Accessibility links

logo-print
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოცდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა კომპანია ”ელიტა ბურჯის” იურისტს იმედა ნიკურაძეს, რომელიც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. იმედა ნიკურაძის ადვოკატები თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და მის გასაჩივრებას აპირებენ.

ადვოკატ ალა კახნიაურის თანახმად, კომპანია ”ელიტა ბურჯის” იურისტს იმედა ნიკურაძეს სამართალდარღვევა საერთოდ არ ჩაუდენია და, აქედან გამომდინარე, იგი უდანაშაულოა:

”მას ედავებიან იმაში, რომ ვითომდა არ დაემორჩილა სააღსრულებლო პოლიციის წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ საერთოდ ეს სამსახურები უკანონოდ იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე და, შესაბამისად, აქ ვინმეს კანონიერ მოთხოვნაზე ზედმეტია საუბარი.”

ალა კახნიაური გულისხმობს კომპანია ”ბურჯის” ტერიტორიაზე 6 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, აუქციონზე გაყიდული ”ბურჯის” კუთვნილი კომპანიების ქონების აღწერას, ობიექტების დაცლას და ახალი მფლობელისათვის გადასაცემად მომზადებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ამ მიზნების განსახორციელებლად ”ბურჯის” ობიექტებზე 6 აგვისტოს დილიდან შევიდნენ, ანუ მანამდე, სანამ ”ბურჯის” მყიდველის ვინაობა დასახელდებოდა. იურისტის თანახმად, ახალი მფლობელის მესაკუთრედ აღიარებისა და ქონების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, საქმეში აღსრულების სამსახური მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვება, თუ ძველი მესაკუთრე ქონების გადაცემაზე უარს ამბობს. ”ბურჯის ” ახალი მფლობელის, კომპანია ”გამას” შესახებ ინფორმაცია საჯარო მხოლოდ 7 აგვისტოს გახდა. შესაბამისად, 6 აგვისტოს კომპანიის ტერიტორიაზე სააღსრულებლო სამსახურის წარმომადგენელთა გამოჩენა კანონდარღვევად ჩაითვალა, თუმცა, ამ კანონდარღვევის დაშვების შემთხვევაშიც კი, ალა კახნიაური აზუსტებს, რომ 6 აგვისტოს ”ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე იურისტის მხრიდან პოლიციელების მიმართ არანაირი ხელის შეშლის და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და, მეტიც, ”ელიტა ბურჯის” ტერიტორიაზე ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები საერთოდ არ იმყოფებოდნენ.

”ელიტა ბურჯი” კომპანია ”ბურჯის” კონტრაქტორია. ”ბურჯისგან” ნაქირავებ ფართში ”ელიტა ბურჯს” ხის საამქროები აქვს განთავსებული. 8 აგვისტოს „ელიტა ბურჯსა“ და ”გამას” შორის საიჯარო ხელშეკრულების წლის ბოლომდე გაგრძელების შეთანხმება შედგა. სწორედ ამ შეთანხმების გაფორმების შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამდა 6 აგვისტოს იმედა ნიკურაძე მედიასაშუალებებთან კომენტარებში. აი, რა უთხრა მან ტელეკომპანია ”მაესტროს”:

”ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ სამეწარმეო საქმიანობა აღნიშნულ ფართებში საიჯარო ქირის სანაცვლოდ. შესაბამისად, თუ ამ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა უნდა მხარეს, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში უნდა გაირკვეს, ჩვენ წინასწარ ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მივუსხდეთ მაგიდას, სადაც შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ყველა დეტალის ანალიზი და შესაბამისად გაფორმება.”

იმედა ნიკურაძე, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომის ნაცვლად, საპატიმროში აღმოჩნდა. იგი 7 აგვისტოს საღამოს ორთაჭალაში დააკავეს. დაკავების ფაქტს ”ქართუ მშენებლის” დირექტორის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი, შემდეგნაირად აღწერს:

”ნუგზარ დეკანოიძე და იმედა ნიკურაძე ღამის თერთმეტის ნახევარზე ბრუნდებოდნენ სახლებში. ორთაჭალის ტერიტრიაზე მათ წამოეწიათ 3 ავტომანქანა. გააჩერებინეს მანქანა, სათითაოდ გადასვეს სხვადასხვა მანქანებში ორივენი. შემდგომ მოხდა რამდენიმე წუთში ნუგზარის უკან დაბრუნება თავისივე მანქანაში, ხოლო იმედა ნიკურაძე გაიტაცეს გაურკვეველი მიმართულებით. არ წარმოუდგენიათ რაიმე დამადასტურებელი საბუთი, თუ რომელი უწყებიდან იყვნენ. იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები.”

იმედა ნიკურაძე მოგვიანებით მეგობრებმა და ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოაჩინეს. მისი დაკავების ფაქტს კი წინა ღამით, გიორგი ლილუაშვილის თქმით, წინ უძღოდა კიდევ ერთი ინციდენტი: მანქანას, რომელშიც იმედა ნიკურაძე იმყოფებოდა, ორი შავი ჯიპი დაედევნა. აღნიშნულის შესახებ იმედა ნიკურაძემ პოლიციის განყოფილებაში განცხადება დაწერა. მოგვიანებით ის პირებიც ამოიცნო და პოლიციაც საქმის კურში ჩააყენა. საპასუხოდ პოლიციამ საქმის მოკვლევის დაწყებისა და დამნაშავეების დაკავების პირობა მისცა, თუმცა ერთ დღეში დაკავებული უკვე თავად ნიკურაძე აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე ჩვენთან საუბარში იმედა ნიკურაძის საქმეზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

”ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაცვის სამსახურის წევრებს.”

იმედა ნიკურაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელსაც მისი დაცვის მხარე არ აღიარებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 20-დღიან სასჯელს მოიხდის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG