Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგირში ითხოვენ ასფალტ-ბეტონის ქარხნის დახურვას


ინგირი
ინგირი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის მოსახლეობის ნაწილი სოფელში მოქმედი ასფალტ-ბეტონის ქარხნის დახურვას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ ქარხანა უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს და მუშაობის ნებართვაც არ აქვს. სოფლის მცხოვრებთა ინფორმაციით, დასახლების შუაგულში მოქმედი ქარხნის გამონაბოლქვი და მტვერი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ინგირის მკვიდრის ზაირა ქოჩუას მტკიცებით, დასახლებაში დაბინძურებულია წყალი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი კი იჭვარტლება:

„ძალიან შეწუხებულები ვართ, ვერაფერი ვერ მოვუხერხეთ ამ ხალხს. წყალი არ ვარგა სასმელად: რასაც გავრეცხავთ, რომ ჩამოვკიდებთ, სულ შავია. ხილი არ იჭმევა, რომ არ გავრეცხოთ ისე. ფოთლები სულ დაშავებულია“.

„სანამ შემოწმებაზე არ მოვიდოდნენ, ქარხანა არ უნდა ჩაერთოთ. კვირაში რამდენჯერმე რთავენ, ვამოწმებთო.... ხალხი გამწარებულია ამის გამო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სოფელში მცხოვრებმა ემა შენგელიამ.

ქარხნის დახურვის მოთხოვნით დასახლებაში შეკრებილ მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მალხაზ ჭეჟიაც შეუერთდა. ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ზუგდიდის სამსახური პრობლემის შესახებ ინფორმირებულია:

„გარემოს დაცვის სამინისტროდან აქ როცა მოვიდნენ, მითხრეს, რომ თბილისიდან შესაბამისი ორგანოები შეამოწმებდნენ, მათ ლაბორატორიული დასკვნებიც უნდა დაედოთ, მაგრამ მე ეს დასკვნები არ მინახავს“.

ქარხნის ადმინისტრაციამ ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარი არ გააკეთა, პირად საუბრებში კი ირწმუნებიან, რომ საწარმოს, რომელიც 70 წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და 150-მდე თანამშრომელი ჰყავს, მუშაობისთვის ყველა საჭირო ნებართვა აქვს.

საწარმოს ადმინისტრაციის ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში. სამმართველოს ინსპექტორის თვალმაისა ვეკუას განცხადებით, მოსახლეობამ მათ სამსახურში ქარხნის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. შედეგად, გადამოწმდა, არღვევს თუ არა ქარხანა ადრე გაცემული ნებართვის პირობებს.

„საწარმო გადამოწმდა თავიდან ბოლომდე, აღებულ იქნა ლაბორატორიული სინჯები. გამომდინარე აქედან, მუშაობის შეჩერების არანაირი საფუძველი არ იყო. უბრალოდ, საწარმომ თავად გამოიჩინა ნება, სანამ ეს პროცედურები მიმდინარეობდა, გაჩერებულიყო, თორემ არანაირი უფლება არ გვაქვს საწარმო გაგვეჩერებინა არც ახლა და არც მანამდე“, - განმარტავს თვალმაისა ვეკუა.

ასფალტ-ბეტონის ქარხანა შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველოს“ ეკუთვნის. მისი მფლობელი საპარლამენტო უმცირესობის წევრის მარიამ საჯაიას ძმა, ნიკოლოზ საჯაიაა.

2013 წელს, მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, გარემოს დაცვის სამინისტრომ ქარხანას ფუნქციონირება აუკრძალა და, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე პრიმა მუხლის თანახმად, ფულადი ჯარიმა დააკისრა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ინფორმაციით, ქარხანამ ტექნიკა განაახლა და ამჟამად მისი დახურვის ან მუშაობის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG