Accessibility links

logo-print
გამოდარებასთან ერთად, მეორე კვირაა იმერეთის სოფლებში მოსავალს იღებენ და აბინავებენ. როგორც გლეხები ამბობენ, გასულ წლებთან შედარებით მოსავლით უკმაყოფილო არ არიან, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, რომ სიმინდისა და ყურძნის მოსავალი ძირითადად ოჯახებისთვისაა საკმარისი და გასაყიდად არ რჩებათ. არასაკმარისი მუშახელი და ტექნიკა, სარწყავი არხების არარსებობა, საწვავისა და პესტიციდების სიძვირე, შედეგად კი დაუმუშავებელი მიწები და მოსავლის სიმცირე იმერელი გლეხების პრობლემების არასაკმარისი ჩამონათვალია.

გლეხები ამბობენ, რომ სოფლად მცხოვრებთათვის ხელისუფლების მიერ მიმდინარე წელს გაწეული დახმარება შეღავათი იყო. მათივე ინფორმაციით, სოფლებში, გასულ წლებთან შედარებით, მეტი მიწა დამუშავდა, თუმცა სოფლად მოწეული მოსავალი წლიდან წლამდე თავის გატანის შესაძლებლობას ვერ იძლევა და მომავალი წლის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ხელისუფლების დახმარების იმედად რჩებიან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის მცხოვრებნი, სასოფლო -სამეურნეო პრობლემებთან ერთად, საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობაზე საუბრობენ. ციალა ალავიძის თქმით, ქუთაისთან სიახლოვის მიუხედავად, სოფელში მისასვლელი გზა ამ დრომდე ამორტიზებული და მოუწესრიგებელია. ამასთან, სოფელს სასმელი წყლისა და გაზმომარაგების პრობლემებიც აქვს.

რესპონდენტების თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ მეტი იზრუნოს სოფლის მოსახლეობაზე, რათა სოციალური პრობლემებისა და არასახარბიელო საყოფაცხოვრებო პირობების გამო სოფლები მთლად არ დაცარიელდეს.
XS
SM
MD
LG