Accessibility links

ილარიონოვი: სანქციების მთავარი დამსახურება ფსიქოლოგიური დაძაბულობაა


ანდრეი ილარიონოვი

ანდრეი ილარიონოვი

"ამერიკის ხმის" რუსულმა რედაქციამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილ მრჩეველთან და ამჟამად ვაშინგტონში, "კატონის ინსტიტუტის" ექსპერტ ანდრეი ილარიონოვთან. ცნობილი ეკონომისტი, სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გავლენას აფასებს:

ამერიკის ხმა: რუსეთის ლიდერები სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს „ჯიუტად ვერ ამჩნევენ“. მათ სხვა სტატისტიკური მონაცემები ხომ არ აქვთ?

ანდრეი ილარიონოვი: არა, სხვა სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ ეს არის ბატონი პუტინის და კრემლის ხელმძღვანელობის სტანდარტული მიდგომა, რასაც დიდი ხანია მიმართავენ. ისინი რუსეთის ეკონომიკაში არსებულ რეალურ პრობლემებზე არ საუბრობენ. იმისდა მიუხედავად, იქ რა ხდება, წარმატებული ეკონომიკური ზრდა თუ კრიზისის განვითარება, ისინი მხოლოდ დადებითი ტონით ლაპარაკობენ. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რაც პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი. უნდა ვაღიაროთ, რომ ამას გარკვეულწილად შედეგიც მოაქვს.

ამერიკის ხმა: რა გავლენა მოახდინა დასავლურ სანქციებზე რუსეთის „საპასუხო ზომებმა“, რამაც რუსეთის დახლებიდან დასავლური სასურსათო ნაწარმი გააქრო, და ნავთობის ფასის ვარდნამ რუსეთის ეკონომიკაზე?

ანდრეი ილარიონოვი: ზუსტად რომ ვთქვათ, ეკონომიკის მდგომარეობის ცვლილებები მხოლოდ ბოლო ხანს არ დაწყებულა, ეს დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო. 2008-09 წლების კრიზისის შემდგომი, ბოლო 5.5 წლის განმავლობაში, რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპების ცვლილებების შედეგები სულ ახლახანს გამოქვეყნდა. პირველი წლის განმავლობაში, მრეწველობის ზრდამ 11 პროცენტზე მეტი შეადგინა, ის ნამდვილი ეკონომიკური ბუმი იყო. შემდეგ 6 პროცენტამდე შემცირდა. გარკვეული დროის შემდეგ, ის 2 პროცენტზე ნაკლები იყო. გასულ წელს უკვე 0.4 პროცენტი იყო და ბოლოს, ამ წლის აპრილიდან, ანუ გასული ხუთი თვის განმავლობაში, წლიური განზომილებით ის მინუს 3.5 პროცენტია. როგორც ვხედავთ, ეს საკმაოდ ხანგრძლივი კურსია, რომელიც ვითარდება და სულ ახალ სიმაღლეებს იპყრობს. მოდით ასე ვთქვათ, „ქვედა ნიშნულებს“ იპყრობს. ამას რა იწვევს? რა თქმა უნდა ნავთობის ფასმაც ითამაშა რაღაც როლი, მაგრამ ნავთობის ფასმა მხოლოდ ამ წლის შუა ზაფხულიდან დაიწყო კლება. სანქციებიც შედარებით ახალი შემოღებულია და მთლიანად რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს, ის მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრეს ეხება. მთავარი მიზეზი, საკუთრების უფლების არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და ამით გამოწვეული საინვესტიციო კლიმატის რადიკალური გაუარესებაა. ადამიანები, იმისდა მიუხედავად რუსეთის მოქალაქეები არიან თუ უცხოელი ინვესტორები, მზად არ არიან, ვერ ბედავენ და ეშინიათ რუსეთის ეკონომიკაში ინვესტიცია ჩადონ. ეს, გასული წლის ივლისიდან, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომთანაც არის დაკავშირებული. ისეთ პირობებში, როცა რეალური თუ პოტენციური ინვესტიციების მიმღები ქვეყანა საომარ მოქმედებებს აწარმოებს, თანაც ისეთ მოქმედებებს, რამაც შესაძლოა უმსხვილეს სამხედრო-ეკონომიკურ ბლოკ ნატოსთან დაპირისპირება და შესაძლო კონფლიქტი გამოიწვიოს, ინვესტორთა უდიდესი უმრავლესობა მოცდას ამჯობინებს.

ამერიკის ხმა: თუმცა სანქციებმა მდგომარეობა არ გააუმჯობესა. ჩინეთიც, რომელთანაც დიდი ენერგეტიკული ხელშეკრულება დაიდო, რუსეთის საწარმოებისთვის კრედიტების მიცემას და რუსეთის ბანკების დახმარებას არ ჩქარობს.

ანდრეი ილარიონოვი: სიტუაცია ცოტა უფრო რთულია. სანქციებმა ალბათ დადებითი არაფერი დაამატა. მაგრამ, ჯერ-ჯერობით, სანქციების მთავარი დამსახურება, ფსიქოლოგიური დაძაბულობაა, პირველ რიგში კრემლის ხელმძღვანელობაში და ბიზნეს ელიტაში. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ, რუსეთ-უკრაინის ახლანდელი ომის მიმართ გარკვეული პოლიტიკური და მორალური პოზიცია დაიკავეს და არა იმას, რომ ეს სერიოზული მასშტაბური ეკონომიკური სანქციებია. მაგალითად, ამ სანქციებს არაფერი აქვთ საერთო იმ სანქციებთან, რომელიც 70-იან წლებში კარტერის ადმინისტრაციამ, საბჭოთა კავშირის ავღანეთის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ დააწესა. მით უმეტეს, არაფერი აქვს საერთო იმ სანქციებთან, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ შემოიღო. ვნახოთ მომავალში რა იქნება.

ამერიკის ხმა: როგორ დაახასიათებდით იმას, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება?

ანდრეი ილარიონოვი: იმას, რასაც რუსეთის რეჟიმი უკრაინის მიმართ სჩადის, ომი ჰქვია. ამასთან, ამ ომს დაწყების ზუსტი თარიღი აქვს: 2013 წლის 27 ივლისი, 15 თვის წინ. სწორედ მაშინ დაიწყო ომი და კიევში, რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის აღსანიშნავ ზეიმზე, ბატონმა პუტინმა, პირადად, სწორედ ეს გამოაცხადა. მაგრამ მაშინ ჰიბრიდული ომი დაიწყო. კლასიკურ ომს რაც შეეხება, შეიარაღებული დანაყოფების, რეგულარული სამხედრო ნაწილების გამოყენებით, ეს თარიღი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დამზადებულ მედალზეა ამოტვიფრული. ეს მედალი ყირიმის დაპყრობის და ოკუპაციის ოპერაციის დაწყებას აღნიშნავს.

ამერიკის ხმა: კრემლის ხელმძღვანელობა რამდენად შორს აპირებს წასვლას?

ანდრეი ილარიონოვი: „რუსული სამყაროს“ კონცეფცია, იურიდიულად დამტკიცებული იდეოლოგიური კონცეფციაა. რუსეთის დუმამ თანამემამულეთა შესახებ კანონი მიიღო, სადაც ოთხი ჯგუფის განსაზღვრა მოხდა. ეთნიკური რუსების, რუსულენოვანი ადამიანების, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ასევე იმ ადამიანების და მათი მემკვიდრეების, რომელთაც ოდესმე საბჭოთა კავშირის და 1917 წლამდე რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე უცხოვრიათ. ეს კრემლის ახლანდელი რეჟიმის მადაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა ის ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან უშუალო საზღვარი აქვთ, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა... ბელარუსი, ლატვია, ესტონეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ამ ხაზის გაგრძელების პირველი კანდიდატები არიან.

XS
SM
MD
LG