Accessibility links

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა


საპროტესტო აქცია ინდოეთში

საპროტესტო აქცია ინდოეთში

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა ორშაბათს მოქალაქეებს მოუწოდა შეინარჩუნონ სიმშვიდე. ინდოეთის პოლიციას კვირას წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენება დასჭირდა 23 წლის ქალის სასტიკად ცემისა და გაუპატიურების გამო ნიუ დელის ქუჩებში გამოსული განრისხებული დემონსტრანტების დასაშლელად.

შაბათ-კვირის განმავლობაში ინდოეთი მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. მასობრივი გამოსვლების მიზეზი გახდა 16 დეკემბერს მომხდარი ფაქტი - ექვსი მოძალადის მიერ 23 წლის ქალის ცემა და გაუპატიურება. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა ქალიშვილი და მისი თანმხლები ყმაწვილი ავტობუსიდან გადაყარეს. განრისხებულმა მოქალაქეებმა 23 დეკემბრის ღამე მმართველი პარტიის, „ინდოეთის კონგრესის“ ლიდერის, სონის განდის რეზიდენციასთან გაატარეს. აქ შეხვდა დემონსტრანტებს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ნარიან სინგჰი, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში პირობა დადო, რომ დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან:

„გარწმუნებთ, რომ აღნიშნული საქმე სასამართლოს მიერ სასწრაფო წესით იქნება განხილული და მოსმენა ყოველდღიურად გაიმართება. ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოს ამ საქმეს მოეკიდოს როგორც იშვიათ გამონაკლისს. ქალთა უფლებების დამცველებს სურთ, რომ ამ საქმის განხილვისათვის გარკვეული ვადები იყოს დაწესებული. ამაზე სასამართლო იმსჯელებს, ჩვენი ძალისხმევა კი იქითკენ იქნება მიმართული, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მკაცრად დაისაჯონ დამნაშავეები“.
ქალთა უფლებების დამცველები მთავრობისგან ასევე მოითხოვენ, რომ მიღებული იქნეს ახალი კანონმდებლობა მთელი ქვეყნის მასტშაბით ქალთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ...

ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ამ დაპირებამ ვერ დაამშვიდა განრისხებული დემონსტრანტები. ნიუ დელიში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციას განრისხებული მასის დასაშლელად წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებაც კი დასჭირდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა განაცხადა, რომ „მოქალაქეების რისხვა გულწრფელი და სამართლიანია“, თუმცა მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქალების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციისათვის. ქალთა უფლებების გასაუმჯობესებლად კონკრეტული ზომების მიღებას დაჰპირდა მოსახლეობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ნარიან სინგჰიც:

„ქალთა უფლებების დამცველები მთავრობისგან ასევე მოითხოვენ, რომ მიღებული იქნეს ახალი კანონმდებლობა მთელი ქვეყნის მასტშაბით ქალთა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად, რაც ქვეყნის წინაშე მდგარი უდიდესი პრობლემაა. უფლებადამცველები 13 ზომის შემოღებას გვთავაზობენ. ჩვენ შევისწავლით ამ წინადადებებს და შევეცდებით განვახორციელოთ“.

16 დეკემბერს ნაცემი და გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალი ჰოსპიტალშია მოთავსებული. ამ ფაქტით აღშფოთებული დემონსტრანტები მოითხოვენ სიკვდილით დასაჯონ ექვსი პირი, რომლებიც ქალიშვილსა და მის მეგობარ ბიჭზე მოწყობილ შეიარაღებულ თავდასხმასა და გოგოს გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილნი. ინდოეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს ძალადობაც ახლდა თან. კვირას ტელევიზიის ჟურნალისტიც კი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.
XS
SM
MD
LG