Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის დამაჯერებელი გამარჯვებაა, რასაც აშშ-ისა და ევროპის ლიბერალური მედია იმედგაცრუებით შეხვდა, მაშინ როცა ევროპის კონსერვატიული და მემარცხენე-ცენტრისტული გაზეთები ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით დასრულდება აშშ-ის, როგორც „მსოფლიო ჟანდარმის“, როლი და ევროპული ქვეყნები იძულებული გახდებიან, თავად იზრუნონ საკუთარ თავზე.

ფართო გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის წამყვანი მემარცხენე ლიბერალური „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატიას, სახელწოდებით „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი“, რომლის ერთ ციტატა განსაკუთრებით პოპულარული იყო გლობალურ სოციალურ ქსელებში. „დონალდ ტრამპი სამშაბათს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად აირჩიეს. ეს არის ის სიტყვები, რომლის დაწერაც, ვიმედოვნებდით, არასოდეს მოგვიხდებოდა. მაგრამ ბატონმა ტრამპმა შოკში ჩააგდო სოციოლოგები. ეს იყო ტალღა, რომლის ძირითადი მამოძრავებელიც აღმოჩნდნენ აგრარული და „ჟანგიან სარტყლად“ წოდებული ინდუსტრიული რეგიონების ამომრჩევლები, რომლებიც პოლიტიკური ისტებლიშმენტისაგან თავს გარიყულად მიიჩნევდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ტრამპი ამას არასოდეს გააკეთებდა, მის მეტოქე ჰილარი კლინტონს არჩევნებში რომ გაემარჯვა, ყველა ამერიკელი ვალდებულია დაეთანხმოს ამომრჩეველთა ნებას და იმუშაოს ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოსათვის რაც შეიძლება უკეთესი შედეგის მისაღწევად“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“ და შემდეგ მის ზოგიერთ სახიფათო წინასაარჩევნო დაპირებას შეახსენებს არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც ისეთი უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა ლიბერალური დემოკრატიის დაღმასვლა და უნდობლობა აშშ-ის ლიდერობის მიმართ, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალის ზრდა და რუსეთისა და ჩინეთის „კუნთების თამაში“. „წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბატონი ტრამპი ლაპარაკობდა ჰილარი კლინტონის დაპატიმრებაზე, სასამართლოთი ემუქრებოდა იმ ქალებს, რომლებმაც იგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, ამბობდა, რომ დაასაჭურისებდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და აკრძალავდა პრესის თავისუფლებას. ბატონი ტრამპი პირობას დებდა, რომ მილიონობით ადამიანს გაასახლებდა, გააუქმებდა საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს, შემოიღებდა სპეციალურ ტესტს აღმსარებლობისათვის და ჩაშლიდა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. თუ ბატონი ტრამპი გადაწყვეტს, რომ იმოქმედოს ამ მიზნებისა და მისწრაფებების მისაღწევად, მაშინ სხვები უნდა გამოვიდნენ ქუჩებში კონსტიტუციური პრინციპების დასაცავად და შეახსენონ მთავრობას მისი მოვალეობა. სამართალდამცველმა სტრუქტურებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ მათი უკანონოდ გამოყენების მცდელობას, ხოლო სასამართლოს, სახელმწიფო სამსახურებს, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევთ. ამერიკელები არ არიან და არც არასოდეს იქნებიან სისხლითა და რელიგიით გაერთიანებულნი, არამედ მათ აერთიანებთ ერთგულება მართვის დემოკრატიული სისტემისადმი, რაც ძალაუფლების განაწილებას, კანონის უზენაესობას და პიროვნების ღირსების პატივისცემას ეფუძნება“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

გლობალური ლიბერალური წესრიგისათვის სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს დონალდ ტრამპის გამარჯვებას ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“. „გლობალიზაციამ მილიონობით ადამიანი გადაარჩინა სიღატაკეს, განსაკურებით - აზიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ წარმოადგენს დედაბოძს მრავალმხრივი სავაჭრო სისტემისა. ტრანსატლანტიკური სავაჭრო პარტნიორობა მოკვდა. და თუ ბატონი ტრამპი, როგორც იმუქრება, ზურგს შეაქცევს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას და ნაფტას (ჩრდილო-ატლანტიკის ვაჭრობის თავისუფლების შეთანხმებას) და დაიწყება სატარიფო ომი გლობალურ პარტნიორებთან, მაშინ მსოფლიო კიდევ უფრო გაღარიბდება,“ - წერს „ფაინენშელ თაიმსი“.

თუმცა „ფორინ პოლისი“ ცდილობს დაამშვიდოს სკეპტიკურად განწყობილი პუბლიკა და ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა შესაძლოა არც ისეთი საშინელი აღმოჩნდეს, როგორიც ახლა ჩანს.

„თეთრ სახლში შესვლამ ტრამპზე, შესაძლოა, კეთილისმყოფელი გავლენა იქონიოს. თუ ტრამპი საკუთარ ადმინისტრაციას დააკომპლექტებს მთავრობაში მუშაობის მქონე, კომპეტენტური პროფესიონალებით, თუ იგი ყურს დაუგდებს მათ რჩევებს, მაშინ ტრამპი მართლა შეძლებს სტარტი მისცეს საკმაოდ პირობითი კონსერვატიული პროგრამის განხორციელებას. მას შეუძლია განსაკუთრებით პოზიტიური შედეგის მიღწევა ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომლის მიხედვითაც იგი აპირებს გადასახადებისა და რეგულაციების შემცირება, რასაც მართლაც შეუძლია ეკონომიკური ზრდის სტიმულირება“, - წერს „ფორინ პოლისი“.

რაც შეეხება ევროპულ პრესას, ატლანტიკის მეორე ნაპირზეც დონალდ ტრამპის გამარჯვებამ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ევროპული მედიის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ დაუბრუნდება იზოლაციონიზმის პოლიტიკას და ევროპამ საკუთარ თავს თავადვე უნდა მიხედოს. ასეთი აზრია გატარებული გერმანულ მემარცხენე-ცენტრისტულ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგში“. „გერმანიისათვის სამყარო შეიძლება უფრო მეტად შეიცვალოს, ვიდრე ეს მოხდა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ. თუ საარჩევნო დაპირებას არ შეცვლის, დონალდ ტრამპი ყველა მის წინამორბედზე უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული ამერიკაზე. დიდი ალბათობით, ის ევროკავშირიდან გაიტანს თავდაცვის ქოლგის ბოლო ნარჩენებსაც, რომელიც აშშ-მა ჯერ გერმანიის ძველ ფედერაციულ რესპუბლიკაში, შემდეგ გაერთიანებულ გერმანიასა და ევროპაში განათავსა. ვაშინგტონს აწევს ძირითადი ტვირთი საერთაშორისო კრიზისების მოგვარების საქმეში? ეს მდგომარეობა შეიცვლება. ამერიკას ეკუთვნის ლომის წილი ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების ორგანიზებაში? შემდგომში ამის იმედი აღარ გქონდეთ... საერთაშორისო საქმეებში მეტი პასუხისმგებლობა გერმანიამ უნდა იკისროს. არა იმიტომ, რომ ეს მომხიბვლელია, არამედ დასრულდა განზე დგომის დრო, როდესაც ამას სხვები აკეთებდნენ“, - წერს გერმანული მემარცხენე-ცენტრისტული „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG