Accessibility links

logo-print

იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტები იზრდება, შრომისუნარიანი მოსახლეობა კი მცირდება


ქუთაისი

ქუთაისი

იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ რეგიონის განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია დაამტკიცა და იმსჯელა მომავალი წლის პრიორიტეტებზე, რომლებიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2015 წელს განსახორციელებელი პროექტები გზების კეთილმოწყობას, წყლის სისტემის რეკონსტრუქციას, ბაგა-ბაღების, მუსიკალური სკოლების, კულტურის ცენტრების, სპორტული კომპლექტების შენობების რეკონსტრუქციას და სხვა სამუშაოებს ითვალისწინებს. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 15 მილიონი ლარი, ქუთაისში დაიხარჯება. წყალტუბოში სამ-ნახევარი მილიონი ლარის სამუშაოები ჩატარდება. 3-3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისთვის, საჩხერეში, ხარაგაულსა და სამტრედიაში კი ორ-ნახევარი მილიონი ლარის პროექტები განხორციელდება. 2 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაა დაგეგმილი ხონის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში. ვიცე-გუბერნატორ ალექსანდრე იოსებაშვილის ინფორმაციით, 2014 წელს რეგიონების განვითარების ფონდიდან იმერეთისთვის გამოყოფილი იყო 35 მილიონი ლარი, მომავალ წელს კი ეს თანხა თითქმის 10 მილიონით გაიზრდება.

საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში ასახულია რეგიონის მდგომარეობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ იმერეთის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 5 ათასით შემცირდა, მიმდინარე წლისთვის ადამიანების თითქმის ნახევარი ცხოვრობს მუნიციპალიტეტების ქალაქებში, 52% კი სოფლებში. ამასთან, რეგიონის მოსახლეობის მესამედი ქუთაისის მცხოვრებია. იმერეთში სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა მოსახლეობის 11 %-ია. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონიდან შრომითი მიგრაციაა და, შესაბამისად, მცირდება შრომისუნარიანთარაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, უმუშევრობა იმერეთში მაღალია და თვითდასაქმებულთა რაოდენობა მოსახლეობის 65%-ს შეადგენს. ასეთი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. სტრატეგიული განვითარების გეგმაში შეტანილი რეგიონის ფაქტორული ანალიზით, იმერეთში მოსახლეობის უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი და სოციალური უზრუნველყოფის არადამაკმაყოფილებელი დონეა, სუსტადაა განვითარებული მუნიციპალური სერვისები და ინფრასტრუქტურა. სოციალური განვითარებისთვის საფრთხისშემცველია რეგიონიდან შრომისუნარიანი მოქალაქეების გასვლა. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე, რომელიც იმერეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგიის განხილვას დაესწრო, მიიჩნევს, რომ პრიორიტეტების განსაზღვრა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოსახლეობის ხელშეწყობისთვის აუცილებელია.

ამასთან, იმერეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში პრიორიტეტებად დასახელებულია რეგიონის მცხოვრებთა საჭიროებებზე მორგებული მართვის სისტემების შექმნა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მათ შორის ტურისტებისთვის, და სოფლის მეურნეობის განვითარება.

XS
SM
MD
LG