Accessibility links

logo-print

საქართველოში ფასები იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, ინფლაციამ 5,6 პროცენტი შეადგინა, გასულ თვესთან შედარებით კი - 0,9 პროცენტი.

რეალურად მოსახლეობა ფასების გაცილებით საგრძნობ მატებას უჩივის. ამის ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ინფლაციის საერთო მაჩვენებელში ფასების სწრაფ ზრდას ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება „აკავებს“, თუმცა, თუ სხვა არაერთ ჯგუფს გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ფასები მათზე გაცილებით მეტად არის გაზრდილი. მაგალითად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, 12-თვიან პერიოდში გაძვირდა 5,1 პროცენტით; ფასების მნიშვნელოვანი მატება აისახა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,9 %), ზეთი და ცხიმი (11,7 %) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,1 %).

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებითაც ფასების ძალიან სერიოზული ზრდა გვაქვს, სახელდობრ, - 11,0 პროცენტით. ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (22,6 %) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,2 %) ღირებულება.

გაძვირებულია კომუნალური გადასახადებიც, კერძოდ, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეობის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,4-პროცენტიანი მატება;

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეები (10,6 %) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7,1 %); სანაცვლოდ ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,5 %).

რაც შეეხება გასული წლის დეკემბერთან მიმართებით გაზრდილ ფასს, აქ ყველაზე დიდი ზრდა ხილისა და ყურძნის (19,0 %), ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (12,7 %) და რძის, ყველისა და კვერცხის (2,8 %) ქვეჯგუფებზე მოდის.

ჯანმრთელობის დაცვა წინა თვესთან მიმართებითაც გაძვირდა 1,3 %-ით, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 3,6%-ით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფლაციის 6-პროცენტიან ნიშნულში შეკავების ძირითადი წინაპირობა ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი შემცირებაა. რომ არა ეს ფაქტორი, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა. თუმცა ეს პროცესიც მუდმივი არაა. მაგალითად, გუშინ, პირველად ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნავთობის ფასმა 35 აშშ დოლარს გადააჭარბა.
„ბრენტის“ მარკის ნავთობის ღირებულება 1,6 %-ით გაიზარდა და 35,6 აშშ დოლარი შეადგინა, WTI-ის ნავთობის ფასმა კი 1,8 %-იანი ზრდა დააფიქსირა და 32,8 აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ასევე ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ფასების ზრდის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროში, რაც მოსახლეობასაც უძვირებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და სახელმწიფოსაც უძვირებს საყოველთაო ჯანდაცვას, რაც, შესაძლოა, საკმაოდ მძიმედ აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG