Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იდენტობა“ სექსუალობის კვლევას ატარებს


დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა კითხვარი, რომელიც მოსახლეობის სექსუალობის კვლევას ისახავს მიზნად. ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ შედგენილი ექვსკითხვიანი ინტერნეტანკეტის შევსება ინტერნეტის ყველა მომხმარებელს შეუძლია. კვლევა ანონიმურია და ამ დროისათვის მასში მონაწილეთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. გამოკითხულთა 69% თავს ჰეტეროსექსუალად მიიჩნევს, 15% - ბისექსუალად, 9% ამბობს, რომ ლესბოსელი ან გეია, 4% ამბობს, რომ სხვა ორიენტაციისაა, 3% კი საკუთარი სექსუალური იდენტობის დასახელებას ერიდება. ამ კვლევის სანდოობას სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურებები.

ორგანიზაცია „იდენტობამ“ ინტერნეტის და, კერძოდ, ფეისბუკის მომხმარებელთა გამოკითხვა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო და სექსუალობის შესახებ ექვსკითხვიანი ანკეტაც გაავრცელა. „იდენტობის“ წარმომადგენლის და კვლევის ორგანიზატორის ირაკლი ვაჭარაძის თქმით, ალფრედ კინზის ცნობილმა კვლევამ სექსუალობის შესახებ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში მოახდინა გადატრიალება. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, დღეს კი ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ შესაძლებელი გახადა რამდენიმე წუთში გააკეთო მსგავსი კითხვარი და ათასობით ადამიანი გამოკითხო, - გვეუბნება ვაჭარაძე. ახალი კვლევა სექსუალობის შესახებ ინტერნეტსივრცეში უკვე დაწყებულია ინგლისსა და ამერიკაში და მალე სხვა ქვეყნებსაც მოიცავს. ამ ტალღას საქართველოც შეუერთდა. ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს კვლევა ასახავს მხოლოდ ინტერნეტის ქართველ მომხმარებელთა აზრს და შედეგების წარდგენის დროსაც ის არ განზოგადდება საქართველოს მოსახლეობაზე. რაც შეეხება კითხვარს:

ირაკლი ვაჭარაძე
ირაკლი ვაჭარაძე

“ჩვენ ვეკითხებით, რად მიიჩნევენ თავს საქართველოს მოქალაქეები - ჰეტეროსექსუალ ქალად, კაცად, ტრანსგენდერ ქალად, კაცად თუ ლესბოსელ ქალად ან გეი კაცად. გენდერული იდენტობის ეს ექვსი ძირითადი კატეგორია გვაინტერესებს და, ასევე, კიდევ უფრო გვაინტერესებს პრაქტიკა. იმის მიუხედავად, თუ რა გენდერული იდენტობა გვაქვს, ჩვენ შეიძლება განსხვავებული პრაქტიკა გვქონდეს, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად მიიჩნევენ, ხშირად ასევე აქვთ ხოლმე ჰომოსექსუალური კავშირიც. დღევანდელი მონაცემებით, გამოკითხულთა 15% ამბობს, რომ ბისექსუალია, ხოლო 9% ამბობს, რომ ლესბოსელი ან გეია. ანუ, ფაქტობრივად, რეალობა დღეს შეცვლილია და აღარ არის როგორც ადრე, რომ ყველა მკაცრად განსაზღვრულად აცხადებდეს, რომ ჰეტეროსექსუალი იყო ან გეი“.

ამ ეტაპზე გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ სექსუალობა ერთგვარი სკალაა - კიბე, სადაც შესაძლოა იყო შუაში, ერთ თავში ან მეორეში. 26% კი მიიჩნევს, რომ „შუა“ არ არსებობს - რომ ან ჰეტეროსექსუალი ხარ, ან ჰომოსექსუალი. კვლევაში მონაწილე იმ ადამიანების 69%, რომლებიც ინტერნეტს, კერძოდ, ფეისბუკს მოიხმარენ, ამბობს, რომ ჰეტეროსექსუალია. 15% თავის თავს ბისექსუალად აღიქვამს, 9% ამბობს, რომ არის ლესბოსელი ან გეი, 4% აცხადებს, რომ სხვა ორიენტაცია აქვს, 3% კი თავის ორიენტაციას არ ასახელებს. ეს რაც შეეხება იდენტობას. რაც შეეხება პრაქტიკას:

„მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ცხოვრებით უცხოვრია გამოკითხულთა 61%-ს, უფრო ჰეტეროსექსუალი, მაგრამ ათასში ერთხელ ჰომოსექსუალური კავშირიც ჰქონია გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის 8%-ს, 7% ამბობს, რომ ასექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს. ექსკლუზიურად ჰომოსექსუალური იდენტობა აქვს 7%-ს, ჰომო, მაგრამ ცოტათი ბი არის 5%. ექსკლუზიურად ბისექსუალი არის 5%. და კიდევ დავსვით ასეთი შეკითხვა: თქვენივე სქესის წარმომადგენელთან სექსი ერთხელ მაინც თუ გქონიათ, და გამოკითხულთა 70%-მა თქვა, რომ კი, ჰქონია“.

ირაკლი ვაჭარაძისავე განცხადებით, მიმდინარე კვლევას რეკლამა უკეთდება სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ვებსაიტებზე, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მასში მონაწილეობა. კითხვარის შევსება ქართულად წერა-კითხვის მცოდნე ყველა ადამიანს შეუძლია. ამ ეტაპზე მასში მონაწილეთა 88% კითხვარს საქართველოდან ავსებს, დანარჩენი პროცენტი კი იმ ქართველებზე მოდის, რომლებიც უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ.

თუ აღმოჩნდება, რომ რეალობა შეცვლილია და ადამიანები აღარ არიან გაჭედილი ერთ რომელიმე სქესში, ისეთი უფლებები, როგორიცაა შვილად აყვანის უფლება, ქორწინების თუ სამოქალაქო პარტნიორობის უფლება აღარ იქნება მხოლოდ ჰეტეროსექსუალთა პრივილეგია...
ირაკლი ვაჭარაძე

კვლევა საქართველოში 19 აგვისტოს დაიწყო და მასში ამ დროისათვის 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად ორგანიზაცია „იდენტობამ“ თავად „იდენტობის“ ვებსაიტისა და ინტერნეტგამოცემა „17 მაისის“ მკითხველები გამოკითხა, შემდეგ, განსხვავებული ღირებულებების და შეხედულებების მქონე ადამიანთა მოსაზიდად, კვლევის შესახებ რეკლამა ოთხ ყველაზე მრავალრიცხოვან ფეისბუკჯგუფის მომხმარებელს შესთავაზეს, ბოლოს კი - განურჩევლად ყველას. ირაკლი ვაჭარაძის განცხადებით, დაგეგმილია რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოკითხვა, რომ კვლევის სანდოობაში ეჭვი არავინ შეიტანოს. შესაბამისად, პროცესი რამდენიმე ტალღად გაგრძელდება, გამოკითხვის პირველი ეტაპი კი ახალ წლამდე დასრულდება.

კვლევის მონაწილეთა ასაკს რაც შეეხება, ამ დროისათვის ჭარბობენ 21-25 წლის ასაკის ადამიანები. მონაწილეთა 58 პროცენტი არის ქალი, ტრანსგენდერი - 5%, კაცი კი - 38%.

რისთვის არის საჭირო სექსუალობის კვლევა? ირაკლი ვაჭარაძისგან ამ შეკითხვის პასუხი ასეთია:

„ქვეყანაში სოციალური თუ ეკონომიკური პოლიტიკა იმის მიხედვით ტარდება, თუ ვინ რა ჯგუფს წარმოადგენს. ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ ჩვენ უმრავლესობა ვართ და ეს გვეკუთვნის და ა.შ. ძალიან ხშირად სწორედ უმრავლესობის ნებართვით წყდება, ვის მისცენ, მაგალითად, ქორწინების ნებართვა. თუ აღმოჩნდება, რომ რეალობა შეცვლილია და ადამიანები აღარ არიან გაჭედილი ერთ რომელიმე სქესში, ისეთი უფლებები, როგორიცაა შვილად აყვანის უფლება, ქორწინების თუ სამოქალაქო პარტნიორობის უფლება აღარ იქნება მხოლოდ ჰეტეროსექსუალთა პრივილეგია“, - მიიჩნევს ირაკლი ვაჭარაძე.

სექსუალობის კვლევის მეთოდი და სანდოობა სოციალურ ქსელში თავიდანვე გააკრიტიკეს. არაერთი კითხვა დაისვა იმის თაობაზე, იქნება თუ არა ეს რეპრეზენტატული კვლევა, რამდენად სწორია ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის ამდენი და ამდენი პროცენტი მიიჩნევს თავს ჰეტეროსექსუალად და ა.შ., ან რამდენად შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ ეს გამოკვლევა. რადიო თავისუფლებამ დაგროვილი კრიტიკული შეკითხვებით სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს მიმართა. მან გვითხრა, რომ თავისთავად ასეთ კვლევას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ სოციალურ ქსელებში ჩატარებულმა კვლევამაც გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს და არ უნდა იყოს ამ კითხვარის გამავრცელებელთა მეგობრების გამოკითხვა:

იაგო კაჭკაჭიშვილი
იაგო კაჭკაჭიშვილი

„ასეთი კვლევის ჩატარება, ცხადია, ლეგიტიმური ამოცანაა, მაგრამ ხშირად აქ ვაწყდებით ერთ მნიშვნელოვან შეცდომას, რომელიც მოსდით: ხშირად ჰგონიათ, რომ თუ კვლევას ჩაატარებს ფეისბუკის მასშტაბით და გამოკითხავს თუნდაც ათი ათას ადამიანს, ამით საქართველოს მოსახლეობის აზრს გაიგებს. იგივე ეხება, სხვათა შორის, ტელე ტოკშოუებს, რომლებსაც აქვთ ინტერაქტიული გამოკითხვა და მასშიც ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. აქაც ხშირად აქვთ პრეტენზია თქვან, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის აზრია. ინტერნეტის სოციალური ქსელებითა და მედიით ჩატარებული კვლევების რეპრეზენტატულობა ამიტომ არის სპეციფიკური და, გარკვეულწილად, შეზღუდულიც. კერძოდ: ამ კვლევის შედეგების განზოგადება შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებელთა და თან აქტიურ მომხმარებელთა მასშტაბით, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ლეგიტიმური შესაძლებლობა ასეთი კვლევის შედეგები გამოვაცხადოთ საქართველოს თუ თბილისის მოსახლეობის თვალსაზრისად“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის და საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტის ექიმ სექსოლოგ ზურაბ მარშანიას აზრით, იმის ალბათობა, რომ ასეთ ინტერნეტგამოკითხვაში კითხვებს რელევანტური პასუხები გაეცემა, ძალიან დაბალია. სექსოლოგი მოელის, რომ, ანონიმურობის მიუხედავად, ლგბტ თემის წევრების მხრიდან აღიარების შანსი ძალიან მცირე იქნება. და თუ ეს ასე მოხდა, მიღებულმა ციფრებმა, შესაძლოა, სულაც არ ასახოს ზუსტი სურათი. თუმცა ზურაბ მარშანიას ეჭვები უფრო კვლევის მეთოდოლოგიას უკავშირდება: ამბობს, რომ სექსუალობის კვლევას განსაკუთრებული სიფრთხილით ჩატარება სჭირდება და რადგან კვლევა მხოლოდ ინტერნეტსივრცეში მიმდინარეობს, მას, ცხადია, ვერ განვავრცობთ საქართველოს მოსახლეობაზე:

„ვფიქრობ, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან აკადემიური, სამეცნიერო კვლევები და ის კვლევები, რომლებთანაც მეთოდოლოგიური თვალსაზრით ბევრი კითხვაა დასასმელი. როდესაც ასეთ კვლევას პროფესიონალი ატარებს, მაშინ ეს ყოველთვის საშური და მნიშვნელოვანი საქმეა. მათ გარეშე ჩნდება სწორედ კითხვებიც, სკეპტიკური აზრიც და, ძალაუნებურად, ამას შესაძლოა მოჰყვეს პრობლემის დისკრედიტაციაც და საზოგადოებაში გაჩნდეს კითხვა, საჭიროა თუ არა ასეთი კვლევის ჩატარება, საერთოდ“.

კვლევის ორგანიზატორების განცხადებით, პირველი ეტაპის შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი. თუ დეკემბრისათვის მონაწილეთა რიცხვი რამდენიმე ათასს მიაღწევს, მაშინ კვლევის ავტორებს შეეძლებათ თქვან, რომ ეს მონაცემები ასახავს ინტერნეტის ქართველი მომხმარებლის აზრს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG