Accessibility links

დავიწყოთ საქართველოს შესახებ წერილით, რომელიც პარასკევ საღამოს გამოქვეყნდა ფორინ პოლისის ბლოგზე „Тhe Cable”. ტექსტის სათაურია „აშშ-ის ელჩი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა“, ავტორი კი ჯოშ როგინი გახლავთ. წერილი, როგორც სათაურიდანაც ჩანს, თბილისში პარასკევს მომხდარ ამბებს ეხება. „საქართველოში აშშ-ის ელჩს და სხვა რამდენიმე ამერიკელ დიპლომატს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ეროვნული ბიბლიოთეკის დატოვება მოუწიათ მას შემდეგ, რაც გაბრაზებული დემონსტრანტების ბრბომ სცადა არ დაეშვა იქ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა“, - ვკითხულობთ ბლოგზე, სადაც შემდეგ მოყოლილია, რომ ძალადობრივი ჯგუფი საქართველოს პარლამენტარებს ფიზიკურადაც დაესხა თავს. ჯოშ როგინს მოაქვს აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის სიტყვები, რომელიც მას ინციდენტის შემდეგ უთქვამს: „დემოკრატიაში გარკვეული ძირითადი პრინციპები მოქმედებს. რამდენად ძლიერი განცდებიც უნდა გაკავშირებდეთ ამა თუ იმ საკითხთან ან თავს უსამართლობის როგორ მსხვერპლადაც უნდა თვლიდეთ, გამართლება არ აქვს ძალადობას, პარლამენტარებისთვის მუშტების ჩარტყმას მაშინ, როცა ისინი პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად მიდიან“. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობასო, - აცხადებს აშშ-ის ელჩი.

სააკაშვილის მრჩეველს, რაფაელ გლუკსმანს, ბლოგისთვის მიუწოდებია ინფორმაცია, რომ დემონსტრანტები ფიზიკურად დაესხნენ თავს თბილისის მერს, გიგი უგულავას, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს. „ცხადია, მე მესმის ის, რომ დასავლეთის მთავრობებმა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან უნდა ითანამშრომლონ, თუმცა, ჩემი აზრით, მათგან უფრო მკვეთრი განცხადებების მოსმენა ძალიან წაადგებოდა ადგილზე ვითარების დამშვიდებასო“, - უთქვამს გლუკსმანს ფორინ პოლისის ბლოგისთვის. ბლოგპოსტის ბოლოს მოტანილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ვიქტორია ნულანდის მიერ „The Cable”-სთვის ნათქვამი სიტყვები: „ჩვენ ვგმობთ თბილისში დღევანდელ ძალადობას ... ყველა მხარეს მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას“.

ახლა რაც შეეხება კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სხვა წერილებს საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე. ორშაბათს, 4 თებერვალს, ევროპის პრესა ბევრს წერდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოის, განცხადებებზე, რომლითაც მან უარყო ბრალდებები, თითქოს ის და მისი თანაპარტიელები წლების განმავლობაში იღებდენ დაფინანსებას კერძო კომპანიებისგან. სხვა ზომებთან ერთად, მან განაცხადა, რომ თავის დაბეგვრის საბუთებს საჯაროდ გამოაქვეყნებს. თუმცა პრესა დიდწილად სკეპტიკური დარჩა. ესპანეთში ყოველდღიურად გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „პერიოდიკო დე კატალუნია“ წერდა, პრემიერ-მინისტრის განცხადებები უდანაშაულობის შესახებ კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალს ვერ დაასრულებსო და რადიკალური რეფორმების გატარებისა და ხელახალი არჩევნების გამართვის მოწოდებებით გამოდიოდა. „ჩვენს ქვეყანაში კორუფციამ პოლიტიკური სიტუაცია აუტანელი გახადა, ჩვენი დემოკრატიის განახლება კი - აუცილებელი. პარლამენტის ორივე პალატა უნდა დათხოვნილ იქნეს და ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ამ არჩევნებმა კი უნდა მოიყვანოს მთავრობა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში შეძლებს სასამართლოს რეფორმირებას, გააუქმებს ან ახალ სენატს შექმნის და ავტონომიური რეგიონებისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების სისტემას დაუქვემდებარებს შვეციის, ჰოლანდიის ან შვეიცარიის მსგავსი ქვეყნების მოდელს, სადაც გამჭვირვალობა ნორმას წარმოადგენს“, - წერდა გაზეთი და დასძენდა, „წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპაში დასაცინები გავხდებითო“.
სამშაბათს, 5 თებერვალს, ევროპის პრესა ბევრს წერდა ევროპის პოლიციის სააგენტო „ევროპოლის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ფეხბურთის ისტორიაში მანიპულაციის ყველაზე მასშტაბური სკანდალი გამოააშკარავა. ამ სააგენტომ ორშაბათს ჰააგაში წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმად, უკანონო გარიგებებით იქნა განსაზღვრული 380-ზე მეტი მატჩის შედეგები, რაც უკავშირდება 10 მილიონ ევრომდე მოგებას და ქრთამებს. ჟურნალისტების ნაწილი წერდა, ეს სკანდალი მოწმობს, რომ სპორტის ეს სახეობა ტოტალიზატორების და ნიძლავების მაფიის კონტროლის ქვეშააო. სხვები კი აღნიშნავდნენ, ნაკლებად სავარაუდოა ამ ცნობებმა ფეხბურთზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოსო. საფრანგეთში ყოველდღიურად გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ლიბერასიონის“ თანახმად, ახლა ევროპის ხელისუფლებებმა უნდა იმოქმედონ. „ცნობილია, რომ ინტერნეტით და სხვა გზებით ფსონების დადება, რაც სპორტული სამყაროს მნიშვნელოვანი კომპონენტია, იდეალური საშუალებაა ფულის გათეთრებისთვის. ეს ტრადიციულ დანაშაულებზე - ნარკოტიკებით ან იარაღით ვაჭრობაზე - ბევრად ნაკლებად საშიშია და, შესაძლოა, უფრო მომგებიანიც იყოს. თითქმის ტოტალური დაუსჯელობით ყველაზე მეტად სარგებლობენ ახალი მაფიური ჯგუფები ჩინეთიდან, ბალკანეთიდან და სხვა ადგილებიდან. ევროპას მატჩების მანიპულირებასთან მიმართებით ერთიანი რეგულაციები არ აქვს. კონტინენტს ჯერაც არ აქვს ეფექტიანი საშუალებები და შესაბამისი იურიდიული ბაზა ამგვარი დანაშაულების გამოძიებისთვის. ამ განცხადებით „ევროპოლმა“ ეს ნაკლოვანება საზოგადოების ყურადღების ცენტში მოაქცია და ევროპის მთავრობებს და სპორტულ ორგანიზაციებს მოუწოდა პასუხისმგებლობა იკისრონ“.

კვირის მეორე ნახევარში ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში ბრიუსელში დანიშნული სამიტი მოექცა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს 2014-2020 წლების ერთობლივი ბიუჯეტი უნდა განეხილათ. ბულგარეთის ყოველდღიური გამოცემა „ნოვინარი“ ხუთშაბათს, 7 თებერვალს, წერდა: „თუ გავიაზრებთ, რაოდენ მყარ პოზიციებზე დგანან მონაწილეები სამიტის წინ, ცხადი გახდება, რომ ისინი ისევ თავიანთი ინტერესებისთვის იბრძოლებენ. ერთიანი ევროპის იდეა, რომელმაც თითქოს უნდა წარმართოს ეს მოლაპარაკებები, სულ უფრო ნაკლებად აქტუალური ხდება“.
XS
SM
MD
LG