Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთის შვიდ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში - როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულში - იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. იმერეთის მხარეში 11 მაჟორიტარული ოლქიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი არჩეულია 5 ოლქში, 7-ში კი მეორე ტური დაინიშნება.

წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატი არჩეულია იმერეთის 5 ოლქში - საჩხერის, სამტრედიის, წყალტუბოს, ტყიბულისა და თერჯოლის და ვანისა და ხონის გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში - და ყველა პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატია.

საჩხერეში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, პაატა კვიჟინაძემ, ხმების 89 % მოიპოვა, ხმების საერთო რაოდენობის 59 % მიიღო ვანისა და ხონის გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში გრიგოლ ლილუაშვილმა, ამომრჩეველთა თითქმის 58 %-მა დაუჭირა მხარი სამტრედიის მაჟორიტარულ ოლქში გია მიქელაძეს. ცოტნე ზურაბიანი ლიდერობს წყალტუბოში ხმების 52 %-ით და თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებულ ოლქში ელგუჯა გოცირიძემ მოიპოვა ხმების 50 %-ზე მეტი.

წინასწარი მონაცემებითვე, მეორე ტური უნდა დაინიშნოს ზესტაფონის, ჭიათურის და გაერთიანებული ხარაგაული–ბაღდათისა და ქუთაისის სამ ოლქში. სამივე ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ და, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, მეორე ტური უნდა დაინიშნოს არაუგვიანეს 2 ნოემბრისა.

ავთანდილ ოსეფაიშვილისავე ინფორმაციით, ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ხმების საერთო რაოდენობის 40 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კი 38 %-მდე აქვს მიღებული.

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 129 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 42 %-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ მონაცემებზე 13 %-ით ნაკლებია. ქუთაისში პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, ბარიერი ორმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“, 42 %-ით, და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 32 %-ით - გადალახა.

საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევებისთვის შედგენილი საჩივრების განხილვა.

„სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორის ქუთაისში, თეონა გოგიშვილის, ინფორმაციით, 8 ოქტომბერს ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე 7 საჩივარი შეადგინეს და მონიტორები კენჭისყრის დღის პროცედურების შემდგომ პროცესებსაც აკვირდებიან.

საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე განიხილა 30-მდე საჩივარი და რამდენიმე უბნის კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შენიშვნა და გაფრთხილება გამოუცხადა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საოლქო კომისიას გადაცდომებზე რეაგირების სხვა მექანიზმი ჯერჯერობით არ გამოუყენებია. ოსეფაიშვილისავე ინფორმაციით, პროცედურული დარღვევების გამო გაბათილდა ორი საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის შედეგები.

კენჭისყრის დღეს ქუთაისში ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. თაბუკაშვილის ქუჩაზე განთავსებულ 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაუმტვრიეს აპარატურა. მომხდარი ფაქტის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტებმა კი გაავრცელეს საგანგებო განცხადება, რომ გმობენ ძალადობას, ითხოვენ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას და, აგრეთვე, იმას, რომ მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG