Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსთვიანი მორატორიუმი გამოსახლებაზე


საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს 2014 წლის 1 თებერვლამდე იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების შეჩერებას, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე. კანონპროექტის ავტორები ასევე აპირებენ მორატორიუმის პერიოდში ისეთი მექანიზმის შემუშავებას, რომელიც მოვალეებს უძრავი ქონების შენარჩუნებაში დაეხმარება, თუმცა კანონპროექტის ოპონენტები საკუთრების ხელყოფის საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას.

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში მოვალე კარგავს უძრავ ქონებას. გორის რაიონის სოფელ ბერბუკიდან იარდალაშვილების ოჯახის გამოსახლების ამსახველი ეს ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებსაიტზეა განთავსებული:

იპოთეკარი: „დაიცლება ბინა, დაიკეტება და შემდეგ გაიყიდება. ზედმეტი რაც იქნება, წაიღეთ. ჩემი ვალი რაც გაქვთ, ის გადამიხადეთ“.

მოვალე: „კი ბატონო, მაგრამ, ქალბატონო ნარგიზა, თქვენ მშვიდად დაიძინებთ ამაღამ?“
ვიღაცამ დაგეგმა ასეთი პროცესი, რომ ხალხი გამოეყარათ სახლებიდან კანონის ძალით. გამოდის, რომ ახლა ჩვენ ვყრით ამ ხალხს. კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ ვერ ვაღწევთ იმას, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი, მაშინ ამ კანონის ინიციატორები ყველანი ვხდებით გამომყრელები...
გედევან ფოფხაძვ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში იარდალაშვილების ბედი რამდენიმე ასეულმა ოჯახმა გაიზიარა, კიდევ უფრო მეტი კი გამოსახლების მოლოდინშია:

„მე მაქვს ჩემი თეორია იმასთან დაკავშირებთი, თუ რა მოხდა საქართველოში. ამ ფორმით ხალხს გამოუცხადეს ომი. ადრე ავტომატებით ყრიდნენ ხალს საკუთარი ბინებიდან... ვიღაცამ დაგეგმა ასეთი პროცესი, რომ ხალხი გამოეყარათ სახლებიდან კანონის ძალით. გამოდის, რომ ახლა ჩვენ ვყრით ამ ხალხს. კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ ვერ ვაღწევთ იმას, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი, მაშინ ამ კანონის ინიციატორები ყველანი ვხდებით გამომყრელები“.

გედევან ფოფხაძის თქმით, მორატორიუმს, რომლის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის 49 წევრია, მთელი საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივას მხარდამჭერები ჰყავს პარლამენტს გარეთაც. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე, მიიჩნევს, რომ პრობლემამ ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ მის შეჩერებას მხოლოდ სახელმწიფო თუ შეძლებს:

„ეს დასაწყისი არის პირველი მერცხალი და, შესაბამისად, დღევანდელი ხელისუფლება სწორ გზაზე დგას. შემდეგი სვლა უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ბანკების მიმართულებით. პირდაპირ ვიტყვი, ეს ბანკები არც ერთი არ არის დამოუკიდებელი. ყველა ან მოქმედი, ან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისაა“.
ეს ინიციატივა არ გულისხმობს იმას, რომ მოვალეებმა ფული არ უნდა გადაიხადონ და ვალი არ უნდა დააბრუნონ. ამაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვლაპარაკობთ დამატებით უზრუნველყოფის ღონისძიებაზე და ვთვლით, რომ აქ არის დარღვეული უფლებებს შორის ბალანსი...
თამარ კორძაია

თუმცა დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სკეპტიკურად უყურებენ მთავრობაში. შალვა თადუმაძემ, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, 23 ივლისს კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას განაცხადა, რომ მორატორიუმის გამოცხადება არსებითად ვერაფერს შეცვლის, მით უმეტეს, რომ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ აღსრულებას ექვემდებარება. გარდა ამისა, შალვა თადუმაძის თქმით, გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაიცვას სახელმწიფომ იმ პირთა უფლებები, რომლებმაც ფული ვერ გადაიხადეს და არ უნდა დაიცვას იმათი უფლებები, რომლებმაც ფული გაასესხეს და უკან ვერ დაიბრუნეს, თუმცა პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიღებით საკუთრების უფლება არ შეიზღუდება. თამარ კორძაიას თქმით, ერთადერთი შეიზღუდება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უზრუნველყოფის გარანტია:

„რაზე აქვთ საკუთრების უფლება მოქალაქეებს? საუბარია მათ მიერ გაცემულ თანხაზე, რომელსაც ჩვენ არ ვეხებით. ეს ინიციატივა არ გულისხმობს იმას, რომ მოვალეებმა ფული არ უნდა გადაიხადონ და ვალი არ უნდა დააბრუნონ. ამაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვლაპარაკობთ დამატებით უზრუნველყოფის ღონისძიებაზე და ვთვლით, რომ აქ არის დარღვეული უფლებებს შორის ბალანსი და ადამიანების უფლება ცხოვრობდეს ნორმალურ გარემოში“.

სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში, რომლის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია, მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უძრავი ქონებისა და საბანკო ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგანაც პოტენციური ინვესტორები მიიღებენ მკვეთრად ნეგატიურ სიგნალს:
ზურაბ გვასალია
ზურაბ გვასალია

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არამცთუ ახალი საკრედიტო ხაზები ან რესურსები არ გაიხსნება, არამედ რაც არის, შეიძლება ისინიც კი გაითხოვონ უკან. მეორე: ამით ვაჩენთ არასწორ მოლოდინებს, რომ შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს, ანუ ვალების არგადახდა ეპატიოს. და კიდევ: რამდენიც უნდა ვიაროთ ჩაკეტილ წრეზე ამ პრობლემის მოგვარებისას, ბოლოს მაინც მივადგებით ბიუჯეტს. ბიუჯეტი კი მილიონობით ადამიანის შენატანებისაგან ფორმირდება და რატომღაც არავინ ეკითხება ამ ადამიანებს, უნდათ კი სხვისი ვალების გადახდა?“

და მართლაც, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გედევან ფოფხაძე, არც მალავს, რომ, საბოლოო ჯამში, გამოსავალი ბიუჯეტიდან სათანადო თანხების გამოყოფაა. უფრო ზუსტად, დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუ ვერ მოხერხდება მოქალაქეების ბინებიდან გამოსახლების პროცესის შეჩერება, მაშინ ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს ეგრეთ წოდებული სოციალური ბინათმშენებლობა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG