Accessibility links

logo-print

უნებართვოდ შესახლებული დევნილები ზუგდიდის პოლიციამ დაკითხა


ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში შესახლებული დევნილები

ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში შესახლებული დევნილები

ზუგდიდის ყოფილი ჩაის ფილიალის შენობაში თვითნებურად შესახლებული დევნილები პოლიციის ზუგდიდის სამმართველოში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. დევნილების თქმით, გამომძიებელს კითხვები, ძირითადად, შენობებში შეჭრასთან დაკავშირებით ჰქონდა.

„საიდან გაიგეთო, ვინ შეგატყობინათო და ა.შ. ვუთხარი, აქვე, ახლოს, ქირით ვცხოვრობ და ხალხი რომ შევიდა, მეც შევედი-მეთქი. ყველა დაბარებულია, ვინც შენობაშია შეჭრილი".

„მე მათ მოვახსენე, რომ ჩვენ ყველანი ვართ მეზობლები და მეგობრები, რომლებმაც გადავწყვიტეთ ჩაის ფილიალში შესახლება. 20 წელია დევნილები ვართ და არც ერთს არ გვაქვს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში", – ამბობენ მოწმის სახით დაკითხულები.

რადიო თავისუფლების კითხვას, თუ რამ გამოიწვია მათი მხრიდან ძველი საცხოვრებელი ფართების მიტოვება და შენობებში უნებართვოდ სწორედ ახლა შესახლება, დევნილებმა ასე უპასუხეს:

„ამდენ ხანს იმისთვის ვითმენდით, რომ გვეგონა რაღაცას მოგვცემდნენ, მაგრამ ახლა უკვე შეუძლებელი გახდა იქ ცხოვრება. სანამ აგვიშენებენ რამეს, მოვითხოვ, რომ დაგვტოვონ იქ, სადაც ახლა ვარ“, – ამბობს თინათინ გრიგოლია, რომელიც ახლა ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობს.

„ყველაფერი ახლა რომ აგორდა, ყველა ფიქრობს, რომ ვიღაც დგას ჩვენს უკან. მე შემიძლია ჩემი უბრალო სიტყვა გითხრათ, რომ ჩვენი ამ ნაბიჯით ჩვენ დავანახვეთ, რომ ჩვენნაირი ადამიანები არსებობენ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ელზა ზოდელავამ.

ნონა უბილავა, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“, ამბობს, რომ რამდენიმე დევნილის მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ მას სხვა შენობებში ასევე უნებართვოდ შესულები დაუკავშირდნენ და იურიდიული დახმარება ითხოვეს. სწორედ ამიტომ ნონა უბილავამ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იძულებით გადაადგილებულ პირებს არასამთავრობო სექტორის იურისტებთან შეხვედრა მოუწყო. ნონა უბილავას თქმით, დევნილებმა არასამთავრობო სექტორთან ერთად რამდენჯერმე სთხოვეს ახალ მინისტრს ზუგდიდში ჩამოსვლა, მაგრამ მან ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

„თუ დარახველიძე არ ჩამოვიდა ზუგდიდში, თუ განხორციელდა დევნილთა გამოსახლებები ძალისმიერი მეთოდებით, თუ დაირღვა დევნილთა უფლებები, თუ გაგრძელდა პოლიციაში დევნილთა დაბარება და ერთი და იგივე კითხვების დასმა – რატომ შეიჭერით, ვინ გითხრათ და ა.შ., მაშინ, აი, ამ ესკალაციაზე, აი, ამ ყველაფერზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობა დაეკისრება ბატონ მინისტრს“, – განუცხადა რადიო თავისუფლებას ნონა უბილავამ.

„სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ შეხვედრაზე დევნილებს განუცხადა, რომ მოცემულ შემთხვევაში დევნილთა და შენობების მესაკუთრეთა უფლებები ერთმანეთს შეეჯახა.

იურისტის თქმით, მესაკუთრე ვალდებულია მიმართოს სამინისტროს და გაიგოს, არის თუ არა შენობაში კოლექტიური ჩასახლება. თუკი სამინისტრო მას უარს ეტყვის, მესაკუთრეს აქვს უფლება შენობის დაცლა მოითხოვოს, თუმცა, რუსუდან პაჭკორიას თქმით, დევნილს აქვს სამართლიანი მოთხოვნა, რომ სამინისტრომ ისინი ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილოს. იურისტი აქვე განმარტავს, რომ, თავის მხრივ, სამინისტროც გამოუვალ მდგომარეობაშია, რადგან ამ ეტაპზე არ აქვს ბაზა, რომ დევნილები ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილოს.

დევნილები და არასამთავრობოები დავით დარახველიძის ზუგდიდში ჩამოსვლას ითხოვენ, რათა ის ადგილზე გაეცნოს არსებულ პრობლემებს და თავად შესთავაზოს მათ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში აფხაზეთიდან დევნილებმა იმ მიზეზით, რომ საცხოვრებელი ფართი არა აქვთ, ზუგდიდში ამ დროისთვის უფუნქციოდ დარჩენილი რამდენიმე შენობა დაიკავეს. 14 ოქტომბერს ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში რამდენიმე დევნილი ოჯახი შესახლდა, მოგვიანებით მათ სხვებმაც მიბაძეს და ახლა კორპუსში სულ 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე დღეში, 23 ოქტომბერს, დევნილების ნაწილმა ასევე უნებართვოდ დაიკავა ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯის ოთახები. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 12 ოჯახი შესახლდა ზუგდიდის ყოფილი ჩაის ფილიალის შენობაში. 25 ოქტომბრის ღამეს დევნილების მცდელობა დაეკავებინათ ზუგდიდის მოზარდთა პოლიკლინიკის შენობის ოთახები, უშედეგოდ დასრულდა. მათ ამის საშუალება საპატრულო პოლიციამ და კლინიკის მფლობელი კომპანიის, „ჩემი ოჯახის კლინიკის“, შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს.
XS
SM
MD
LG