Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: თბილისში ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ტერაქტის მცდელობის აღკვეთის შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე აღიკვეთა. ”საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შსს-ს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს გამთენიისას თბილისში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას აღმოჩენილია დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, პლასტიდი, ელექტროდეტონატორები, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია” - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებით თანახმად, ”გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.” საქართველოს შსს-ს განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტერაქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების, ხელშემწყობებისა და მფარველების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რადგან მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავებმა ჯერ კიდევ 2012 წელს დააკავეს. ”ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე და გვსურს დაგარწმუნოთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ტერორიზმის საფრთხისგან საქართველოს მოქალაქეების დაცვის მიზნით” - ნათქვამის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG