Accessibility links

logo-print

კვირის დასაწყისში ევროპული პრესა ბევრს წერდა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის ვიზიტზე ბრიუსელში. ამ ვიზიტის ფარგლებში უნდა განეხილათ ერთობლივი სტრატეგია ლტოლვილთა კრიზისთან გასამკლავებლად. შვეიცარიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „ტაგეს-ანცაიგერი“ 5 ოქტომბერს წერდა: „სკეპტიკოსები ყოველთვის ამბობდნენ, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური ერთობის დასასრული იქნებოდა, რომ ეს იქნებოდა ევროპული პროექტის სიკვდილი. ნუთუ მართლაც ასეა? შიდა კონფლიქტები თურქეთის იდენტობის ნაწილია, მაგრამ ეს მისი დადებითი მხარეც არის - მიზეზი, სწორედ თურქეთი რატომაც იმსახურებს ადგილს თემში, როგორც გარეთ მომზირალი ევროპის ნაწილი. თუმცა, თუ ევროპა მას გაწევრიანების უფლებას მისცემს, ევროპა ვეღარ მოიქცევა ისე, თითქოს ამასთან საერთო არაფერი ჰქონდეს მუსლიმურ სამყაროს. „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხე და ლტოლვილთა კრიზისი საპირისპიროს აჩვენებს. და სახელმწიფოს მეთაური, რომელიც სულთანს ჩამოჰყავს, არ უნდა იყოს თურქეთთან დისტანციის შენარჩუნების მიზეზი. ერდოანის მზე ჩადის. შესაძლოა მას კვლავაც აქვს ძალა კიდევ ერთხელ მოახდინოს განახლება. მხოლოდ ეს მისცემს მას ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას. მის შემდეგ თურქეთს ევროკავშირი ისე დასჭირდება, როგორც არასდროს“.

ავსტრიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „შტანდარტი“ ასევე 5 ოქტომბერს წერდა: „თურქეთში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ... ოთხი კვირით ადრე რეჯეპ ტაიპ ერდოანი ბრიუსელში ჩადის. მას სურს სავიზო გამონაკლისები მიიღოს თურქეთის მოქალაქეებისთვის, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაში ახალი ეტაპი დაიწყოს და ფული მიიღოს. მაგრამ ამ ყველაფერზე მეტად მას თურქეთის მედიაში ფოტოების ხილვა სურს - ერდოანი, ევროპის მხსნელი. ... პოპულიზმის და პოლიტიკური მარცხის ეს ნაზავი ძნელი მოსანელებელია. რომც სურდეს, ერდოანი ვერ შეძლებს ორ მილიონზე მეტი ლტოლვილის პატიმრად დატოვებას თავის ქვეყანაში. ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები დიდი ხანი უგულებელყოფდნენ თურქეთში შექმნილ ლტოლვილთა პრობლემას, მაგრამ დახმარების მიღება არც ერდოანს სურდა. ახლა კი ბრიუსელი მას სთხოვს მოქმედებას იმ ფონზე, როცა მის კრიტიკოსებს უპრეცედენტო სიმძლავრით ახშობენ და თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამოქალაქო ომის მსგავსი პირობებია“.

კვირის მეორე ნახევარში დასავლეთის პრესაში ბევრი დაიწერა სირიაში რუსეთის ინტერვენციასა და კრიტიკაზე, რომელიც ამ ინტერვენციამ ნატოსგან დაიმსახურა. ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ალიანსმა მოსკოვს მოუწოდა შეწყვიტოს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დახმარება და ხელი შეუწყოს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას. ბრიტანეთში გამომავალი, კონსერვატიული ორიენტაციის „ტაიმსი“ 8 ოქტომბერს წერდა, რომ პუტინი ამ ნაბიჯით თავის ქვეყანას საფრთხეში აგდებს: „მთელი ყურის გასწვრივ ქადაგებებისას სუნიტებს მოუწოდებენ არა მხოლოდ წმინდა ომი გააჩაღონ, არამედ იარაღი აიღონ ხელში რუსების წინააღმდეგ. აწესებენ ჯილდოებს რუსი ჯარისკაცების შეპყრობისთვის. ჩრდილო კავკასია, რუსეთის საჰაერო დარტყმებით უფრო დაცული კი არ ხდება, სავარაუდოდ, ის გადაიქცევა პუტინის უკანა ეზოში მდებარე ბრძოლის ველად. ქვეყნის შიგნით ომის მიმართ ენთუზიაზმი გაქრება მაშინვე, როგორც კი ოჯახებში მკვდარ ჯარისკაცებს ჩამოასვენებენ. ... როგორც უკრაინის შემთხვევაში, ბატონმა პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა - ის არის ლიდერი, რომელიც გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს“.

საფრანგეთში გამომავალი კონსერვატიული გამოცემა „ფიგარო“ 9 ოქტომბერს წერდა, რომ რუსეთი ამ დარტყმებით „ისლამურ სახელმწიფოს“ აძლიერებს: „კრემლის ლიდერის აღქმით, ჩეჩნეთში შემუშავებულმა მეთოდმა გაამართლა. მაგრამ რუსეთი საკმაოდ დიდ რისკზე მიდის, როცა თავის გზაზე ყველაფერს უგულებელყოფს იმ სივრცეში, რომელშიც ერთმანეთს ორი კოალიცია ებრძვის უზენაესობისთვის. ზოგი შიშობს, რომ მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას ერთი ნაპერწკალიღა სჭირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ საქმე აქამდე არ მივა. მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიცია ყველაზე უკეთ შეიარაღებულ ჯგუფს ჩაუვარდება ხელში. და ეს ჯგუფი, შესაძლოა, იყოს „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც რუსეთის საჰაერო დარტყმები ჯერჯერობით არ შეხებია. მწარე ირონია იქნება, თუ იმ მეთოდებს, რომლებსაც ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი იყენებენ, მოჰყვება იგივე ეფექტი, რაც მოჰყვა ჯორჯ ბუშის მიერ ამერიკული იმპერიალიზმის სახელით გამოყენებულ მეთოდებს, სადამ ჰუსეინის დამხობის მიზნით“.

მიმოხილვის ბოლოს მოგითხრობთ სტატიაზე, რომელიც საქართველოსაც ეხება. „უცხოელები დომინირებენ ორგანიზებულ დანაშაულში“ - ასეა დასათაურებული 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც დაბეჭდა გერმანიაში გამომავალმა გაზეთმა „ველტმა“. გამოცემას მოაქვსგერმანიის კრიმინალური უწყების მონაცემები. თანახმად ამ მონაცემებისა, გერმანიაში დანაშაულის ჩამდენთა უდიდეს ჯგუფებს ლიტველები და თურქები წარმოადგენენ. შინაგან საქმეთა მინისტრის თომას დე მეზიერის თქმით, ეჭვმიტანილთა უმეტესობა, ლიტვისა და თურქეთის შემდეგ, პოლონეთის, რუმინეთის და იტალიის მოქალაქეები არიან. იქვე მინისტრმა დასძინა, რომ, შარშანდელთან შედარებით, სწრაფად იზრდება რუმინეთის და საქართველოს მოქალაქეების წილი, შესაბამისად - 216 და 203 პროცენტით. კრიმინალური უწყების ხელმძღვანელის ჰოლგერ მიუნხის თანახმად, ქართველების შემთხვევაში პირდაპირი კავშირია თავშესაფრის ძიებასა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის. მიუნხის თქმით, ექვსჯერ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა შორის ქართველების რიცხვი, თუმცა მათი განაცხადის დაკმაყოფილება არასოდეს ხდება. შესაბამისი უწყებები, წერდა გაზეთი „ველტი“, ვარაუდობენ, რომ საქმე გვაქვს თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებასთან ბინების ძარცვის მიზნით. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქართველების შემთხვევაში განსაკუთრებულ ფენომენთან გვაქვს საქმე. სტატიის ავტორების ცნობით, გერმანიის უშიშროების სამსახურები აპირებენ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ქართველ კოლეგებთან, რის თაობაზე მინისტრებს შორის შეთანხმებაც გაფორმდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG