Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლი ჯავახიშვილის N7-ში - „სიყვარულის ოთახი“, „ივერიის“ სტამბა სახლის სარდაფში და სხვა ამბები


ილიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
ილიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის 7 ნომერში მდებარე შენობაზე მიკრული აბრა გვამცნობს, რომ აქ, ამ შენობაში 1889 წლიდან 1902 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. სწორედ ამ სახლში იყო განთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ეს სახლი მასპინძლობდა ილიას ცნობილ ხუთშაბათობებს. ამ სახლში დღემდეა დაცული ილიას სამუშაო მაგიდა, რომელზეც გაზეთ „ივერიის“ გადაშლილი ნომერი დევს. იმ ოთახში კი, სადაც ცნობილი სადილები იმართებოდა, დღემდე შემორჩენილია ილიასდროინდელი შპალერი. ილიას ლიტერატურულ-მემორიალურ სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.

ვინ იცის, რამდენჯერ ჩაგვივლია ჯავახიშვილის ქუჩაზე ისე, რომ ამ შენობისკენ არც კი გაგვიხედავს, არც აბრაზე ამოტვიფრული წარწერის შინაარსით დავინტერესებულვართ. თბილისში ბევრ სახლს აქვს ასეთი აბრა - აქა და აქ ამა და ამ დროს ცხოვრობდა ესა და ეს... ბევრი გამოჩენილი ადამიანის სახელი შემორჩა იმ სახლების კედლებს, სადაც ისინი ერთ დროს ცხოვრობდნენ. მაგრამ აქ გამორჩეულად სხვანაირი ამბავია მოსაყოლი - ეს სახლი, ჯავახიშვილის 7-ში, მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, ცხოვრებას არ იტევს - იქაურობა მთელი ეპოქის ამბავს მოგვითხრობს.

ნინი სანადირაძე
ნინი სანადირაძე

„მარტო ის რად კმარა, რომ სწორედ ამ სახლში იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ეს არის სახლი, სადაც ილიამ ძალიან ბევრ მაშინდელ საზოგადო მოღვაწეს, მნიშვნელოვან ადამიანებს უმასპინძლა. თავად ეს სახლი როგორც არქიტექტურული მნიშვნელობის ძეგლია გამორჩეული, ეს არის სახლი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი უძველესი ეზო, რომელიც დღემდე შემორჩენილია და ძალიან მინდა, რომ სწორედ იმ გადმოცემების მიხედვით აღდგეს, რა გადმოცემებიც არსებობს და ჩვენამდეა მოსული“, - გვეუბნება ნინი სანადირაძე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი. სწორედ ამ გაერთიანებას დაექვემდებარა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიც თბილისის მუნიციპალიტეტის კიდევ რვა მუზეუმთან ერთად.

წლების წინ ამ სახლს ბაგრატიონის გვარის მეპატრონე ჰყოლია, თუმცა ზუსტად ვინ იყო ეს ადამიანი, ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი ყოფილა - თავისი შიდა ეზოთი, სარდაფით, სამი სართულით. მუზეუმის კურატორი მზია ნადირაძე, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ამ მუზეუმში მუშაობს, მოგვითხრობს, რომ განსაკუთრებულ ადგილად აქაურობა სწორედ ილია ჭავჭავაძის გადასვლის შემდეგ ქცეულა. ვიცით ისიც, რომ ილიამდე ამ სახლში მისი და, ელისაბედ საგინაშვილი, ცხოვრობდა:

„ელისაბედის მეუღლე გახლდათ ალექსანდრე საგინაშვილი, იმ პერიოდში ცნობილი გენერალი, მონაწილე რუსეთ-თურქეთის ომისა, რომლის შედეგადაც გადაწყდა აჭარის ბედი და ის საქართველოს დაუბრუნდა“.

ელისაბედ საგინაშვილი მოგონებებში წერს, რომ ამ სახლში საცხოვრებლად 1884 წელს გადასულან, თუმცა ოფიციალურ თარიღად 1889 წელია ცნობილი. სამსართულიანი სახლის შენახვა ადვილი არ იყო. სახლის ნაწილი გაქირავებული ყოფილა - იქ პანსიონატი იყო მოწყობილი ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის. დანარჩენი ოთახები, თავად ოჯახის წევრების გარდა, მომსახურე პერსონალს ეკავა. სახლის ერთ-ერთი ფლიგელი ცნობილ ექიმს, მიხეილ გედევანიშვილს, ეჭირა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში რენტგენის კაბინეტი გახსნა და, როგორც მზია ნადირაძე მოგვითხრობს, პაციენტებსაც იქვე იღებდა:

მზია ნადირაძე
მზია ნადირაძე

„ხოლო გაზეთ „ივერიის“ თავფურცლის ქვეშ იყო საგანგებო განცხადება, რომ ესა და ეს ექიმი ამა და ამ მისამართზე იღებდა ავადმყოფებს. ეს სახლი ამ ამბითაც არის გამორჩეული“.

გაზეთი „ივერია“ მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა, რომელიც ილიას სახლშივე, სარდაფის ადგილას იყო განთავსებული. რედაქცია პირველ სართულზე, რედაქტორი და მოადგილე ზედა სართულზე ისხდნენ. სტამბის მოწყობილობა შარაძეს გერმანიიდან გამოუწერია. გაზეთი ჯერ რედაქციაში დაიგეგმებოდა, შემდეგ კი, აწყობილს და გამზადებულს, სტამბაში უშვებდნენ. თუ სარედაქციო საქმე მოთავებული ჰქონდათ და გაზეთი დასაბეჭდად მიდიოდა, ილია სტუმრებს მასპინძლობდა. ვინ არ ყოფილა ჭავჭავაძე-გურამიშვილის ოჯახში:

„აქ მაშინდელი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი იკრიბებოდა - მწერლები, ლიტერატორები, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც მსჯელობდნენ ერის განვითარებაზე, მომავალზე... „ივერია“ იყო ის გაზეთი, რომელსაც პირველად შემოჰქონდა ისეთი სიტყვები, როგორიც იყო დემოკრატია, პარლამენტი და მათი ხშირად გამეორებით და განმარტებით ნერგავდა ლიბერალურ შეხედულებებს“.

„ივერია“ იდეა იყო - უფრო მეტი, ვიდრე გაზეთი. მისი ყოველი ახალი ნომრის გამოსვლა განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. აი, რას გვიამბობს მუზეუმის კურატორი მზია ნადირაძე:

„ახალი წელი თენდებოდა, „ივერიის“ ახალი ნომერიც ის-ისაა დაიბეჭდა. ილიას თურმე სტუმრები ჰყავდა. სუფრას ცნობილი თამადა, კოლა ერისთავი, ედგა სათავეში. ამ დროს კარი გაიღო და სტამბის მუშებმა ახლად დაბეჭდილი, ჯერ კიდევ თბილი გაზეთი შემოიტანეს. თამადამ ამის აღსანიშნავად ოლღას ვერცხლის თასი სთხოვა, ღვინო ჩამოასხეს და ასე ჩამოტარებით შესვა ყველამ სადღეგრძელო“.

ოთახში, სადაც ეს ამბავი მოხდა, დღემდეა შემორჩენილი ილიასეული ყვავილებიანი შპალერი - მოოქროსფრო ყვითელსა და ყავისფერ ფერებში, რომელსაც მოგვიანებით რესტავრაცია გაუკეთა ფერმწერმა ლაშა სულაკაურმა. ამ ოთახში დღემდე დგას ილიასა და ოლღას ნაქონი ავეჯიც, ილიასდროინდელია იატაკი. როგორც მუზეუმის თანამშრომელი ნანა სახვაძე გვიამბობს, ილიას ცნობილი ხუთშაბათობები სწორედ ამ ოთახში სრულდებოდა სადილით, რომელსაც, როგორც წესი, რაფიელ ერისთავი, ანტონ ფურცელაძე ან კოლა ერისთავი თამადობდა. აი, ხუთშაბათობები კი ამ სახლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მისაღებ ოთახს შირმა ორად ყოფდა: რაღაც დროს ქალები ცალკე იკრიბებოდნენ, კაცები ცალკე და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ. როდესაც ნანა სახვაძე ამ ოთახის შესახებ სტუმრებს უამბობს ხოლმე, აუცილებლად აღნიშნავს, რომ ამ ოთახში იწერებოდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორია:

„ამ ხუთშაბათობებზე ძირითადად „ივერიის“ თანამშრომლები იკრიბებოდნენ, მაგრამ ეს ძირითადად სწორედ ის ხალხი იყო, მაშინდელი საზოგადოების ის ნაწილი, ვინც, მართლაც, ისტორიას ქმნიდა. არაერთ მოგონებაშია აღნიშნული, რომ ილია კარგი მსმენელი იყო, თუმცა ასევე წერენ იმასაც, რომ ბოლო სიტყვა ყოველთვის ილიას ეკუთვნოდა“.

ის ოთახი კი, რომელიც მაშინ საკმაოდ ცნობილ ძმები ქოსების დუქანს გადაჰყურებდა და რომელსაც ხშირად სტუმრობდა ვაჟა-ფშაველა, ილიას სამუშაო ოთახი იყო. იქ დღესაც დგას ილიას პირადი სამუშაო მაგიდა სამელნე მოწყობილობით და ილიას სკამით. მაგიდაზე კი ილიას მუდამ ედო „ვეფხისტყაოსნის“ ქართველიშვილისეული გამოცემა, რომლის ტექსტის დამდგენ კომისიაში იმ დროის სხვა საზოგადო მოღვაწეებთამ ერთად ილია ჭავჭავაძეც შედიოდა. თუ მუზეუმს ეწვევით, ილიასეულ წიგნების თაროსაც ნახავთ:

„ეს ყველა ილიასეული წიგნია და თუ გადაშლით, ნახავთ, რომ წითელი და ლურჯი ფერის ფანქრით აქვს მინაწერები გაკეთებული“.

ნანა სახვაძე იმასაც გვიამბობს, რომ ამ ოთახის ჭერი თავის დროზე მაშინ ჯერ კიდევ უცნობ მხატვარს, გიგო გაბაშვილს, მოუხატავს - წმინდა ნინოს გამოსახულება ქართველ მეფეთა მედალიონებით. თუმცა ის პირვანდელი სახით დღემდე შემორჩენილი აღარ არის, დამთვალიერებელს მხოლოდ აღდგენილი ვერსიის ხილვა შეუძლია.

ისიც ვიცით, რომ ამ ეზოში ოლღას ბაღი ჰქონდა გაშენებული - ხილი და ყვავილები. ალუბლის ხეები და ხვიარა ვარდები ყოფილა, რომელიც ილიას განსაკუთრებულად უყვარდა...
მზია ნადირაძე

ილიას და ოლღას საძინებელ ოთახში, რომელსაც მუზეუმის კურატორმა მზია ნადირაძემ სიმბოლურად „სიყვარულის ოთახი“ დაარქვა, ცოლ-ქმრის პირადი და საქმიანი მიმოწერა და ფოტოებია გამოფენილი. ერთ-ერთ წერილს გამომშრალი მინდვრის ყვავილები ახლავს. მზია ნადირაძე მოგვითხრობს, როგორ უპოვია პავლე ინგოროყვას ოლღას სკივრში წერილები, საიდანაც ილიას მიერ მეუღლისთვის ამ წერილებთან ერთად გაგზავნილი მინდვრის ყვავილები გადმოყრილა. ის ყვავილები დღემდე აღარ შემორჩა, მზია ნადირაძე კი სამი თვის განმავლობაში ამზადებდა ჰერბარიუმს, რომ წერილებისათვის ძველი იერი ოდნავ მაინც დაებრუნებინა.

შუშაბანდის ფანჯრებიდან ილიას სახლის შიდა ეზო მოჩანს. ისევ მოგონებებზე დაყრდნობით, მუზეუმის კურატორი გვიამბობს, რომ სწორედ ამ ეზოში შემოდიოდა საგურამოდან წამოსული ურემი, რომლითაც ზამთრისთვის პროდუქტების მარაგი მოჰქონდათ. ეზოში ქვაფენილი იყო დაგებული, რომელზეც შემდეგ მწვანე ბელტები დაუფენიათ. ამ ეზოში იყო ცნობილი ფანჩატურიც, სადაც ილიას საყვარელი იადონები ჰყოლია.

„ისიც ვიცით, რომ ამ ეზოში ოლღას ბაღი ჰქონდა გაშენებული - ხილი და ყვავილები. ალუბლის ხეები და ხვიარა ვარდები ყოფილა, რომელიც ილიას განსაკუთრებულად უყვარდა“.

ეზოდან კარგად მოჩანს სახლის სარდაფის აგურის კედლები. ადრე აქ ღვინის სარდაფი ყოფილა. იქ დღემდეა შემორჩენილი ბუხრების ადგილებიც. მერე იქაურობა საკონცერტო დარბაზად გადაკეთებულა. სცენა და როიალიც ადგილზეა, თუმცა სახლის ეს ნაწილიც, ისევე როგორც მთლიანად მუზეუმი, სარეაბილიტაციოა.

ილიას ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ამბებს გამოფენილი ფოტოები, წერილები და საგაზეთო ამონაწერებიც მოგვითხრობენ - დაწყებული ილიას ბავშვობიდან, მის მკვლელობამდე. ერთ-ერთ ოთახში დღემდეა გამოფენილი რამდენიმე სამგლოვიარო წარწერიანი ლენტიც, რომლებიც ილიას დაკრძალვაზე გვირგვინებს ამკობდა. 1907 წლის 31 აგვისტოს გამოსული გაზეთი „ისარი“ კი იტყობინებოდა:

„საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე“...

ილიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
ილიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი

აი, ამონარიდიც ბრიტანელი სწავლულისა და მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის სამძიმრის წერილიდან, რომელიც მან ილიას დას, ელისაბედს, გამოუგზავნა:

„საყვარელო კნეინავ, სამწუხარო ამბავმა თქვენი ძვირფასი და სახელოვან ძმის მოკვლამ... ღრმათ აღგვაშფოთა და დაგვაღონა...ვერ გამომითქვამს სიტყვით ჩემი გულის დარდი. არ მჯერა, რომ ილია აღარ არის...ჩემმა ძმამ მრავალი მოკითხვა და ღრმა თანაგრძნობა გიძღვნეს თქვენ და კნეინა ოლღას“...

დღეს ილიას ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ბევრი დამთვალიერებელი არ ჰყავს, ძირითადად მეცნიერები ან კონკრეტული საკითხით დაინტერესებული ადამიანები თუ ესტუმრებიან ხოლმე. მუზეუმის შენობა ძალიან მოძველდა და მის რეაბილიტაციას, დაახლოებით, მილიონ ლარამდე სჭირდება. როგორც მუზეუმების გაერთიანების დირექტორმა ნინი სანადირაძემ გვითხრა, რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზადაა:

„ეს პროექტი გულისხმობს სრულიად თანამედროვე მუზეოგრაფიას. ასევე გათვალისწინებულია მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, მნიშვნელობა, მისი გამაგრება და კონსერვაცია და, შესაბამისად, ამ სახლის ავთენტურობის შენარჩუნება. ამ პროექტზე ძალიან კარგმა ჯგუფმა იმუშავა და ახლა ველით 2017 წლის ბიუჯეტის სრულ დაგეგმვას, რის შედეგადაც თბილისის განვითარების ფონდი გვპირდება მხარდაჭერას და იმედი მაქვს, რომ ამ პროექტის განხორციელება ძალიან მალე დაიწყება“.

2017 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი გადის, ჯავახიშვილის შვიდში მდებარე ილიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი კი 60 წლის ხდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG