Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ორგანიზაციამ „ILGA-ევროპა“ (ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა გაერთიანება) გამოაქვეყნა ყოველწლიური ინდექსი 49 ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2015 წლის განმავლობაში. საქართველო, ამ ინდექსის თანახმად, 49 ქვეყნიდან 30-ე ადგილზეა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ლგბტ აქტივისტების უფლებების ხელყოფა საქართველოში 2015 წელსაც მნიშვნელოვანი თემა იყო: ზოგ აქტივისტს მოკვლით ემუქრებოდნენ,არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებიც განხორციელდა, თუმცა, ზეწოლის მიუხედავად, ლგბტ თემმა შეძლო აღენიშნა ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღე და ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე. „ILGA - ევროპა ცისარტყელას" ინდექსში ლიდერობენ მალტა, ბელგია და ბრიტანეთი, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი კი აზერბაიჯანს აქვს.

თანასწორობა და დისკრიმინაციის არარსებობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა, სქესის ლეგალური აღიარება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და თავშესაფრის ძიების უფლება - ეს ის ექვსი ძირითადი საკითხია, რომლის მიხედვითაც „ILGA-ევროპა“ (ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა გაერთიანება)ყოველწლიურად ადგენს ინდექსს ქვეყნებში ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

უფლებადამცველების შეფასებით, 2015 წელს ევროპის ქვეყნებიდან აზერბაიჯანი იყო ის ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალთა უფლებები ყველაზე უხეშად ირღვეოდა. „ILGA-ევროპა ცისარტყელას“ ინდექსში, რომელიც 10 მაისს გამოქვეყნდა, შეფასებულია ევროპის 49 ქვეყანა იმ კანონების, პოლიტიკური ზომებისა და პრაქტიკული ნაბიჯების მიხედვით, რომლებიც ლგბტ თემს ეხება. ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ერგოთ სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს. საქართველოს ამ ინდექსის თანახმად, 30-ე ადგილი უჭირავს.

ინდექსის შემუშავებისას „ILGA - ევროპის“ წევრ ორგანიზაციებს სპეციალური მრავალპუნქტიანი კითხვარი ეგზავნებათ, რომელზე პასუხებიც ამ ინდექსის შედეგებს განსაზღვრავს, თუმცა, როგორც „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი ეკა აღდგომელაშვილი შენიშნავს, მისი შევსებისას საკმაოდ შეზღუდულები არიან. მაგალითად, როდესაც კითხვა ისმის ასე - არის თუ არა ქვეყანაში კანონი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, პასუხი არის „კი“, რადგან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდეც, როგორც ეკა აღდგომელაშვილი განმარტავს, კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ და შრომის კოდექსიც მოიცავდა სექსუალურ ორიენტაციას, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძველს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ხორციელდება და რამდენად ეფექტიანია ეს კანონი:

„როდესაც გვეკითხებიან, რომ არის თუ არა ჩვენს ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ კანონი, ვპასუხობთ, რომ ცალკე კანონი არ არსებობს, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსში არის სპეციალური დამატება, რომელიც კანონში 2012 წელს შევიდა და დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს დაემატა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. ამას, ცხადია, ვწერთ, მაგრამ ვერსად აღვნიშნავ, რომ 2012 წლის შემდეგ ამ მუხლით არც ერთი საქმე არ აღძრულა. ასე, ცხადია, არ ხდება ევროპის ქვეყნებში, რადგან თუ კანონი იცვლება, ეს საზოგადოებრვ განწყობასაც ასახავს და პოლიტიკური ნების გამოხატულებაც არის და, ცხადია, კანონი იქ მუშაობს“.

ეკა აღდგომელაშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ ინდექსის თანახმად, ლგბტ თემის უფლებების კუთხით პროგრესი მხოლოდ საქართველოში არ შეინიშნება და ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ მხრივ წინსვლა არაერთ სხვა ქვეყანასაც ახასიათებს:

ეკა აღდგომელაშვილი

ეკა აღდგომელაშვილი

„უბრალოდ, გაუმჯობესებისაკენ მიმართულ პროცესებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ხასიათი აქვს - ზოგან პროგრესი სწრაფად მიდის, ზოგან ნაკლებად. მაგალითად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს პროგრესი ნელა და ძნელად მიიღწევა“.

„ILGA - ევროპის“ მიერ შემუშავებული ინდექსის ტექსტურ ნაწილში საქართველოს შესახებ ქვეთავში ვკითხულობთ ორგანიზაცია „იდენტობის“ მიმართ მუქარის შესახებ იმის გამო, რომ „იდენტობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გააკრიტიკა საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე და თქვა, რომ ის ქალთა მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარსისა იყო. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მუქარა მოდიოდა ნეონაცისტური ორგანიზაცია „ახალი თაობისგან“, რომელიც „იდენტობაზე“ შეტევით იმუქრებოდა, თუ ის არ შეწყვეტდა არსებობას. ანგარიშში ასევე საუბარია 2015 წლის ბოლოს უცნობი პირების მიერ „იდენტობის“ ოფისის შენობისათვის ცეცხლის წაკიდებაზე, რის გამოც არავინ დასჯილა.

წელს მიეცა ამ ორგანიზაციას საშუალება ეთქვა, რომ 2015 წელს ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაამტყუნა საქართველო იმის გამო, რომ ლგბტ ადამიანებისთვის ვერ უზრუნველყო საჯარო შეკრების თავისუფლება...

ვკითხულობთ ასევე, რომ, მიუხედავად სირთულეებისა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ორგანიზებით, თბილისში აღინიშნა ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე, რომლის დროსაც გაიხსენეს 2015 წლის განმავლობაში მოკლული 226 ტრანსგენდერი ადამიანი.

„ILGA - ევროპა ცისარტყელას" ინდექსში არც ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის, მკვლელობის ამბავია გამორჩენილი. ანგარიშში შევიდა საქართველოს პარლამენტის წევრების ჰომოფობიური გამონათქვამებიც.

დამოუკიდებელი ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძე განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია „ILGA-ევროპა“ ამ ინდექსის დადგენისა და ანგარიშის ნარატიული ნაწილის მომზადებისას სხვა, მათთვის მიწოდებულ, ინფორმაციასთან ერთად, საქართველოში არსებულ შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ითვალისწინებს ხოლმე. ამ ინფორმაციის ხარისხი და მოცულობა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური და ხილვადია ლგბტ მოძრაობა ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორ ცდილობს და ახერხებს საკუთარი უფლებების დაცვას და, თუნდაც, საჯაროდ შეკრებას:

„წელს მიეცა ამ ორგანიზაციას საშუალება ეთქვა, რომ 2015 წელს ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გაამტყუნა საქართველო იმის გამო, რომ ლგბტ ადამიანებისთვის ვერ უზრუნველყო საჯარო შეკრების თავისუფლება. რაც შეეხება წინსვლას, წინსვლა არის იმ კუთხით, რომ ლგბტ საკითხების ხილვადობა გაზრდილია, მეტია აქტივობაც, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მეტად ხილულია თემი, ამას შესაძლოა მეტი აგრესია მოჰყვეს“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს სამი საჯარო შეკრება გაიმართა საქართველოში და ეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებად ფასდება, თუმცა ნინო ბოლქვაძისათვის, როგორც ლგბტ აქტივისტისთვის, ეს მაინც ვერ აღიქმება საჯარო უფლების სრულყოფილ რეალიზაციად და აი, რატომ:

„ეს შეკრებები მაინც რაღაცნაირად ჩუმ ვითარებაში ჩატარდა, არ იყო წინასწარ დაანონსებული, შეკრების ადგილები არ იყო აქტივისტების მიერ შერჩეული - უფრო კომპრომისული გადაწყვეტილება იყო. საჯარო შეკრების უფლების სრული გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები თავად ირჩევენ სად და როდის სურთ გამოხატონ თავიანთი აზრი, პროტესტი და ჩაატარონ მშვიდობიანი შეკრება“.

ნინო ბოლქვაძის აზრით, ჯერ კიდევ არ შეფასებულა, თუ რამდენად პრობლემურია სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რა მასშტაბი აქვს მას, თუმცა ეჭვობს, რომ პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ამას თავად ლგბტ აქტივისტები ხედავენ და აფასებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ჰომოფობიურ გარემოში დანაშაულის მოტივის შესახებ შეტყობინების გამჟღავნებას ყველა ერიდება.

თავისთავად ინდექსი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რომელ ქვეყანას უფრო უახლოვდება საქართველო, ამბობს ნინო ბოლქვაძე, დაბალი ინდექსის მქონე რუსეთს თუ, პირიქით, პირველ ათეულში შემავალ ევროპულ ქვეყნებს. ნინო ბოლქვაძის შეფასებით, საქართველოსთვის მინიჭებული ინდექსი ჯერჯერობით უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში რეალურად არსებული ვითარება, თუმცა ის იმედს იტოვებს, რომ მომავალში ქვეყანა ამ მხრივ პოზიციას გაიუმჯობესებს და აზერბაიჯანის ნიშნულამდე არ ჩამოქვეითდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG