Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმაციით გართობის საფრთხე მსოფლიოსა და საქართველოში


ოქსფორდის ლექსიკონის განმარტებით, 2016 წლის მთავარ სიტყვად დასახელდა „პოსტსიმართლე“. „გამოგონილი ახალი ამბები“, „ინფორმაციით გართობა“, „ინფორმაციის მიზანმიმიმართულად არასწორი გავრცელება“, იგივე დეზინფორმაცია - ეს არის არასრული ჩამონათვალი ცნებებისა, რომლებიც ბოლო პერიოდის სოციალური და პოლიტიკური დისკუსიების დროს გვესმის. სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ერთობლივად მიუთითებენ საფრთხეებზე, რომელთა პირისპირაც აღმოჩნდა თანამედროვე მსოფლიო, საქართველოს ჩათვლით. იმ ექსპერტთა შორის, რომლებსაც ვესაუბრეთ ამ თემაზე, არის საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაკონსულტანტი, თბილისში მოღვაწე ჟურნალისტი ონიკ ჯეიმს კრიკორიანი. დღეს შემოგთავაზებთ მასთან ინტერვიუს მოკლე ვერსიას.

გადმოწერა

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა მთავარი საფრთხეები ახლავს „გამოგონილი ამბების“ გავრცელებას?

ონიკ ჯეიმს კრიკორიანი: არსებობს საფრთხე, რომ ყველა ამბავს „გამოგონილი ამბავი“ ვუწოდოთ. მაგალითად, შეიძლება რუსეთმა თქვას, რომ ის, რასაც რადიო თავისუფლება ამბობს, „გამოგონილია“. ამ გზით უფრო მარტივდება იმ მედიასაშუალებების კრიტიკა, რომელიც არ მოგვწონს. დღეს უკვე ძალიან ბევრი ვინმე იყენებს ამ ცნებას, მათ შორის დონალდ ტრამპი, რომელმაც „გამოგონილი ამბები“ ახსენა, როდესაც სცადა, თავი აერიდებინა ჟურნალისტის კითხვისთვის. ტრამპის მხარდამჭერებს კი უკვე სჯერათ, რომ „სი-ენ-ენი“ მართლაც „გამოგონილ ამბებს“ ავრცელებს. ვფიქრობ, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ამ ტერმინის გამოყენებისას. შეგიძლიათ ისაუბროთ ჟურნალისტიკაზე, რომელიც ფაქტებს არ ემყარება, შეგიძლიათ ახსენოთ დეზინფორმაცია, მაგრამ უმჯობესია, ნაკლებად გამოიყენოთ „გამოგონილი ამბის“ ცნება. ამავე დროს, ჩემი დაკვირვებით, „გამოგონილი ამბები“, რომლებსაც ხალხის შეხედულებათა მანიპულაციის მიზნით იყენებენ, ეკონომიკური შემოსავლის წყაროც გახდა. ამის მაგალითია ქართველი და მაკედონიელი ახალგაზრდების გადაწყვეტილება, შეექმნათ ყალბი ვებსაიტები, რომელთაც მათთვის ფული უნდა მოეტანა. ვფიქრობ, მათ ნაკლებად ადარდებდათ „გამოგონილი ამბების“ გზით პოლიტიკური აზრის მანიპულაცია.

რადიო თავისუფლება: თქვენ ისაუბრეთ „გამოგონილი ამბების“ წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაკლზე. ისიც ახსენეთ, რომ პირველ რიგში აუცილებელია განვსაზღვროთ, რას ვუწოდებთ „გამოგონილ ამბავს“. და მაინც, თუ გადაწყდა, რომ საჭიროა ბრძოლა ასეთ ამბებთან, როგორ ფიქრობთ, საამისოდ საუკეთესო გზა რა იქნება?

ონიკ ჯეიმს კრიკორიანი: ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება სოციალურ მედიას, თუმცა არა ბიზნესის შეზღუდვის ხარჯზე. ფეისბუკმა, ფაქტების გადამოწმების მიზნით, სწორედ ახლა დაიწყო თანამშრომლობა დიდ საინფორმაციო სააგენტოსთან, რაც გულისხმობს იმას, რომ გადამოწმდება და სახელი დაერქმევა იმას, თუ რა არის ნამდვილი ამბავი და რა - „გამოგონილი ამბავი“. პრობლემას ეს სრულად ვერ მოაგვარებს, რადგან რთულია, ადამიანს აუკრძალო ყალბი საიტების შექმნა. ამის მაგალითია ჯიჰადისტების მიერ შექმნილი საინფორმაციო საიტები. ერთს რომ გააუქმებ, მალევე გამოჩნდება მეორე მსგავსი საიტი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სოციალურ მედიას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, აუცილებელია, მედიამ გაზარდოს მის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაც პროფესიული მუშაობის გაუმჯობესების ხარჯზე მიიღწევა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ტრადიციული მედიის მიმართ ახლა ისეთივე ნდობა არსებობს, როგორიც ადრე იყო. კავკასიის კვლევითი რესურსების ერთ-ერთი უახლესი გამოკვლევის თანახმად, საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის შემცირებული მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა. ასეა აშშ-შიც. ამიტომ არის მნიშნველოვანი მეინსტრიმული მედიის პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის გაზრდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია წიგნიერების საკითხი, რაც გულისხმობს, რომ ინტერნეტის ყველა მომხმარებელს ელემენტარული ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეს. ძალიან მაშფოთებს, ის რომ ბევრი სრულიად გაუცნობიერებლად იყენებს სოციალურ მედიას. ჩემი მეგობრებიც კი, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, საკმარისად კრიტიკულად არ ეკიდებიან ინტერნეტით გავრცელებულ ამბებს. ისინი ჯერაც ფიქრობენ, რომ, თუ კონკრეტულ ამბებს ინტერნეტში ჰყვებიან, ე.ი. ეს ნამდვილი ამბებია. არადა, ხომ ვიცით, რომ ასე არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG