Accessibility links

logo-print

რა უნდოდა ლი ჰარვი ოსვალდს საბჭოთა კავშირში?


ლი ჰარვი ოსვალდი საბჭოთა ემიგრაციის პერიოდში

ლი ჰარვი ოსვალდი საბჭოთა ემიგრაციის პერიოდში

22 ნოემბერს 50 წელი შესრულდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებში ბევრი ახალი წიგნი გამოქვეყნდა - იქნება ეს კენედის ბიოგრაფია, მისი პოლიტიკური კარიერის შეფასება თუ მის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების აღწერა-გამოძიება. ახალ წიგნებს შორის არის ამერიკელი ჟურნალისტის, პიტერ სავოდნიკის ნაშრომიც: ის ასახავს ლი ჰარვი ოსვალდის ცხოვრების იმ წლებს, რომლებიც კენედის მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა საბჭოთა კავშირში დაჰყო. ახალი წიგნის ავტორს ესაუბრა ჩვენი რადიოს ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჰეზერ მაჰერი.

საბჭოთა კავშირიდან შეერთებულ შტატებში ემიგრირების მსურველთა დიდ რაოდენობასთან შედარებით, საწინააღმდეგო მიმართულებით, შეერთებული შტატებიდან საბჭოთა კავშირში გადასახლების მსურველთა რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ ყოველთვის ბადებდა და დღესაც ბადებს კითხვას: რა ამოძრავებდა ამ ხალხს? მით უმეტეს, რა ამოძრავებდა კაცს, რომელიც მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელად გამოცხადდა? რატომ გადასახლდა ლი ჰარვი ოსვალდი 1959 წელს საბჭოთა კავშირში?

მიზეზებზე საუბრისას, ახალი წიგნის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გავლენაზე, რომელიც ოსვალდის ცხოვრების წესზე მოხდინა დედამისმა:
პიტერ სავოდნიკის წიგნის გარეკანი

პიტერ სავოდნიკის წიგნის გარეკანი


„საზღვაო ქვეითების რიგებში ჩადგომამდე (17 წლის ასაკში) და სახლიდან წასვლამდე, ოსვალდმა 20-ჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი დედასთან ერთად. ყოველ ასეთ ცვლილებას წინ უძღოდა დედის ამა თუ იმ სახის წარუმატებლობა: მამაკაცთან ურთიერთობის დასრულება, სამსახურის დაკარგვა, რაღაც განხეთქილება ან კრიზისი. იმის თქმა მინდა, რომ ოსვალდს ბავშვობაში, ან მოზარდობის დროს, არასოდეს ჰქონია შეგრძნება, რომ სადმე შინ არის, სადღაც ფესვები აქვს. და თუ საბჭოთა კავშირში ემიგრაციას ამ პრიზმაში შეხედავ, ძნელი არ არის მიხვდე, რომ იქ წასვლის მთავარი მიზანი იყო - თუმცა ოსვალდი ამას, შესაძლოა, ვერც აცნობიერებდა - სტაბილურობის განცდის პოვნა, საკუთარი სახლის პოვნა“.

მაგრამ რატომ მაინცდამაინც საბჭოთა კავშირი? ხომ შეიძლებოდა, შეერთებული შტატებიდან რომელიმე სხვა ქვეყანაში წასულიყო? რა იმედს უკავშირებდა ლი ჰარვი ოსვალდი საბჭოეთში დასახლებას? ამ შეკითხვის პასუხად, ახალი წიგნის ავტორი საუბრობს ოსვალდის გატაცებაზე კომუნისტური იდეებით, მარქსისტული რევოლუციით:

„და მერე, რასაკვირველია, პატარა ნაბიჯიღა იყო დარჩენილი საბჭოთა კავშირში ჩასვლამდე - ჩასვლამდე ქვეყანაში, რომელიც, შეიძლება ითქვას, განასახიერებდა მარქსისტული რევოლუციის ყველანაირ იდეას, რომელზეც მას სმენოდა და წაეკითხა. რაც საბჭოთა კავშირს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა ოსვალდის თვალსაწიერიდან, ის იყო, რომ საბჭოთა კავშირივით არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონდა უარყოფილი ამერიკა და ყველაფერი ის, საიდანაც ოსვალდი მოდიოდა“.

კომუნისტურ ქვეყანაში ჩასვლის ოცნება ოსვალდს 1959 წლის ოქტომბერში აუხდა. ის მიიღეს, მაგრამ მოსკოვიდან 675 კილომეტრით დაშორებულ მინსკში დაასახლეს... ახალი წიგნის ავტორის განმარტებით, საბჭოთა უშიშროების სამსახურს ევალებოდა, ოსვალდი მოეცილებინათ ყველასთვის და ყველაფრისთვის, რაც მნიშვნელოვანი იყო. მას ადგილი მიუჩინეს წყნარ, მიყრუებულ ადგილას, საბჭოთა ბელორუსიაში.

თავიდან ამერიკელი იმიგრანტი კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მას ენთუზიაზმი გაუნელდა. პიტერ სავოდნიკი აღნიშნავს, რომ
„ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხდება მინსკში ოსვალდის ორწლინახევრიანი ცხოვრებისას, თავიდანვე დაიწყო - პოპულარობის თანდათან დაკარგვა. პირველი ხუთი-ექვსი თვე ის პოპულარული ადამიანია, ექსტრავაგანტული კაცი, ამერიკელი მინსკში. მაგრამ დროთა განმავლობაში პოპულარობას კარგავს. ხალხი მას მიეჩვია, აღარ მიიჩნევდა განსაკუთრებულად, ან მნიშვნელოვნად.“
პიტერ სავოდნიკი

პიტერ სავოდნიკი


თუმცა, როგორც სავოდნიკი ამბობს, ეს მხოლოდ ერთი მიზეზი იყო. ლი ჰარვი ოსვალდს, როგორც ჩანს, მოსწყინდა მინსკში ცხოვრება - ქალაქში ბევრი არაფერი ხდებოდა. გარდა ამისა, ამერიკელმა იმიგრანტმა გარკვეული ხნის შემდეგ - მინსკში ჩასვლიდან დაახლოებით ერთ წელიწადში - შენიშნა, რომ კაგებე მას ინტენსიურად უთვალთვალებდა. ოსვალდისათვის ეს ძალიან უსიამოვნო აღმოჩენა იყო: მას შეერყა ნდობა გარშემო მყოფთა მიმართ.

ასეა თუ ისე, 1962 წელს ლი ჰარვი ოსვალდი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. როგორც გაირკვა, ოფიციალურად მას არასოდეს უთქვამს უარი ამერიკის მოქალაქეობაზე.

„ოსვალდის სიცოცხლის დარჩენილი 17 თვე ზუსტად ეწერება მისი ცხოვრების უფრო ფართო სქემაში“, - ამბობს პიტერ სავოდნიკი. – „მან ისევ დაიწყო ხეტიალი: შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ, ხელი მიჰყო სხვადასხვა საქმეს, დიდი იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდა ადგილს, რომელიც იხსნიდა საკუთარი ხასიათისაგან, პრობლემებისაგან, მაგრამ ყველა ეს ცდა წარუმატებლად დამთავრდა. ბოლოს ოსვალდი ემორჩილება მის ფსიქიკაში მზარდ აგრესიას და აღმოაჩენს, რომ პრეზიდენტი დალასში ჩადის და მას კლავს. საკუთრივ მკვლელობის დეტალებზე, როგორც იცით, დღემდე გრძელდება დისკუსია - ძალიან დაწვრილებით და ძალიან ხშირად. მაგრამ დეტალებზე გაცილებით უფრო საინტერესოა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ის განვითარება, რომელიც მან მკვლელობამდე გაიარა“.

პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობისას, 1963 წლის 22 ნოემბერს, ოსვალდი 24 წლის იყო. ორ დღეში ის თვითონაც მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
XS
SM
MD
LG