Accessibility links

logo-print

თვალსაზრისი: "რუსეთზე სანქციების გავლენა მნიშვნელოვანია"


კარენ დონფრიდი

კარენ დონფრიდი

აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ურკაინის პრეზიდენტმა - პეტრო პოროშენკომ ვაშინგტონისგან სამხედრო დახმარება ითხოვა. პოროშენკომ განაცხადა, რომ ამერიკისგან მიღებული არალეტალური დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი და რომ მიღებული საბნებით ომის მოგება შეუძლებელია.

უკრაინის კრიზისზე, მიღწეულ საზავო შეთანხმებაზე და შეერთებული შტატების როლზე, „ამერიკის ხმა“ ესაუბრა გერმანიის მარშალის ფონდის პრეზიდენტს, დოქტორ კარენ დონფრიდს.

ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებთ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას უკრაინაში, როგორ ფიქრობთ პრეზიდენტი პოროშენკო აბალანსებს სიტუაციას ერთი მხრივ ამბოხებული რეგიონებისთვის მეტი ავტონომიის შეთავაზებით და მეორე მხრივ ამერიკისგან დახმარების მოთხოვნით?

კარენ დონფრიდი: რუსეთის დასჯისა და იზოლაციისკენ მიმართული ყველა ნაბიბიჯი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მოსკოვს კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზას ვთავაზობთ. პრეზიდენტმა ობამამ გარკვევით თქვა, რომ ამ კონფლიქტს სამხედრო გზით მოგვარება არ უწერია და რომ მხოლოდ პოლიტიკური გამოსავალი უნდა ვეძებოთ. ამიტომაც იყო ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ის საკითხის პოლიტიკური მოგვარების შანსს აჩენს.

პრეზიდენტმა პოროშენკომ ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორის აღმოსავლეთ რეგიონს მართვის ახალი მოდელი შესთავაზა, ამბოხებულების ამნისტია და კონფლიქტის მოგვარების სხვა ელემენტები. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება საკითხის მოგვარების საწინდარი, თუმცა ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ამერიკის ხმა: პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტს სამხედრო გზით მოგვარება არ უწერია, თუმცა ამის მიუხედავად ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა პოროშენკომ სამხედრო დახმარება და უკრაინისთვის უსაფრთხოების სპეციალური სტატუსის მინიჭება ითხოვა. მისი თქმით არალეტალური დახმარება, როგორიცაა, მაგალითად, საბნები, აუცილებელია, მაგრამ არა საკმარისი. პოროშენკომ ვერ მიიღო ის, რაც ითხოვა. ეთანხმებით ამერიკის გადაწყვეტილებას, არ გაეწია სამხედრო დახმარება უკრაინისთვის?

კარენ დონფრიდი: სამხედრო მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკა უკრაინას უწევს, არის არალეტალური, ასეთია ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს განაპირობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების მნიშვნელობამ.

ამ ვითარებაში ცდილობ არ გადადგა პროვოკაციული ნაბიჯები. ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის არმია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე უკრაინისა. ტრაგედია იქნება რუსეთის მიერ უკრაინის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. უკრაინაში რუსეთის ჯარების არსებობით და იმის გათვალისწინებით, რაც უკვე მოხდა აღმოსავლეთ უკრაინაში, ძალიან მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ზავის შენარჩუნებაზე.

ამერიკის ხმა: რუსეთი რომ ამერიკის ადგილას ყოფილიყო, მას არ შეექმნებოდა უხერხულობა, თავისი მოკავშირისთვის იარაღი მიეწოდებინა. უკრაინისთვის დახმარება არ იქნებოდა ერთგვარი სოლიდარობის აქტი? არ ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ნიშნავს იმას, რომ ამერიკა და დასავლეთი უკრაინისთვის ნაბიჯის გადადგმასაც კი არ აპირებენ?

კარენ დონფრიდი: ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, რა არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია. ბევრი ამბობდა, თითქოს ეს ახალი „ცივი ომია“ რუსეთსა და ამერიკას შორის, რასაც მე არ ვეთანხმები. „ცივი ომის“ შემდეგ 25 წელი გავიდა, ამერიკას და ევროპას მიაჩნდათ, რომ რუსეთმა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და რომ დასავლეთთან კონფლიქტს მასთან თანამშრომლობა არჩია. როგორც ჩანს, ჩვენ ვცდებოდით ამ შეფასებაში. ამაში ყირიმის უკანონო ანექსიამ დაგვარწმუნა. ამასვე ცხადყოფს რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში.

ამიტომაც გვმართებს საკითხის პოლიტიკურ გადაჭრაზე კონცენტრირება. არსებობდა შიში, რომ თუ უკრაინას ლეტალური იარაღით დავეხმარებოდით, ამით შეიძლებოდა კონფლიქტის ესკალაცია მოგვეხდინა, ნაცვლად მისი მოგვარებისა.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, ევროპამ სათანადოდ გათვალა რუსეთის რეაქცია, როცა უკრაინას ასოცირების შეთანხმება შესთავაზა, რაზეც შემდეგ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა უარი თქვა?

კარენ დონფრიდი: ვფიქრობ, რუსეთის რეაქცია სათანადოდ ვერავინ გათვალა, ამერიკაც მხარს უჭერდა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და მასთან უკრაინის დაახლოებას. ამ პროცესში რამდენიმე მოულოდნელობას წავაწყდით. პირველი იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა იყო. მაშინ მან განაცხადა, რომ რუსეთისგან უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა და მას ირჩევდა.

მორიგი სიურპრიზი იყო, როცა ასიათასობით უკრაინელი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მაიდანზე გამოვიდა, მესამე სიურპრიზი იყო იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევა და, ბოლოს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, რა შედეგს გამოიღებს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები? არის ეს საკმარისი მისი ქცევის შესაცვლელად?

კარენ დონფრიდი: ვფიქრობ, სანქციებს რამდენიმე დონეზე აქვს შედეგები. პირველია ფსიქოლოგიური გავლენა. პუტინი არ ელოდა ამერიკის და უკრაინის ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებას, მიმაჩნია, რომ ეს კოორდინირებული მოქმედება თავისთავად მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სანქციები უკვე ამოქმედდა, მათ შორის ფინანსურ და თავდაცვის სექტორებში, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთმა უარი თქვა რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვაზე.

სანქციებს არ ექნება მყისიერი შედეგები, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი როლი დროთა განმავლობაში. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ და ევროპამ ეს სანქციები შეინარჩუნონ.

XS
SM
MD
LG