Accessibility links

„ნეიშენელ ინტერესტმა“ გამოაქვეყნა საქართველოს საკითხებში ჩახედული ტომას დე ვაალის წერილი, სახელწოდებით „აფხაზეთი, კონფლიქტის კომფორტული ზონა“. წერილის სათაური პარადოქსის შემცველია, მაგრამ ავტორი ცდილობს დაასაბუთოს, როგორ მივიდა ამ სტადიამდე სეპარატისტული რეგიონის იქ დარჩენილი მოსახლეობა. მართალია, დე ვაალმა რეგიონის სისუფთავე დაინახა ქალაქში, სადაც მშვენიერი ამინდით ტკბებიან რუსი ტურისტები, მაგრამ ის თვალს ვერ არიდებს სოხუმის ცენტრში მდებარე შენობას, საბჭოთა პერიოდის პარლამენტს, რომელიც კვლავაც დანგრეულია. ქალაქის დასახელებაზე წერს დე ვაალი, აფხაზებს „სუხუმ“ ურჩევნიათ, თუმცა მთელი მსოფლიო სოხუმად მოიხსენიებსო. თავიდანვე აცხადებს სტატიის ავტორი პოსტულატს, რომ აფხაზეთში ახლა მცხოვრები ადამიანები ამ ვითარებაში თავს კომფორტულად გრძნობენ. ის 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს აღწერს მოკლედ და ამბობს, რომ რუსეთის მიერ ამ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ აფხაზეთს ახალი ტრაექტორია მისცა, პრობლემათა ერთი წყება მოგვარდა, მაგრამ გაჩნდა ახალი სირთულეები. მოსახლეობას გაუქრა შიში, რომ ამ რეგიონს თბილისი კვლავ დაიბრუნებს. შესაბამისად, საქართველოს პოზიცია უკანა პლანზე გადავიდა და აფხაზეთის პოლიტიკური სცენა მხოლოდ საშინაო საკითხებზეა ორიენტირებული. ამას მოჰყვა, დე ვაალის დაკვირვებით, ახლად არჩეული მთავრობის ხელში, ალექსანდრ ანქვაბის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დასავლეთისგან, იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ტრადიციულად თბილისს უჭერდნენ მხარს, კიდევ უფრო დაშორება. დე ფაქტო სეპარატისტული მთავრობა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატებს დაემუქრა კიდეც, რომ არ შეუშვებს თავის რეგიონში იმ მიზეზით, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. ევროპის ქვეყნების შეთავაზება, წამოეწყოთ აფხაზეთში პროექტები, ფორმატით „აქტიურობა აღიარების გარეშე“, სეპარატისტულმა მთავრობამ უარყო იმ მოსაზრებით, რომ ისინი მათ სთავაზობდნენ მცირე ნაწილს იმისა, რასაც რუსეთისგან იღებენ. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრისას მასპინძელს კატეგორიულად უარუყვია, რომ აფხაზეთი იზოლირებულია, უთქვამს, შარშან შვიდი მილიონი ტურისტი გვყავდა, როგორ შეიძლება ამას იზოლაცია ვუწოდოთო. მასვე უარუყვია, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია - სად არიან ოკუპანტები, დამანახვეთო, უკითხავს დე ვაალისთვის, რომელიც ინფორმირებულია, რომ აფხაზეთი ეკონომიკურად ძლიერაა დამოკიდებული რუსეთზე. ის, კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის მონაცემებზე დაყრდნობით, ამბობს, რეგიონის ბიუჯეტის მეოთხედი რუსეთიდან პირდაპირ გადარიცხვებზე მოდისო. სტატიის ბოლოს, დე ვაალი აღიარებს, ყველა ხვდება, რომ აფხაზეთი ხანგრძლივი კონფლიქტიაო, რომ რუსეთის მხრიდან დაცვა უპირისპირდება ფართო საერთაშორისო აღიარებას და რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ტომას დე ვაალი ფიქრობს, რომ რეგიონში ბევრი გაუწევს წინააღმდეგობას დიდ რეგიონალურ პროექტებს, რომლებიც კვლავ ერთმანეთთან დააკავშირებდა მოწყვეტილ რეგიონებს. ამაში ხედავს დე ვაალი, რამდენად კომფორტულად შეეზარდა ხალხი სტატუს- კვოს, რომელიც შორეულ პერსპექტივაში დისკომფორტს უქმნის აფხაზებს, ქართველებს და სხვებს.

მაიკლ ჩეჩირეს სტატია, რომელიც იმავე „ნეიშენელ ინტერესტმა“ დაბეჭდა ორი დღით ადრე, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას ეძღვნება. თავიდან ავტორს მოჰყავს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ნათქვამი, რომ 2014 წელი შეიძლება გახდეს ის წელიწადი, როცა საქართველო, ბოლოს და ბოლოს, მიიღებს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, „მეპად“ წოდებულ სტატუსს. იქვე ჩეჩირე ამბობს, ერთობ ნაადრევია, დარწმუნებული იყო პრემიერ-მინისტრის წინასწარმეტყველებაშიო, მაგრამ იმასაც აცხადებს, საქართველოს შემთხვევა ერთობ მარტივი იყო ამ მხრივო. ჩეჩირე ჩამოთვლის და ახასიათებს ფაქტორებს, რომლებმაც საქართველოს უნდა გაუადვილოს ნატოში მოხვედრა. თავიდან ის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე წერს, მკითხველს ამცნობს, რა ძვრებია ეკონომიკის სფეროში. წერს საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებაზე, რომელიც სააკაშვილის მთავრობის მიერ იქნა ნაკისრი და რომელიც ახალმა მთავრობამ მიიღო თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას რეფორმებსაც ახასიათებს წერილის ავტორი და ამბობს, „ისწავლეს რა 2008 წლის ომის გაკვეთილები, ომისა, რომლის დროსაც ცალკეული ქვედანაყოფების გმირობა სამეთაურო და კონტროლის სისტემაში ჩავარდნებმა დაჩრდილა, ალასანიამ 2008 წლის ოპერატიული შეცდომების შესწავლის დავალება გასცა, რათა შემუშავებულ იქნეს ხანგძლივი გეგმაო. ამასთან, ჩეჩირეს ინფორმაციით, სამინისტრო ნატოს „გონივრული თავდაცვის დოქტრინასაც“ ითავისებს. ამ ყველაფერს, სტატიის ავტორის აზრით, დაერთვის ის ფაქტორიც, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს გაავრცელოს დემოკრატიული პრაქტიკა. ბოლოს, მაიკლ ჩეჩირე დასძენს, პრაგმატულ საგარეო პოლიტიკასა და უნარებზე დაფუძნებული თავდაცვის მეოხებით, საქართველოსადმი ადრე სკეპტიკურად განწყობილი ნატოს წევრებიც კი თბილისის პროგრესის მიმართ თავიანთ პოზიციას იცვლიანო.

„ფორინ პოლისიმ“ დაბეჭდა წერილი საქართველოში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა დაპატიმრების შესახებ. სტატიას, რომლის ავტორია ანა ნემცოვა, ასე ჰქვია: „ვენდეტის პოლიტიკა საქართველოში“. ნემცოვა ფიქრობს, რომ საქართველოს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სენი შეეყარა: ახლად არჩეული ლიდერები თავიანთი წინამორბედების წელში გატეხას ცდილობენ. ნემცოვა აღწერს ვითარებას და მკითხველს ატყობინებს, რომ ერთი წლის წინ საქართველოში გავლენით მეორე პირი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც საქართველოს „პოლიტიკის ხერხემალს“ უწოდებდნენ და რომლის სახელსაც უკავშირდება არაერთი რეფორმა, ახლა დააკავეს საჯარო ფონდის ბოროტად გამოყენების გამო. ის მკითხველს აცნობს 2007 წლის ამბებს და მთავრობის მაშინდელ ქმედებას, რაც ახლა ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალას გაუხსენეს. ახლად მოსულმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა, პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მოკავშირე მერაბიშვილი ფართო კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. ცხადი იყო, სტატიის ავტორის აზრით, რომ ამას მათი მიმდევრების დაპატიმრება მოჰყვებოდა.
XS
SM
MD
LG