Accessibility links

logo-print
ქუთაისში სურსათის ერთ ნაწილზე ფასის გაზრდის მიზეზად დოლართან მიმართებით ლარის კურსის ვარდნა და სადღესასწაულო დღეები მიაჩნიათ. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ პროდუქტებზე ფასები გაზაფხულზე დარეგულირდება, მეორე ნაწილის აზრით კი, გასული წლების მსგავსად, საკვებ პროდუქტზე გაზრდილი ფასები მომავალშიც შენარჩუნდება.

მომხმარებელთა თქმით, გაიზარდა რძის პროდუქტების ღირებულება, განსაკუთრებით კი გაძვირდა ყველი. ახალი წლიდან თითქმის ოთხჯერ მოიმატა კარტოფილის ფასმა და 2 ლარი შეადგინა. გასული წლების მსგავსად, სტაბილურად მაღალი ფასი რჩება ხილზე.

მომხმარებლებსა და ქუთაისის ცენტრალურ მწვანე ბაზარში მომუშავეებს ერთნაირად აწუხებთ გაზრდილი ფასები, რადგან, გამყიდველების თქმით, არამყიდველუნარიანი მომხმარებელი ცდილობს დაბალფასიანი პროდუქტი შეიძინოს, სიძვირის გამო კი სურსათის მცირე ნაწილს იძენს. ხორცი და ხოპრცპროდუქტები ერთ-ერთია, რასაც ფასის მატება ჯერჯერობით არ შეხებია. რესპონდენტების თქმით, ხორცი იშვიათი მოხმარების საკვებია, რადგან არსებული ფასი ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

საკვებ პროდუქტებზე სეზონურად მომატებული ფასების დარეგულირებას არ გამორიცხავს „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი, თუმცა, მისივე თქმით, თუ ინფლაცია გაგრძელდა, პროცესი პროდუქტის ღირებულების გაზრდას მაინც გამოიწვევს. პაატა კლდიაშვილის განცხადებით, 2013 წელს შექმნილმა ეკონომიკურმა პრობლემებმა, ეკონომიკური ზრდის ტემპის სიმცირემ, ინფლაციის დაბალმა დონემ და ცენტრალურ ბიუჯეტში შექმნილმა მილიარდი ლარის დეფიციტმა მიმდინარე წლიდან იჩინა თავი და ლარის კურსი ყოვედღიურად უფასურდება დოლართან მიმართებით. ეკონომისტი ამბობს, რომ ქვეყანაში ზომიერი ინფლაცია მთავრობამ უნდა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG