Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისამთავრობო გამოსვლებმა ფეხბურთის თურქი ქომაგები გააერთიანა


თურქეთში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებში ფეხბურთის ქომაგებიც მონაწილეობენ
თურქეთში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებში ფეხბურთის ქომაგებიც მონაწილეობენ

თურქეთში სამი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები საერთო მოწინააღმდეგემ გააერთიანა. თურქეთის ულმობელ საფეხბურთო სამყაროში ეს მოვლენათა წარმოუდგენელი განვითარებაა. მაგრამ, რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი სტამბოლიდან იტყობინება, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო გამოსვლებმა სწორედ ასეთი შედეგი გამოიღო.

გაზჰანე ბოსტანის ქუჩის ტროტუარზე არც ისე ბევრი აგურია დარჩენილი. მაგრამ ფეხბურთის ქომაგთა მცირე ჯგუფს განზრახული აქვს დარჩენილი აგურებიც ბარიკადების გასამაგრებლად გამოიყენოს. გულშემატკივრები ქვებს ტროტუარიდან იღებენ და მათ სახელდახელოდ აღმართულ ბარიკადებზე აწყობენ. ამ ბარიკადებმა უნდა შეაჩეროს პოლიცია და წყლის ჭავლის მანქანები, რომლებიც ტაქსიმის მოედანზე შეღწევას ცდილობენ.

თურქეთის სამი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის, სტამბოლის „ბეშიქთაშის“, „ფენერბაჰჩესა“ და „გალათასარაის“ ფანებს პოლიციასთან შეტაკება უწინაც არაერთხელ მოსვლიათ. მაგრამ საერთო მტრის წინააღმდეგ მათი თანამშრომლობა მაინც განსაცვიფრებელია ყველასთვის, ვინც თურქეთის საფეხბურთო სამყაროს დაუნდობელ გულშემატკივრებს იცნობს.

8 ივნისის საღამოს, ტაქსიმის მოედანზე ფეხბურთის გულშემატკივრები უზარმაზარ დემონსტრაციას ჩაუდგნენ სათავეში. ისინი დემონსტრანტებს ათი დღის წინ შეუერთდნენ. თავდაპირველად, აქციების მიზანი იყო ტაქსიმის სკვერში მშენებლობის შეჩერება და პარკის გადარჩენა. მაგრამ გამოსვლები მალე გადაიზარდა მასშტაბურ მოძრაობად პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინააღმდეგ.

გაზჰანე ბოსტანის ქუჩაზე „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ თავგადაკლული ფანები საერთო მიზანმა გააერთიანა. მათი თანამშრომლობა საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. „ბეშიქთაშის“ ქომაგი, 24 წლის ბურაკი ბარიკადების მშენებლობაში მონაწილეობს.

„ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთში დიქტატურაა და ჩვენი თავისუფლება იზღუდება. უკეთესი მომავლისთვისა და თავისუფალი ქვეყნისათვის დავივიწყეთ საფეხბურთო გუნდების დაპირისპირება. აქ ყველანი ერთად ვმუშაობთ“, ამბობს ბურაკი.

სტამბოლის სამ გუნდს შორის დაპირისპირება 1980-იან წლებში დაიწყო. მაშინ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა ამავე სახელწოდების მუშათა უბნიდან პირველი ფან-კლუბი დააარსეს. გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ სტადიონზე სხვადასხვა სექტორის დაკავებისთვის. ჩხუბი ხშირად ქუჩებში გრძელდებოდა. ფანების დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც „გალათასარაის“ გულშემატკივრების ბრბოს ცემაში შემოაკვდა „ბეშიქთაშის“ ერთ-ერთი ქომაგი.
"ბეშიქთაშის", "ფენერბაჰჩესა" და "გალათასარაის" ქომაგები ტაქსიმის მოედანზე
"ბეშიქთაშის", "ფენერბაჰჩესა" და "გალათასარაის" ქომაგები ტაქსიმის მოედანზე

მართალია, შემდეგ საფეხბურთო გუნდებმა დროებითი ზავი დადეს, მაგრამ ჩხუბი და მტრობა არ შეწყვეტილა. „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები ტაქსიმის მოედანზე იკრიბებიან; „ფენერბაჰჩეს“ ფანები - სტამბოლის აზიურ მხარეს; ხოლო ყველაზე წარმატებული გუნდის, „გალათასარაის“ მხარდამჭერები ევროპულ მხარეს, შიშლის უბანში ცხოვრობენ.

გაზეთ „ჰურიეთის“ სპორტის რედაქტორი ჯეთინ ჯემ ილმაზი ამბობს, რომ ახლანდელი საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე საფეხბურთო კლიმატი თურქეთში დიდად სახარბიელო ვერ იყო და გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნებოდა.

მაისში, ერთ-ერთი მატჩის დროს, „ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრები რასისტული შეძახილებით შეხვდნენ „გალათასარაის“ თავდამსხმელს, დიდიე დროგბას, რომელიც წარმოშობით სპილოს ძვლის ნაპირიდანაა. შემდეგ, „გალათასარაის“ ფორმაში გამოწყობილმა ორმა ადამიანმა დანით მოკლა „ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივარი ბურაკ ილდრიმი.

„გასული თვე მართლაც რომ დაუნდობელი იყო და ყველაფერი უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა“, იხსენებს ილმაზი. ჟურნალისტი იქვე დასძენს, რომ ახლანდელი დემონსტრაციების დროს გულშემატკივართა მოულოდნელი შეკავშირება ბუნებრივად მოხდა. როდესაც 31 მაისს ტაქსიმის მოედანზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დარბევის ამბავი გავრცელდა, თითოეული გუნდის გულშემატკივართა კლუბებმა სოციალურ ქსელებში გამოაცხადეს, რომ დემონსტრანტების მხარდასაჭერად შეიკრიბებოდნენ. როდესაც პოლიციასთან დაპირისპირებამ ტაქსიმის მოედნიდან ბეშიქთაშის უბანში გადაინაცვლა, ფან-კლუბების წევრებმა უეცრად აღმოაჩინეს, რომ ერთ მხარეს იბრძოდნენ.

გულშემატკივართა სამი დაჯგუფება მალევე შეთანხმდა და გაერთიანდა. „გალათასარაიმ“ ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე დაწერა, რომ „ბეშიქთაში“, „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩე“ ერთად დგანან ტაქსიმის მოედანზე. ჩვენ დღეს ერთნი ვართ.“

ტაქსიმის მოედანზე ატმოსფერო უფრო ხმამაღალი და მხიარულია, ვიდრე სტამბოლის გამაგრებულ, ვიწრო ქუჩებზე. ამიკ ქემალ ბორა გომულეროღლუ, „გალათასარაის“ წითელ და ყვითელ მაისურში გამოწყობილი გულშემატკივარი, ამბობს, რომ ამაყია ახალი ერთიანობით: „ასეთი რამ არასოდეს მინახავს!“ - აღტაცებას ვერ მალავს გომულეროღლუ. – „აქამდე არასოდეს ყოფილა, ყველა გუნდი ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულიყოს. ჩვენ უფლებებს გვართმევენ და ამის ხმამაღლა თქმის საშუალებაც კი არ გვაქვს.“
"გალათასარაის“ ქომაგი ამიკ ქემალ ბორა გომულეროღლუ
"გალათასარაის“ ქომაგი ამიკ ქემალ ბორა გომულეროღლუ

თურქეთის საფეხბურთო კლუბებიდან პოლიტიკურ საქმიანობაში აქამდე მხოლოდ „ბეშიქთაში“ იყო ჩართული. გუნდის მესვეურები და, როგორც წესი, მისი ქომაგებიც მკვეთრად მემარცხენე პოზიციაზე დგანან. „ბეშიქთაშის“ მხარდამჭერთა კლუბის ემბლემაზე ასო „ა“ ანარქისტების სიმბოლოთია გამოსახული.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა სხვადასხვა კლუბის რამდენიმე გულშემატკივარს. მათი აზრით, ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ უპირისპირდებოდა თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სეკულარულ მემკვიდრეობას.

„ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრებმა ნაციონალისტური საკითხებიც წამოჭრეს და ერდოანი „ქურთების მუშათა პარტიასთან“ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებისთვის გააკრიტიკეს. „თურქეთი თურქებისთვის!“ - გაჰყვიროდა ერთი დემონსტრანტი.

განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მიუხედავად, სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრები კმაყოფილი არიან ახლად აღმოჩენილი მეგობრული სულისკვეთებით.

სპორტული ჟურნალისტი ჯეთინ ჯემ ილმაზი ამბობს, რომ კლუბებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებასთან ერთად განახლდება. მაგრამ, შესაძლოა, ამ დაპირისპირების ხასიათი უკეთესობისკენ შეიცვალოს.

იმპროვიზებულ ბარიკადებზე, სამკერვალო ფაბრიკის 18 წლის თანამშრომელი უგური, რომელსაც „ბეშიქთაშის“ ფორმა აცვია და გაი ფოქსის ნიღაბი უკეთია, ამბობს, რომ გულშემატკივრებს შორის ძლიერი კავშირები იქმნება. „ჩვენ ყველანი ძმები ვართ. მართალია, ახლა ბრძოლაში ვართ ჩართული, მაგრამ ჩვენი მეგობრობა სამუდამოა“, იმედს გამოთქვამს უგური.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG