Accessibility links

logo-print

გვალვიანი ზაფხულის შედეგები და შეჩვეული პრობლემები იმერეთში


წლევანდელ შემოდგომას ჩვეული პრობლემებით ხვდებიან იმერელი გლეხები. გვალვიანი ზაფხულის გამო იმერეთის სოფლებში ბოსტნეულის, სიმინდისა და ყურძნის მოსავალი, გასულ წლებთან შედარებით, ნაკლები რაოდენობისაა. უამინდობასთან ერთად, რადიო თავისუფლების რესპონდენტები ნაკვეთებამდე მისასვლელი გზისა და სარწყავი სისტემის არარსებობას უჩივიან, ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებასა და დახმარებას განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებნი ითხოვენ.

გლეხების თქმით, ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დახმარებით გაზაფხულზე კუთვნილი მიწების ნაწილის დამუშავება შეძლეს, თუმცა, ამინდთან ერთად, მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, სარწყავი სისტემის არარსებობა და არასაკმარისი ტექნიკა კვლავ სოფლად მცხოვრებთა პრობლემად რჩება.

იმერეთის სოფლების ნაწილი შედარებით უხვმოსავლიანია და გლეხებიც მიწების მეტ ოდენობას ფლობენ, ზოგი მუნიციპალიტეტის სოფელში კი მოსახლეობა, მიწების სიმცირესთან ერთად, მოუსავლიანობას უჩივის. შედარებით მოსავლიანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლები, სადაც მოსახლეობა საკუთარი ხერხებით ცდილობს მოსავლის ხარისხისა და ოდენობის გაუმჯობესებას. საირიგაციო სისტემის არარსებობის მიუხედავად, საკუთარი ჭიდან საქაჩით მიაწოდებენ წყალს მიწის ნაკვეთს მოსავლის მოსარწყავად. გლეხების თქმით, სოფელში ტექნიკის არარსებობის გამო მოსავალი მიწის ნაკვეთებიდან სახლამდე ხარ-ურმით მიაქვთ.

რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, მოსავლის დაბინავების პარალელურად, მათი საზრუნავი მომავალი წლის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანხის მოგროვებაა, რადგან ბევრი ოჯახისთვის სიმინდი, ლობიო, ბოსტნეული და ხილი წლიდან წლამდე თავის გატანის ერთადერთი საშუალებაა. გლეხები მოსავლის ნაწილს საკუთარი ოჯახისთვის ინახავენ, ნაწილს ქუთაისის ბაზრებში ჰყიდიან ან აბარებენ, ნაწილს კი სხვა საჭირო პროდუქტებზე ცვლიან.

XS
SM
MD
LG