Accessibility links

კახელი გამგებლები ფიქრობენ, რომ პრემიერის კრიტიკა მათ არ ეხებათ


ლაგოდეხი

ლაგოდეხი

პრემიერ-მინისტრის კრიტიკას და მოწოდებას, რომ თვითმმართველობებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იტვირთონ, კახეთის თვითმმართველი ორგანოების პირველი პირების უმეტესობა საკუთარ თავზე არ იღებს. გამგებლები და მერები ამბობენ, რომ ისინი გაწერილი გეგმის მიხედვით მუშაობენ და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დათქმულ დროში ახორციელებენ.

დედოფლისწყაროს გამგებლის ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, წელს ექვსი პროექტი უნდა განახორციელონ და ყოველ მათგანზე ტენდერი გეგმის მიხედვით გამოცხადდა.

კითხვა: თქვენ შეგიძლიათ აიღოთ საკუთარ თავზე პრემიერის კრიტიკა?

პასუხი: ამ ეტაპზე დედოფლისწყაროში ტენდერი გამოცხადებული იყო 6 პროექტზე დაყველა მათგანზე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და საქმე დაწყებულია. აქ მაგ მხრივ პრობლემა არ არსებობს.

კითხვა: წელს რა პროექტებს ახორციელებთ? თუნდაც ეს ექვსი პროექტი რა არის?

პასუხი: გზები, წყალმომარაგება და სანიაღვრე სისტემები. გასულ წელსაც მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების 100% -იანი ათვისება მოხდა და მას დაემატა ადგილობრივი პროექტებიც.

"ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას," - ეს სიტყვები ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, ხოლო გაფრთხილების ადრესატები თვითმმართველობები არიან.

„გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები.მათ აიღეს პასუხისმგებლობა მოსახლეობის მიმართ, ვინც ისინი აირჩია. თუ ისინი არაეფექტურები არიან და ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი“.

თელავის მერ პლატონ კალმახელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან ირკვევა, რომ ის პრემიერ-მინისტრის ამ გაფრთხლებას საკუთარ თავზე არ იღებს და ამბობს, რომ კარგად მუშაობენ:

„2015 წლის გეგმა მიმდინარეობს გრაფიკით. 1 მილონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი რეგიონალურპროექტებზე და ჩვენ გრაფიკის მიხედვით მივყვებით ამ სამუშაოებს. მიმდინარეობს დაპროექტება,რომელიც დასრულდება 10 მარტს. შემდგომ კი ტენდერი გამოცხადდება კონკრეტულ სამუშაოებზე“.

კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხები რომ არსებობს და საქმე ვერ კეთდება, ამის შესახებ ლაპარაკობს ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც. ნოდარ ხადური სამუშაოების შეფერხებას ბიუროკრატიულ პროცედურებს უკავშირებს, თუმცა ასე არ ფიქრობს ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია, რომელიც გვეუბნება, რომ თანხებს გეგმის მიხედვით, გაწერილ დროში დახარჯავენ:

„ლაგოდეხში 15 პროექტი დაგვიფინანსა რეგიონალურმა სამინისტრომ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც მარტის თვეში დასრულდება, შემდგომ კი გამოვაცხადებთ ტენდერებს, რომელიც აპრილიში დასრულდება და დაიწყება სამუშაოები“.

როგორია ამომრჩევლის თვალით დანახული თვითმმართველი ორგანოები? ამას გვიჩვენებს ქუჩის გამოკითხვა:

„თუ თანხა აქვთ, უნდა დახარჯონ“.

„მე აფენიდან ვარ და როცა ვითხოვე სოფელში გზის მოხრეშვა, მითხრეს, რომ ბიუჯეტში თანხა არ გვაქვსო“.

„თავის ჯიბისთვის არიან ყველა“.

„არაფერი არ კეთდება ლადოდეხში“.

პრემიერ-მინისტრი კრიტიკისა და მოწოდების შემდეგ უშუალოდ შეხვდა რეგიონის გუბერნატორებს, მაგრამ ეს შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ღარიბაშვილი ანალოგიურ შეხვედრას გეგმავს გამგებლებთანაც.

XS
SM
MD
LG