Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია ვეღარ გამოასახლებს თქვენს ბინაში დამკვიდრებულ პირებს


საქართველოს ბიზნესასოციაცია და საქართველოს ბანკების ასოციაცია აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ იმ საკანონმდებლოცვლილებების შესაჩერებლად, რომელთა მიხედვითაც, კრედიტორები მსესხებლებს საპოლიციო ძალით ვეღარ გამოასახლებენ და მიზნის მისაღწევად აუცილებლად უნდა მიმართონ სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, ბევრის აზრით, ცუდ შედეგებს მოუტანს კერძო მესაკუთრეებს, საბანკო სფეროსა თუ უძრავი ქონების ბაზარს, ხოლო, მომხრეთა აზრით, დაკანონებული ცვლილებები მსესხებელთა სოციალური დაცვის გარანტიებს ქმნის, კრედიტორებს კი მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ესა თუ ის ხელშეკრულება მსესხებელსა და კრედიტორს შორის შეიძლება იყოს იურიდიულად გაუმართავი და შეიძლება ზღუდავდეს მსესხებლის უფლებებს. ამის გარჩევა კი შეუძლია მხოლოდ სასამართლოს... “ – ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი ლია ელიავა და დაკანონებული ცვლილებების სოციალურ გარანტიებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ხშირად გამოსახლება და ქუჩაში გაგდება მთელ ოჯახს შეეხება. თუკი ოჯახში არიან მცირეწლოვანი ბავშვები, სასამართლო არ დაუშვებს მათ ქუჩაში გაყრასა და ღია ცის ქვეშ დატოვებას... ხოლო კრედიტორსა და აღმასრულებელს შეუძლია ამის გაკეთება. ამიტომ ეს, პირველ რიგში, არის მიმართული მოსახლეობის სოციალური დაცვის გაძლიერებისკენ“.

თუკი თქვენ გაქირავებული გქონდათ ბინა, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ხოლო მოიჯარე უარს ამბობს ბინიდან გამოსვლაზე და არც ფულს გიხდით ... თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს, სადაც საქმის განხილვის პროცესი შესაძლოა 18 თვემდეც კი გაიჭიანურდეს...
ირაკლი ასლანიშვილი

ლია ელიავა ასევე თვლის, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობა მხოლოდ მსესხებელს (იპოთეკარს) არ უნდა მოეკითხოს და პასუხისმგებლობა კრედიტორმაც უნდა გაიზიაროს სარისკო, მაგრამ სარფიანი კრედიტის გაცემისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ის ეკონომიკის დარგის ექსპერტთა იმ ძალიან მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც პრაქტიკულად ვერც ერთ მინუსს ვერ ხედავს პარლამენტის მიერ დაკანონებულ და პრეზიდენტის მიერ (29 დეკემბერს) ხელმოწერილ ცვლილებებში. ლია ელიავა იმაშიც დარწმუნებულია, რომ არ დაზარალდება და სასამართლოში სამართალს იპოვის ბინის ის მესაკუთრეც, რომლის უძრავი ქონებიდან ნებით გამოსვლაზეც შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ჯიუტი უარი თქვას მოიჯარემ. თუმცა დარგის სხვა ექსპერტები თვლიან, რომ ასე იოლად არ არის საქმე.

„თუკი თქვენ გაქირავებული გქონდათ ბინა, ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ხოლო მოიჯარე უარს ამბობს ბინიდან გამოსვლაზე და არც ფულს გიხდით ... თქვენ უნდა მიმართოთ სასამართლოს, სადაც საქმის განხილვის პროცესი შესაძლოა 18 თვემდეც კი გაიჭიანურდეს... ადრე თუ გვიან, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მოიჯარის გამოსახლების თაობაზე, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, ცხადია, თქვენ ზარალდებით, რადგანაც კარგავთ მნიშვნელოვან შემოსავალს, რისი მიღებაც თვეების მანძილზე თქვენი საკუთარი ბინის გაქირავების შედეგად შეგეძლოთ“, – პატიოსანი მესაკუთრეებისთვის მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს ასეთი კონკრეტული სიტუაციის აღწერით განგვიმარტავს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი, რომლის ორგანიზაციაც, ბანკების ასოციაციასთან ერთად, ამზადებს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად:

„ეს (ახალი საკანონმდებლო ცვლილებები) არის ადამიანის საკუთრების უფლების შეზღუდვა. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ჩართულია ამა თუ იმ ფორმით უძრავი ქონების ბიზნესში, ეზღუდება უფლება რეალურად გამოიყენოს თავისი საკუთრება და მიიღოს შემოსავალი – ან იპოთეკით დატვირთოს, ან გაყიდოს, ან დააგირავოს, ან გააქირავოს. ამ კანონით ჩვენ პრაქტიკულად მივიღეთ მილიონობით ადამიანის საკუთრების უფლების გაუარესება და ამ კანონმა, თავისი ძალაში შესვლით, სერიოზული ზიანი მიაყენა სფეროს, რომელიც დღემდე საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებდა – მხედველობაში მაქვს უძრავი ქონების ბაზარი“.

ბანკის მომსახურების ღირებულება შეიცავს გარკვეულ რისკებს, ანუ ბანკი ახდენს ამა თუ იმ კონკრეტული ოპერაციის რისკის იდენტიფიცირებას და საბანკო პროდუქტი შეიცავს სწორედ ამ რისკის ფასსაც...
ლევან კალანდაძე

მართალია, საკანონმდებლო ცვლილებების არსი კეთილშობილური მიზნებით ნაკარნახევად მიაჩნია, მაგრამ მათ დაკანონებას მაინც არასახარბიელო სიახლედ მიიჩნევს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მოსალოდნელია ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რამაც შესაძლოა სასამართლო დავების განხილვის პროცესის გაჭიანურება გამოიწვიოს და ის, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, განხილვა ერთ თვეში უნდა ჩაეტიოს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შესრულდება. შესაბამისად, ლევან კალანდაძის აზრით, მოსალოდნელია პრობლემათა მთელი ჯაჭვის წარმოშობა არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც. საბანკო სფეროს პრობლემები, თავის მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზეც იმოქმედებს:

„ბანკის მომსახურების ღირებულება შეიცავს გარკვეულ რისკებს, ანუ ბანკი ახდენს ამა თუ იმ კონკრეტული ოპერაციის რისკის იდენტიფიცირებას და საბანკო პროდუქტი შეიცავს სწორედ ამ რისკის ფასსაც. თუ რისკები გაიზრდება ბაზარზე უძრავი ქონების ოპერაციებთან, გირაოში ამა თუ იმ ქონების აღებასთან დაკავშირებით, - და, სავარაუდოდ, გაიზრდება,– აქედან გამომდინარე, საბანკო მომსახურების ფასში შესაძლოა გაიზარდოს რისკის კომპონენტი. აქედან გამომდინარე, მთელ საფინანსო სფეროს ექნება ნაკლები ხალისი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან მიმართებით“.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლევან კალანდაძე მოელის, რომ, საბოლოო ჯამში, ბანკები თავს აარიდებენ გართულებებს და, მათ შორის, სასამართლო პროცედურების გართულებებს, რაც, რისკთან ერთად, მაღალი ფასის მატარებელია. „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი ტიპის ოპერაციებზე საბანკო მომსახურების ფასი გაიზარდოს და, ამავე დროს, გარკვეული შეზღუდვები და ბარიერები დაუწესდეს ბიზნესს ასეთი ოპერაციების მარტივად განხორციელების კუთხით“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან კალანდაძემ.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები საბანკო სფეროსა და უძრავი ქონების ბაზარს რომ დააზარალებს, ამაში ეჭვი არ ეპარება ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ზურაბ გვასალიას. თუმცა, მისი აზრით, ეს არც მსესხებლებს წაადგებათ, რადგანაც, ადრე თუ გვიან, სასამართლო აუცილებლად მიიღებს სხვისი უძრავი ქონებიდან მათი გამოსახლების გადაწყვეტილებას და, საურავებისა და ჯარიმების გარდა, მსესხებლებს ტვირთად დააწვებათ სასამართლოს ხარჯიც.

ეკონომიკის დარგის ექსპერტების გარდა, ახლახან დაკანონებულ ცვლილებებს იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ ბიზნესომბუდსმენი, სახალხო დამცველი თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. მოწინააღმდეგეები იმედოვნებდნენ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ვეტოს დაადებდა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებს, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG