Accessibility links

logo-print

ბოლო ხანებში საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის სერვისით აქტიურად უგზავნიან ინფორმაციას მათ ტერიტორიაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე მოქალაქეებს მსგავსი შეტყობინებები მიუვიდათ იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველო“ ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდებს არ გამოიყენონ მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების პირადი მონაცემები იმგვარად, რომ გაჩნდეს ეჭვი საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და პერსონალური მონაცემების დაუცველობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი, შეიძლება აღქმული იქნეს როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე პირდაპირი ზემოქმედების მცდელობა; მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში არ არის მოწოდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ცხადია, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საუბარი ირიბად მაინც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს.

მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოსახლეობის ინფორმირება წინასაარჩევნო პერიოდში ამ დრომდე განხორციელებულ დარღვევებსა თუ გადაცდომებს შორის, შეიძლება ითქვას, სიახლეა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს.იმერეთის მუნიციპალიტეტებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ მსგავსად, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს უწევს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. ორგანიზაციის კოორდინატორ თეონა გოგიშვილის განცხადებით, დარღვევები მრავალფეროვანია, თუმცა მათი რიცხვი საგანგაშოდ დიდი არ არის. თეონა გოგიშვილი იმ დარღვევებზე ლაპარაკობს, რომლებიც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა იმერეთის მუნიციპალიტეტებში უკვე გამოავლინეს და ორგანიზაციის შუალედურ ორ ანგარიშში მოხვდა.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნისა და არასათანადო ზემოქმედების შემთხვევები და საუბნო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების მმართველი პარტიის სასარგებლოდ წინასწარ შერჩეული სიებით დანიშვნის შესაძლო ფაქტები მოხვდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იმერეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშში. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის, გიორგი სანტურიანის, შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.

არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა განცხადებითვე, წინასაარჩევნო კამპანია წელს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, გაცილებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG