Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იჩქარა თუ არა პრეზიდენტმა არჩევნების თარიღის გამოცხადება?


მიუხედავად იმისა, რომ, კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების გამართვა ისედაც 2016 წლის ოქტომბერში იყო მოსალოდნელი, არჩევნების თარიღად 8 ოქტომბრის გამოცხადებამ პოლიტიკური სპექტრის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იჩქარა და, ამასთან, მან არჩევნების გამოცხადებამდე ქვეყნის შიგნით სათანადო კონსულტაციები არ გამართა. შეკითხვები უკავშირდება წინასაარჩევნო შეზღუდვების თემასაც – საქმე ის არის, რომ, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადების მიუხედავად, შეზღუდული რეჟიმი კვლავ მხოლოდ 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

არავინ დავობს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. სახელმწიფოს მთავარი კანონის თანახმად, „პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში“ და „არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული თარიღის დასახელება არჩევნებამდე 6 თვით ადრეც არის შესაძლებელი და სწორედ ასე მოიქცა პრეზიდენტი მარგველაშვილი 5 აპრილს, საღამოს, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. მისი ორი განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა, თუმცა პროცედურის გასავლელად პრემიერს კანონი 10 დღის ვადას აძლევს.

მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მისი ორივე განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან, ანუ არჩევნებამდე 2 თვით ადრე შევა, იურიდიული თვალსაზრისით, ქვეყანას უკვე საარჩევნო რეჟიმში გადაყვანილად მიიჩნევს ინტერპარტიული ჯგუფის წევრი, პოლიტიკური ორგანიზაცია „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი. პრეზიდენტის მიერ განკარგულებების გამოცემის ფაქტს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის „დაუფიქრებელს“ უწოდებს და „პოლიტიკურად გაუთვლელ ნაბიჯად“ აფასებს. ზურაბ ხარატიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მხოლოდ სახელისუფლებო ძალისთვისაა ხელსაყრელი:

„მიჩნეულია, რომ საზაფხულო პერიოდიდან ხალხი უფრო გვიან გამოდის და არჩევნების ადრე დანიშვნით, ფაქტიურად, მცირდება წინასაარჩევნო პერიოდი... ოქტომბრის ბოლოს რომ დაენიშნა, რა უშლიდა პრეზიდენტს ამაში ხელს და კონსულტაციებიც რომ გაემართა ამაზე?! მაგრამ კონსულტაციების გამართვის დროს ყველა ეტყოდა, რომ ოქტომბრის ბოლოს გავაკეთოთო... ამიტომ დანიშნა მან არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში“.

ამასთან, ზურაბ ხარატიშვილისთვის პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლება უარს ამბობს საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე მომავალი არჩევნებისთვის.

ასეთივე აღქმა აქვს ასევე უკმაყოფილოდ დარჩენილ ლეიბორისტულ პარტიას. ამ პოლიტიკური ძალის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, უკმაყოფილების რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

„პირველი: პრეზიდენტმა არ გაიარა კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან; მეორე: პრეზიდენტმა ჩაკეტა საარჩევნო კანონმდებლობის განახლების პერსპექტივა; მესამე: პრეზიდენტმა არჩევნების პერიოდად შეარჩია პოლიტიკურად სრულიად ჩამკვდარი სეზონი“.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების თარიღის ასე ადრე გამოცხადება, პირველ რიგში, კოალიცია „ქართული ოცნების“ წიაღიდან ახლახან გამოცალკევებულ პარტიებს დააზარალებს, ანუ პარტიებს, რომლებიც დამოუკიდებლად აპირებენ კენჭისყრას მომავალ არჩევნებზე, თუმცა, თუკი რესპუბლიკელთა წარმომადგენელ დეპუტატს თამარ კორძაიას მოვუსმენთ, მივხვდებით, რომ მის პარტიაში ეს დიდად არ ადარდებთ:

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გარდაუვლად უნდა ჩატარებულიყო ოქტომბერში. შესაბამისად, 8 ოქტომბერს იქნება ეს თუ 2-3 დღით უფრო გვიან, ამას მართლა არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. თქვენ ისედაც ხედავთ, რომ, პრინციპში, პარტიები უკვე გადავიდნენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში“.

ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გამართულიყო, რათა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი ზაფხულსა და შვებულებების პერიოდს არ დამთხვეოდა, ამბობს ჩვენთან საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი, თუმცა მისთვის ეს მაინცდამაინც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. უკმაყოფილო კი ლევან ნატროშვილი იმით დარჩა, რომ, არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე გამოცხადების მიუხედავად, საკანონმდებლო შეზღუდვებისთვის კვლავაც მხოლოდ 2-თვიანი ვადაა დაწესებული:

„რეგულაციები, რომლებიც ეხება, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვას თუ აგიტაციასთან დაკავშირებულ აკრძალვებს, არ ამოქმედდება 8 აგვისტომდე... არის ხოლმე, რომ 3-4 თვით ადრე აქტიური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ვიღაცამ ადმინისტრაციული რესურსი რომ გამოიყენოს, რეალურად ვერაფერს ვერ უზამ, ვერ დასჯი... შეიძლება ამ დროს კანონი არ ირღვევა, მაგრამ ირღვევა არჩევნებთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრინციპები... და სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები რომ ჩატარდეს, ეს პრინციპები უნდა იყოს დაცული“.

თუკი წინა წლების გამოცდილებას გავიხსენებთ, არასამთავრობო სექტორი მუდმივად მოითხოვდა, რომ პარტიებისთვის კონკურენტული და სამართლიანი გარემოს ჩამოსაყალიბებლად წინასაარჩევნო პერიოდში კანონით დადგენილი შეზღუდვები არჩევნებამდე არა ორი თვით, არამედ, მაგალითად, ოთხი თვით ადრე ამოქმედებულიყო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG