Accessibility links

საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა პირველი შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ პირებთან გამართა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით შედგა. თვითონ ვახტანგაშვილი 90-იანი წლების კონფლიქტის დროს ცხინვალიდან დევნილად იქცა და 20 წელზე მეტია გორში ცხოვრობს. მისთვის დევნილების პრობლემები ახალი არ არის, მაგრამ შეხვედრამ, სადაც პრობლემებზე საუბარი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავისუფლად შეძლეს, მოლოდინს გადააჭარბა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს პირველი შეკითხვის დასმა კი გაუჭირდათ, მაგრამ ამის შემდეგ მათ თავისუფლად ამოთქვეს წლობით დაგროვილი სათქმელი - ხმამაღლა განაცხადეს, რომ ჩასახლებათა მამასახლისები და კოორდინატორები პრობლემებზე საუბარს უშლიდნენ, განსხვავებული მოსაზრებების გამო კი დევნიდნენ. საუბარი შეეხო კომპენსაციებისა და საცხოვრებელი ფართების არასამართლიან განაწილებას, გაზრდილ გადასახადებს და მცირე სოციალურ შემწეობებს, უკვე მესამედ გარემონტებულ, მაგრამ მაინც უხარისხო კოტეჯებს, მოახლოებულ ზამთარს და დაგროვილ დავალიანებებს. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მარინა მაისურაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში ყველაზე დიდი პრობლემა დევნილებისათვის მაინც უსამართლობა და უკანონობა იყო.

გია ცოტნიაშვილი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, დიდი ხანია პრობლემების შესახებ ხმას ვერ იღებდა, ყოფილი ხელისუფლება კი ისე წარმოაჩენდა, თითქოს დევნილებს აღარაფერი აწუხებთ. დეპუტატის საქმიანობის ასეთი დასაწყისი მას იმედს აძლევს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრება.

შეხვედრის ბოლოს მალხაზ ვახტანგაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება ყველა კანონდარღვევასა და უსამართლობაზე რეაგირებას მოახდენს, პირველი რიგის პრობლემების მოგვარებას კი ახლო მომავალში დაიწყებს.

შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ დეპუტატი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს თვითონვე ეწვევა, ადგილზე გაეცნობა კონკრეტულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებზე იმუშავებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG