Accessibility links

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შენობების რეაბილიტაციისა და აღჭურვის, აგრეთვე წლების განმავლობაში გადაუჭრელი სხვა პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცემა მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პროგრამისთვის ქვეყნის მასშტაბით 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან იმერეთში 8 მილიონ 500 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება.

პრობლემების სიმრავლის გამო ნიჰილისტურად არიან განწყობილნი იმერეთის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანები - ფიქრობენ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრობლემების მოგვარება გაძნელდება. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა თქმით, მუნიციპალურ ცენტრამდე მისასვლელი და სოფლების დამაკავშირებელი გზები სავალალო მდგომარეობაშია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში მხოლოდ ერთხელ დადის, წლების წინ სკოლის, საბავშვო ბაღისა და ბიბლიოთეკის დახურვის გამო კი სოფლები ახალგაზრდებისგან დაიცალა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის - გამოჩინებულის - ექიმის, ნორა კვინტრაძის, თქმით, წამლებს ის პირველადი დახმარებისთვის ხშირად საკუთარი ხარჯით ყიდულობს.

როგორც იმერეთისსამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, მოსახლეობის საჭიროებათა გამოსავლენად სოფლებსა და თემებში უკვე დაიწყო შეხვედრები და საერთო კრებები მარტის თვის ბოლოს დასრულდება. მოსახლეობის ჩართულობით გამოვლენილი აქტუალური პრობლემის დასახელების შემდეგ კი, მხარის ხელმძღვანელთა რეკომენდაციით, დაიგეგმება პროექტები, რომელთა განხორციელებაც იქნება სოფლებში უმჯობესი.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2015 წელს, გასული წლის მსგავსად, პრიორიტეტულია მცირეკომლიანი მაღალმთიანი სოფლების დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და არასასურველი მიგრაციული პროცესის შენელებას. ამასთან, პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, რადგან ეს ყველაფერი სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

XS
SM
MD
LG