Accessibility links

logo-print

მესამე დღეა, ერაყში გრძელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ქალაქ მოსულის ასაღებად. ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ამ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. ექსტრემისტთა წინააღმდეგ ერაყის ჯარებთან ერთად იბრძვიან ქურთი მეომრები, სუნიტებისა და შიიტების გასამხედროებული ჯგუფების წევრები. ოპერაციაში ჩართულია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ავიაციაც.

მოსულის ასაღებ იერიშში მონაწილე ქურთი მებრძოლები აცხადებენ, რომ სწრაფად მიიწევენ წინ ერაყის ჯარებთან ერთად და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის სამხედრო თვითმფრინავების მხარდაჭერით. საარტილერიო ცეცხლისა და დაბომბვის შემდეგ, ქურთმა მებრძოლებმა 17 ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ დაიპყრეს, დაახლოებით, 200 კვადრატული კილომეტრი და უკან დაახევინეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.

ბრძოლა მოსულისათვის ყველაზე უფრო მასშტაბური ოპერაციაა ერაყში, 2011 წელს ამ ქვეყნიდან შეერთებული შტატების ჯარების გასვლის შემდეგ. სამხედრო ოპერაციის დაგეგმვას თვეები დასჭირდა და ახლა ერაყელი და ამერიკელი ოფიციალური პირები იმედს გამოთქვამენ, რომ გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებენ ისლამისტ ექსტრემისტებს, რომლებმაც, ბევრისათვის სრულიად მოულოდნელად, სირიისა და ერაყის ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიპყრეს ამ ორი წლის წინ.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ აბადიმ 16 ოქტომბერს, საგანგებო სატელევიზიო მიმართვით ამცნო მოსახლეობას მოსულზე იერიშის დაწყების შესახებ: „მოახლოვდა გამარჯვების ჟამი და დაიწყო ოპერაციები მოსულის გასათავისუფლებლად! დღეს ვაცხადებ, რომ იწყება ეს გმირული ოპერაციები „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისა და ჩაგვრისაგან თქვენს გასათავისუფლებლად. ღვთის ნებით, მალე შევიკრიბებით მოსულის მიწაზე გათავისუფლებისა და თქვენი ხსნის აღსანიშნავად! ჩვენ კვლავაც ერთად ვიცხოვრებთ, ჩვენი ყველა რელიგიის წარმომადგენლები“.

ამავე სატელევიზიო მიმართვის დროს, ერაყის პრემიერმა პირობა დადო, რომ მხოლოდ მთავრობის ჯარები შევლენ მოსულში. ეს დაპირება მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან მოსულის ასაღებ ოპერაციაში შიიტების შეიარაღებული ფორმირებების წევრებიც მონაწილეობენ - მებრძოლები, რომლებსაც სუნიტ სამოქალაქო პირებთან სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. მოსული კი, უმეტესწილად, სუნიტებით არის დასახლებული.

„ჯარი, რომელიც გათავისუფლების ოპერაციას უძღვება, ჩვენი, ერაყის მამაცი არმიისა და პოლიციის ძალებისაგან შედგება. ისინი და სხვა არავინ შევა მოსულში, ქალაქის გასათავისუფლებლად! ისინი თქვენიანები არიან და თქვენთვის არიან. მათ არაფერი სურთ, თქვენთვის სიკეთისა და თქვენი დაცვის გარდა“- განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა 16 ოქტომბრის სატელევიზიო მიმართვაში.

მოსულის აღება ერაყის მთავრობის მთავარ სამხედრო ამოცანად ითვლება და, ამავე დროს, უაღრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანად იმის საჩვენებლად, რომ მთავრობას შესწევს უნარი, საერთო მიზნის გარშემო გააერთიანოს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაპირისპირებული ჯგუფები. ცნობების თანახმად, ოპერაციაში 30 ათასამდე მებრძოლი მონაწილეობს, მათ შორის, 4 ათასამდე ქურთი, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს მოსულის აღმოსავლეთით მდებარე სოფლებზე. ქურთების მეთაურების ცნობით, იერიშის დროს მათ ჰაერიდან ძლიერი მხარდაჭერა მიიღეს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციისგან. ამ კოალიციური ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი სტივენ ტაუნსენდი ვარაუდობს, რომ ოპერაცია რამდენიმე კვირა გაგრძელდება, შესაძლოა უფრო მეტი ხანიც.

გაერო, მისივე განცხადებით, „უკიდურესად შეშფოთებულია“ მოსულში და მის გარშემო მყოფი 1,5 მილიონამდე ადამიანის ბედით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG