Accessibility links

logo-print

”საავტორო უფლება” პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალაზე


ირმა ინაშვილი და სტუდია "ობიექტივის" წარმომადგენლები

ირმა ინაშვილი და სტუდია "ობიექტივის" წარმომადგენლები

გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი სკანდალური ვიდეომასალის გავრცელებიდან ერთი თვის თავზე მედიაკავშირ ”ობიექტივსა” და ბელგიაში გაქცეულ ციხის ყოფილ თანამშრომელ ვლადიმერ ბედუკაძეს შორის ფარული ჩანაწერების დაკვეთისა და მათი გავრცელების ორგანიზების თაობაზე დავა მიმდინარეობს. საგანგებო ბრიფინგზე მედიაკავშირ „ობიექტივისა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სწორედ მათი დამსახურებით შეიტყო საზოგადოებამ ციხეში არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი დღეს ამბობს, რომ ვიდეომასალა მისი ორგანიზაციის 2 წლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გახდა ხელმისაწვდომი, თუმცა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში ”საავტორო უფლებებზე“ დავა აქტუალური არ არის. რა ვითარებაა ციხეებში ახლა, სკანდალიდან ერთი თვის თავზე და ხელისუფლების გადაბარების პროცესში?

მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის მტკიცებით, საზოგადოება გლდანის ციხეში არსებული ვითარების გამოაშკარავებას პირადად მას და ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერებს, დავით თარხან-მოურავსა და გიორგი ლომიას უნდა უმადლოდეს. თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ დეტალურად მოეთხროთ მათ მიერ 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი ჟურნალისტური გამოძიების ნიუანსები. გავრცელებული აზრი, თითქოს ამ ვიდეომასალების გავრცელებით ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სინამდვილეს არ შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილმა ვიდეომასალის გავრცელებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც განაცხადა, რომ ვიდეომასალის შემცველი ჩიპი მას გადასცეს ვანო მერაბიშვილის სახელით, ხელისუფლების ვერსიით კი, ვლადიმერ ბედუკაძე პატიმართადმი არაადამიანიური მოპყრობის ამსახველ კადრებს, იმჟამად პატიმარ თამაზ თამაზაშვილის დავალებით, სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ იღებდა. თამაზ თამაზაშვილი შს მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ეს ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ უმაღლეს დონეზე. გადააგდეთ შური, თქვით ეს პირდაპირ და შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ჩვენი ამოცანა დღეიდან, ამ წუთიდან, არის ყველა დამნაშავე პირის დასჯა ...

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბრიფინგის ორგანიზატორებისთვის ვითარება ”დღესავით ნათელი” ჩანდა და პერიოდულად დარბაზში მათი მხარდამჭერების აპლოდისმენტებიც ისმოდა, ჟუნრალისტთა უმეტესი ნაწილისთვის მაინც ბევრი რამ ბუნდოვანი დარჩა, მათ შორის, კითხვა:

” რატომ გახდა ახლა, ერთი თვის თავზე, ”საავტორო უფლებებზე” დავა აქტუალური, თუკი არც ერთ მხარეს, როგორც ამას მედიაკავშირ ”ობიექტივის” წარმომადგენლები ამტკიცებენ, არც მერკანტილური მოტივები ამოძრავებდა და არც სახელის მოხვეჭა?”

ირმა ინაშვილი ამ ეჭვების გაფანტვას შემდეგნაირად შეეცადა:

”შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ეს ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ უმაღლეს დონეზე. გადააგდეთ შური, თქვით ეს პირდაპირ და შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ჩვენი ამოცანა დღეიდან, ამ წუთიდან, არის ყველა დამნაშავე პირის დასჯა, საყოველთაო ამნისტიისთვის ბრძოლა, პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესება, იმიტომ რომ ციხეები ოსვენციმი აღარ უნდა იყოს.”

დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა უარი უთხრა რადიო თავისუფლებას კომენტარზე. მას არ დაუმალავს, რომ ვერაფრით გაერკვა რა დავა მიმდინარეობს ირმა ინაშვილსა და ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეს შორის. აქვე გეტყვით, რომ, ირმა ინაშვილის სიტყვებით, ვლადიმერ ბედუკაძე მხოლოდ გავრცელებული სკანდალური ვიდეოების ნაწილის გადაღებას ახდენდა, არც ამ და არც სხვა ვიდეოების გავრცელებაში მას მონაწილეობა არ მიუღია და ყველა ვიდეო თავად ირმა ინაშვილმა ჩაიტანა ბრიუსელში, საიდანაც ის შემდეგ ტელეკომპანიების ”მაესტროსა“ და ”მე -9 არხის” ეთერით გავრცელდა. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში ბედუკაძემ „ობიექტივის“ დამფუძნებელი ირმა ინაშვილი შანტაჟში დაადანაშაულა.

ვლადიმერ ბედუკაძე

ვლადიმერ ბედუკაძე

„ობიექტივი“ თავად ახდენს თავიანთი თავის ლუსტრირებას. მე არ მოვიაზრებოდი იმ სპექტაკლში, რომლის დადგმასაც აპირებდნენ. სპექტაკლი კი იყო ის, რომ მე გამოვეყვანე ვიღაც აგენტი და ინაშვილს თავი - მაგარი ჟურნალისტი, თითქოს მან მოიპოვა ეს მასალები და ჩაიგდო ხელში,“- დაწერა ბედუკაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ამ დავის დეტალებით არ ინტერესდება - მისთვის შედეგია მთავარი. მისი სიტყვებით, ციხის სკანდალურმა კადრებმა ქვეყანაში სიტუაცია შეცვალა, გამოაღვიძა საზოგადოება და ახლა მთავარია ყურადღება აღარ მოდუნდეს. ნანა კაკაბაძე უკვე წლების განმავლობაში ვეღარ სარგებლობდა საპატიმროებში შესვლის უფლებით. მისი თქმით, ციხის სკანდალური მასალის გავრცელებისა და სასჯელაღსრულების მინისტრის შეცვლის შემდეგ მიეცა მხოლოდ საშუალება მოენახულებინა რუსთავის ქალთა კოლონია. ის ჰყვება იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც იქ დახვდა:

”სამი ქალბატონი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, სამი ქალბატონი ინსულინდამოკიდებულია, ერთი ახალგაზრდა გოგონა აბსოლუტური ინვალიდია და ვერც მეტყველებს. და ასეთი ადამიანები ციხეში არიან და მოვითხოვ, რომ ყველა იმ პირმა, რომელმაც ამ ქალების წინაშე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, აგოს პასუხი, იქნება ეს მედპერსონალი თუ იქნებიან სხვა ადამიანები, რომლებმაც ეს ქალები ამ ზომამდე მიიყვანეს.”
ბოლომდე თავის უფლებამოსილების შესრულებასაც უკვე ცოტა ერიდებიან თანამშრომლები, ვინაიდან რეჟიმის ნებისმიერი მოთხოვნის შესრულებაზე მითითებას მოჰყვება ზოგიერთი პატიმრის მხრიდან მუქარა ...

ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის", არ აპირებს ამჟამინდელი მთავრობის მიერ შექმნილი ციხის მოვლენების საგამომძიებლო კომისიაში მონაწილეობის მიღებას, თუმცა მზად არის მუშაობაში ჩაერთოს იმ კომისიაში, რომლის შექმნასაც სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემდეგ აპირებს. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოზარ სუბარი, უკანონო განაჩენების გადახედვასთან ერთად, ციხეებში პატიმართა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას ასახელებს.

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე აღნიშნავს, რომ სკანდალური ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ ციხეებში პატიმრებისადმი მოპყრობა გაუმჯობესდა, თუმცა სისტემური პრობლემები იმდენად ღრმაა და კომპლექსური, რომ ვითარების გამოსწორებას საკმაო დრო დასჭირდება:

”გაურკვეველი ვითარებაა ციხეში. უკვე ვის რისი უფლება აქვს, გაურკვეველია. ბოლომდე თავის უფლებამოსილების შესრულებასაც უკვე ცოტა ერიდებიან თანამშრომლები, ვინაიდან რეჟიმის ნებისმიერი მოთხოვნის შესრულებაზე მითითებას მოჰყვება ზოგიერთი პატიმრის მხრიდან მუქარა, რომ გიჩივლებ და ა.შ. ასე რომ, ისინი ახლა ელოდებიან ახალ ხელმძღვანელობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, დამკვიდრდება და რაღაცნაირად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.”

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე აღნიშნავს, რომ პროკურატურა მათ მიმართვაზე უკვე ოპერატიულად რეაგირებს. ამ დროისთვის მთავარ პროკურატურას, პატიმართადმი არასათანადო მოპყრობის ბრალდებით, 18 პირი ჰყავს დაკავებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG