Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ბერძენიშვილი: „სამოსნები ვართ ყველგან“


ეკა გიგაური, ლევან ნატროშვილი
ეკა გიგაური, ლევან ნატროშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა გამოკვლევის შედეგები მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისადმი ნდობის თაობაზე. გამოკვლევაში, რომელიც 2016 წლის 15-28 მარტს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

იყენებენ თუ არა საჯარო მოხელეები ბოროტად თანამდებობას პირადი მიზნების მისაღწევად? ემსახურება თუ არა შსს მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს? გსმენიათ თუ არა პროკურატურის რეფორმის შესახებ? როგორია საქართველოს სასამართლო სისტემა - პოლიტიზებული, კვალიფიციური, მიკერძოებული თუ სამართლიანი? - ამ და კიდევ სხვა კითხვებზე პასუხებს ეყრდნობოდა იმ გამოკვლევის შედეგები, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ჩაატარა და საქართველოში მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისადმი ნდობას მიეძღვნა. ცხადია, საკვლევ პერიოდად 2016 წელია შერჩეული, თუმცა დოკუმენტში, შედეგების შესადარებლად, 2015 და 2013 წლის მსგავსი გამოკითხვის პასუხებიცაა ასახული. ასე მაგალითად, 2013-15 წლებთან შედარებით, 11 %-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ საჯარო მოხელეების მიერ პირადი მიზნების მისაღწევად თანამდებობის ბოროტად გამოყენება ძალიან გავრცელებულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოკვლევის ერთ-ერთ კომპონენტზე, კერძოდ, გასულ წელს პროკურატურაში გატარებულ რეფორმაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გამოკითხული მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, 70 %-მა, რეფორმის შესახებ არაფერი იცის, გარდა ამისა, „უმეტესობა თვლის, რომ პროკურატურა პოლიტიზებულია. ასევე არ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ შსს-ც პოლიტიზებულია“.

ეს პარლამენტი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ მისი ჩამორჩენა რომელიმე სხვა სტრუქტურისგან მე არ შემიმჩნევია. დაახლოებით, ის დონეა, რა დონისაც არის ჩვენთან ყველაფერი. მე არ ვგულისხმობ მწერლობას, სადაც ყოველთვის შეიძლება მოხდეს გარღვევა, მაგრამ როგორი მთავრობაც გვყავს, პარლამენტიც ისეთი გვყავს...
ლევან ბერძენიშვილი

ეკა გიგაურის მიერ ნახსენები და რიცხვებში ასახული გამოკითხვის შედეგები კი ასე გამოიყურება: გამოკითხულთა უმეტესობა, 43%, თვლის, რომ შსს მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ემსახურება. კიდევ ერთი ინსტიტუტი, რომელსაც გამოკითხული მოქალაქეების 46 % პოლიტიზებულად მიიჩნევენ, სასამართლო სისტემაა. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გამოკითხულთა ასევე 46 % სასამართლო სისტემას კვალიფიციურად მიიჩნევს. ლევან ნატროშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, გამოკვლევის კიდევ ერთ კითხვაზე საუბრობს - კითხვაზე, რომელიც, მისი თქმით, არაფორმალურ მმართველობას ეხება:

„კონკრეტულად ავიღეთ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა 2015 წლის ბოლოს და ვკითხეთ მოსახლეობას იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, რატომ მიიღო ღარიბაშვილმა ეს გადაწყვეტილება. გამოკითხულთა 43 % ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი, ხოლო 21 % თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის მიზეზით არ გადამდგარა“.

ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შორის ყველაზე ნაკლებ ნდობას საქართველოს პარლამენტი იმსახურებს. პარლამენტს სრულ ნდობას გამოკითხულთა მხოლოდ 5 % უცხადებს, ნაწილობრივ ნდობას კი - 35 %. პარლამენტის წევრის, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილისთვის ამგვარი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა და ამას, მისი აზრით, სტრუქტურული მიზეზი აქვს. მისი თქმით, საქართველოში პარლამენტი არასდროს სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით:

„ეს პარლამენტი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ მისი ჩამორჩენა რომელიმე სხვა სტრუქტურისგან მე არ შემიმჩნევია. დაახლოებით, ის დონეა, რა დონისაც არის ჩვენთან ყველაფერი. მე არ ვგულისხმობ მწერლობას, სადაც ყოველთვის შეიძლება მოხდეს გარღვევა, მაგრამ როგორი მთავრობაც გვყავს, პარლამენტიც ისეთი გვყავს. ჟურნალისტებიც და საზოგადოებრივი თვითშეგნებაც, დაახლოებით, ისეთია. ანუ, ძირითადი მიმართულებებით, ყველაფერში სამოსნები ვართ“.

რაკი სამოსნებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ისიც უნდა ითქვას, რომ, წინა წლების მსგავსად, 2016 წელს გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა, 35 %, ყველაზე მეტად ენდობა მასწავლებლებს, შემდეგ - ექიმებს. მათ მოსდევს პოლიცია, პრეზიდენტი და, ბოლოს, პრემიერ-მინისტრი. ამასთან, 2015 წელთან შედარებით, 12 %-ით არის გაუმჯობესებული პრემიერ-მინისტრის მიმართ ნდობის მაჩვენებელი.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე, პოლიტოლოგი, თვლის, რომ ერთ-ერთი დამაფიქრებელი ტენდენცია, რომელიც როგორც ამ, ისე სხვა გამოკითხვებშიც ჩანს, იმ ინსტიტუტებისადმი ნდობის დაბალი ხარისხია, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავენ - მათ შორის, პარლამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია. განსაკუთრებით გამოყოფს ის საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ნდობას:

„პარლამენტი რეალურად არის ის მთავარი არენა, სადაც პოლიტიკოსები მოქმედებენ, რომელშიც, წესით, უნდა მიმდინარეობდეს მთავარი დებატები ქვეყნის პოლიტიკური მომავლის, ქვეყნის პოლიტიკის შესახებ და, როგორც ჩანს, ამას სათანადო დოზით ვერ ხედავს ამომრჩეველი დ ეს აისახება კიდეც განწყობებში, რასაც ასევე განაპირობებს ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური სტაგნაცია, სოციალური პრობლემები, რომელიც, რა თქმა უნდა, იწვევს ფრუსტრაციას და გულის აცრუებას იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდეს“.

რაც შეეხება კონკრეტულად პარლამენტისა და პარლამენტარებისადმი მოქალაქეების დამოკიდებულების შესწავლას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოკვლევის შედეგები. გარდა ამისა, იგეგმება გამოკვლევის გამოქვეყნება ჯანდაცვის რეფორმისა და ასევე დასაქმების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG