Accessibility links

logo-print

საქართველოში 2015 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯანდაცვაზე ფასებმა 7,3 პროცენტით მოიმატა. მაგალითად, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ფასები 15 პროცენტამდე გაიზარდა. ერთ წელიწადში დაახლოებით 6,6 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელის ფასიც. ასეთია ციფრები, რომელიც საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა ორი დღის წინ გამოაქვეყნა და რომელოც 2015 წლის ინფლაციის მაჩვენებელს ასახავს.

2015 წლის იანვარში, 2014 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1,4 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯანმრთელობის დაცვა: ამ ერთ წელიწადში, როგორც უკვე ვთქვით, ფასები გაიზარდა 7,3 პროცენტით. მათ შორის, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (15,8 პროცენტი).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (20,9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3,6 პროცენტი), თევზეული (3,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4,6 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ფასები, ჯამში, გაიზარდა 6,6 პროცენტით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასი თამბაქოს ნაწარმზე - (9,3 პროცენტი).

ტრანსპორტი კი, ნავთობის ფასების მსოფლიო ტენდენციიდან გამომდინარე, შემცირებულია: ჯგუფში ფასები შემცირდა 5,9 პროცენტით. აღსანიშნავია ფასების კლება საწვავ-საპოხ მასალებზე (-12,3 პროცენტი).

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის იანვარში ფასები არა ტრაგიკულად, მაგრამ გარკვეულწილად გაზრდილია 2014 წლის დეკემბერთან მიმართებაშიც:

2015 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (7,5 პროცენტი), ხილსა და ყურძენზე (4,2 პროცენტი), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (1,3 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები გაიზარდა 4,5 პროცენტით. ჯგუფზე ფასების ზრდა განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 7,6-პროცენტიანმა მატებამ.

ტრანსპორტის ფასში აქაც კლება გვაქვს - აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 3,7-პროცენტიანი კლება, ისევ და ისევ ნავთობის ფასის გამო.

სამწუხაროდ, ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ინფლაციის მასშტაბს ჯერ კიდევ აბალანსებს ნავთობზე შემცირებული ფასები და, შესაბამისად, ტრანსპორტის გაიაფება, 2015 წლის თებერვალი, ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, გარდამტეხი აღმოჩნდა. ლარის კურსის ვარდნის გამო საქართველოში ბუნებრივი აირის ფასი იზრდება და, დიდი ალბათობით, ელექტროენერგიის ფასის ზრდაც არის მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ ფასების შეკავებაზე საუბრობს, ფაქტია, რომ უკვე თებერვლიდან, მაგალითად, „ყაზტრანსგაზმა“ თბილისში მოქმედ კომერციულ სტრუქტურებს ახალი კონტრაქტები გაუფორმა ახალი ფასებით: 90 თეთრი 1 კუბურ მეტრზე, ნაცვლად 75 თეთრისა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის მომსახურება თუ პროდუქცია, რომელსაც ეს კომერციული სტრუქტურები ახორციელებენ, გაძვირდება.

შესაბამისად, თებერვალში ფასების კიდევ მეტად ზრდას უნდა ველოდეთ, რაც, უდავოდ, აისახება მოსახლეობის ჯიბეზე, მოსახლეობისა, რომელსაც ხელფასები, პენსიები და ძირითადი შემოსავალი ლარში აქვს.

ეს კი, თავისთავად, აისახება ინფლაციის მაჩვენებელზეც, რომელსაც საქართველოს სტატისტიკური სამსახური ერთი თვის შემდეგ კიდევ ერთხელ დათვლის.

XS
SM
MD
LG