Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძულებითი დასხივება ნარკოტიკის საძებნელად


მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერთა აქცია თბილისში, 2013 წელი
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერთა აქცია თბილისში, 2013 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექვსი ახალგაზრდა ქალი დააკავეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომ მათ საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ ნარკოტიკული ნივთიერებები. მოგვიანებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. ერთი მათგანი წევრია აქტივისტების ჯგუფისა „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, რომელიც საქართველოში ნარკოპოლიტიკის თემაზე მუშაობს. აქტივისტები ამბობენ, რომ ბოლო დროს პოლიციის მხრიდან მსგავსი სამართლებრივი დევნა გახშირდა და აპირებენ აქციები გამართონ.

გადმოწერა

ექვსივე დაკავებული, რომლებიც პოლიციელებმა 14 ნოემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საავადმყოფოში ტომოგრაფიის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თავისუფალია. ძალოვანების ეჭვი არ გამართლდა - მათ ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდათ. ერთ-ერთი მათგანი, ქეთა გაბუნია, მისი და მისი მეგობრების დაჭერას თავის საქმიანობას უკავშირებს. ის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტია და, ასევე, მეპატრონე ღამის კლუბისა, „მტკვარზე“:

„ისინი ფიქრობდნენ, რომ ჰქონდათ რაღაცის აღმოჩენის შანსი. ეს, ერთი მხრივ, იქნებოდა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დისკრედიტაცია. ამ მოძრაობამ არჩევნების წინ დიდი როლი ითამაშა დემურ სტურუას ამბის გახმაურებაში, მათ კი ძალიან არ უნდოდათ პოლიციის მუნდირი შელახულიყო, უნდოდათ გავჩუმებულიყავით, და როგორც კი არჩევნებმა ჩაიარა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთი წევრი გავიდა ქვეყნის გარეთ, დაბრუნებულს დამხვდნენ“.

როდესაც დაკავებულებს ჩხრეკისას ნარკოტიკები ვერ აღმოუჩინეს, პოლიციელებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს ტომოგრაფიის ჩასატარებლად. როგორც ქეთა გაბუნია ამბობს, მან თავიდან უარი თქვა პროცედურის ჩატარებაზე, მაგრამ სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ მისი გადაყვანის უფლება მათ უარის შემთხვევაშიც ჰქონდათ და ამიტომ ტომოგრაფიის ჩატარებაზე დათანხმდა.

ტომოგრაფია არის ადამიანის სხეულის გამოკვლევა რენტგენის სხივებით, რაც, როგორც ექიმ-რადიოლოგი თემურ მაჭარაშვილი განმარტავს, ერთი მხრივ, საკმაოდ ძვირი, მეორე მხრივ კი, არცთუ უსაფრთხო პროცედურაა, რის გამოც ექიმები მას მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში იყენებენ, ისიც მხოლოდ პაციენტის თანხმობით:

„ეს არის რენტგენის სხივი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს შვილოსნობაზე, გენეტიკაზე - ამის ძალიან დიდი შანსია“.

ნარკოპოლიტიკის თემაზე აქტიურად მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“. ორგანიზაციის იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ არ შეიძლება პოლიცია ენდოს მხოლოდ ოპერატიულ ინფორმაციას, მით უმეტეს, როდესაც არ არსებობს მკაფიო საკანონმდებლო მექანიზმები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდება და დაკავებულებს პასუხისმგებლობა მოეხსნებათ:

„ერთი მხრივ შეიძლება სასამართლომ ამ ადამიანების დაუსწრებლად იმსჯელოს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაზე, მეორე მხრივ კი, თვითონ ამ ადამიანებს სასამართლოს ამ აქტის კანონიერების გასაჩივრება ძალიან რთულ პირობებში უწევთ, რადგან ეს ყველაფერი ემყარება ოპერატიულ ინფორმაციას“.

ქეთა გაბუნია აპირებს, იურისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გაასაჩივროს თავისი და თავისი მეგობრების დაკავება და მოითხოვოს, რომ კანონმა აკრძალოს იძულებითი კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ პრაქტიკის გასაპროტესტებლად „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ დეკემბრიდან აქციების გამართვასაც გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG