახლდათ 4 სიმღერისგან შემდგარი მინიალბომი, სადაც აფრიკული წარმართული ლოცვების ინტერპრეტაცია მოახდინეს და მივიწყებული მითოლოგიური გმირები გააცოცხლეს. პროექტს "Oya" დაარქვეს, მდინარე ნიგერის მფარველი ქალღმერთის მსგავსად. მუსიკოსების თქმით, გარდა იმისა, რომ დისკით საკუთარ წინაპრებს მიაგეს პატივი, ამ მუსიკით ერთმანეთის უკეთ გაგება შეძლეს.

​მინიალბომის უჩვეულო აკუსტიკური პალიტრა და ჟანრების ორიგინალური სინთეზის მცდელობა უყურადღებოდ არ დარჩენილა. დუეტით ხმის ჩამწერი სტუდია XL Recordings-ი დაინტერესდა, რომლის სტუდიაშიც სხვადასხვა დროს ისეთ ჯგუფებს უმუშავიათ, როგორებიცაა "Radiohead" და "Vampire Weekend ". ჰოდა, მისი დამფუძნებლის, რიჩარდ რასელის, თაოსნობით, "Ibeyi "-ს ლონგპლეიც გამოიცა. კრიტიკოსებმა ალბომს დადებითი შეფასება მისცეს და 2015 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ეთნომუსიკალურ პროექტად მოიხსენიეს ჟანრში "contemporary negro spirituals".

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG