Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმოხილვა დავიწყოთ გერმანულენოვან გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული წერილით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება - იმას, თუ რა შეიძლება მივიჩნიოთ მისი, როგორც პრეზიდენტის, დანატოვრად, მემკვიდრეობად. იულიან ჰანსის წერილის სათაური, რთული გერმანული სიტყვა, უნდა ნიშნავდეს ადამიანს, რომელიც ცუდს აკეთებს კარგი განზრახვით, ვისაც მიზნად აქვს რაიმეს განვითარება, მაგრამ შედეგი ვერაა სათანადო. სტატიის დასაწყისში სააკაშვილების ოჯახის ატმოსფეროა აღწერილი - როგორ ალაგებენ მისი წევრები ბარგს, რომ ადგილი ახალ პრეზიდენტს დაეთმოს. გერმანელი ჟურნალისტი ჩამოთვლის სააკაშვილის მიზნებს - საქართველოს გამთლიანების სურვილს, კორუფციის დაძლევას და ქვეყნის ევროკავშირ-ნატოში შეყვანას. ჰანსი წერს, რაღაცას მიაღწია, მაგრამ თავისი სწრაფვით სხვა სფეროებში ვითარება გააუარესაო. წერილში აღიარებულია საქართველოს წარმატება კორუფციასთან ბრძოლაში, ფაქტი, რომ ეს ქვეყანა ამ სფეროში ინდექსით სჯობს ევროკავშირის წევრებს - ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს და რუმინეთს. ტეროტორიის გამთლიანებას რაც შეეხება, „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“ სტატიის თანახმად, თავიდან ისე ჩანდა, რომ სააკაშვილი თავისი ქვეყნის გამთლიანებაში სწრაფად მიაღწევდა შედეგს. „ერთი წელიც არ იყო გასული, რომ თურქეთის საზღვართან მდებარე სეპარატისტული რეგიონი, აჭარა, კვლავ თბილისის მმართველობის ქვეშ დაბრუნდა“, წერს ჰანსი, მაგრამ, განაგრძობს ის, „უფსკრული სხვა ორ პროვინციას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის დღეს უფრო ღრმაა, ვიდრე უწინ. რუსეთთან ხუთდღიანი ომის შემდეგ, 2008 წელს, მოსკოვმა ორივე რეგიონი დიპლომატიურად აღიარა, როგორც სუვერენული სახელმწიფოები“. ჰანსის აზრით, მოსკოვმა კარგად იცის, რომ არც ნატოს და არც ევროკავშირს არ აქვს დიდი სურვილი ისეთი სახელმწიფო მიიღოს, რომელსაც საზღვრებთან კონფლიქტები აქვს. ვერც ყველა წარმატება, რასაც მიაღწია საქართველომ ეკონომიკისა და მმართველობის გარდაქმნის საქმეში, და ვერც ქართველი ჯარისკაცების ამერიკელებთან ერთად ერაყში საბრძოლველად გაშვება, უშველის ამ ქვეყანას, დააკმაყოფილოს ბრიუსელის მოთხოვნები. სტატიის ბოლოს ჰანსი წერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სააკაშვილი გარიყა ომის შემდეგ. წერილის თანახმად, ევროკავშირის ანგარიშმა დაადგინა, რომ პირველი ტყვია ამ ომში ქართველებმა გაისროლეს. საერთაშორისო თანამეგობრობამ სააკაშვილის მიმართ ნდობა აღადგინა, როცა მან თავისი „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი საპარლამენტო არჩევნებში აღიარა და ხელისუფლების სადავეები მშვიდობიანად გადასცა გამარჯვებულს. „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“ სტატიის ავტორის, იულიან ჰანსის თანახმად, ამ რეგიონში ხელისუფლება მანამდე დემოკრატიული გზით არ შეცვლილა. ეს არის სააკაშვილის უდიდესი მემკვიდრეობაო, ამთავრებს სტატიას ჰანსი.

საინტერნეტო გამოცემა „იურეიშა ვიუ“ წერს უშუალოდ არჩევნებზე, იმაზე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არჩევნების დღეს უბნების დონეზე „დიგიტალიზებული მონაცემების წვდომის შესაძლებლობა“ არ მიეცემათ. თამარ ჟვანია, სტატიის ავტორის ცნობით, ამჯობინებს, რომ მონაცემები გავრცელდეს ოფიციალურად, როგორც ამას საქართველოს კანონი მოითხოვს. სტატიის ავტორი ერიკ ბერეტია, ერთ-ერთი ასეთი, საქართველოში რეგისტრირებული, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჯამპსტარტის“ - აღმასრულებელი დირექტორი. ეს ორგანიზაცია სოროსის ფონდიდან ფინანსდება, იუწყება გამოცემა. მას ამავე მონაცემებზე ხელი მიუწვდებოდა შარშან, საპარლამენტო არჩევნების დროს, და მათ აქვეყნებდა საგანგებო საჯარო ვებსაიტზე - ასე რომ, საზოგადოებას საშუალება ეძლეოდა იოლად ედევნებინა თვალყური, იყო თუ არა ამა თუ იმ უბნის მონაცემები სწორი ან შეინიშნებოდა თუ არა რაიმე უჩვეულობა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სტატიის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციას განუმარტა მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი: თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები მონაცემთა სისტემაში შეყვანისას შეცდომას დაუშვებენ, კომისიას არ სურს იყოს პასუხისმგებელი საჯარო დომენის მიერ მცდარი მონაცემების გამოყენებაზეო. სტატიის ავტორი წერს, ჟვანიას შიში გასაგებიაო, მაგრამ, მეორე მხრივ, არაფერია საშიში იმაში, რომ სამოქალაქო საზოგადოებას საშუალება მისცე, მონაცემებს არჩევნების დღეს თვალყური ადევნოსო. ბერეტი უბნების დონეზე მონაცემების ხელმისაწვდომობის უპირატესობას აღნიშნავს და იტყობინება, რომ მისმა ორგანიზაციამ მოახერხა დამოუკიდებლად მოეპოვებინა ალტერნატიული მექანიზმი და შეუძლია ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან დამოუკიდებლად იმუშაოს.

ბრიტანეთის გაზეთი „გარდიანი“ შიდა ქართლში სეპარატისტულ რეგიონთან გამყოფ ზოლზე რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების აღმართვაზე წერს და კონკრეტული ოჯახის, ბიძინაშვილების მაგალითზე უამბობს მკითხველს, როგორ ვეღარ ახერხებენ მისი წევრები თავიანთ ბაღთან მისვლას და მოსავლის აღებას, რაც მათ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, „პერესტროიკის“ ეპოქის შემდეგ შეეძლოთ. „გარდიანის“ თანახმად, რუს სამხედროებს აუხსნიათ ბიძინაშვილებისთვის, მართალია, თქვენი სახლი გუგუთიანთკარშია, მაგრამ ახლა ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეაო. „გარდიანი“ მკითხველს ამცნობს, რომ გამყოფი ზოლი მიჰყვება საბჭოთა პერიოდში ავტონომიურ ოლქსა და დანარჩენ საქართველოს შორის დადგენილ ზღვარს, რომელიც პრაქტიკულად არასოდეს განხორციელებულა, მაგრამ რომელიც სოფლებზე და ხანდახან სახლებსა და ეზოებზეც კი გადის. ადგილობრივ მცხოვრებთათვის ეს იგივეაო, წაიკითხავთ „გარდიანში“, რაც იქნებოდა ბრიტანელებისთვის, კენტსა და სასექსს შორის რომ გამყოფი საზღვარი გაგვევლოო. „გარდიანი“ ასევე წერს იმ გამოცოცხლებაზე, რომელიც არეალში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში დაიწყო. იქვე ადგილობრივი მცხოვრებლების ნათქვამია მოყვანილი: ოთხი თვეა, რაც საზღვრის გაძლიერება და ეს სამუშაოები მიმდინარეობს და მხოლოდ ახლა დაიწყეს პოლიტიკოსებმა აქ სიარული - ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდიან სოლიდარობის გამოსახატავადო. სტატიის ავტორი წერს, ორივე მხარე მილიტარიზებულია, თუმცა ამას ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება კრძალავსო. „საქართველოს მხარეს, ზემო ნიქოზში, სასაფლაოზე არსებულ საგუშაგოზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს გადაჰყურებს, დგას მძიმედ შეიარაღებული, კომუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი პირი“, აღწერს „გარდიანის“ კორესპონდენტი გუშაგს და იქვე იტყობინება, რომ რუსეთმა 19 სასაზღვრო პუნქტი მოაწყო სამხრეთ ოსეთის მხარეს. მესაზღვრეები, „გარდიანის“ თანახმად, ოფიციალურად ჯარისკაცები არ არიან, მაგრამ მძიმე შეიარაღება აქვთ და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შემადგენლობაში იმყოფებიან. სტატიის ბოლოს „გარდიანის“ავტორი, შონ უოლკერი, ევროკავშირის მეთვალყურეებზე წერს, მათზე, ვინც ამ ყველაფერს თვალყურს ადევნებს, მაგრამ არა აქვს ძალა, არც იარაღი, არც სეპარატისტულ რეგიონში შესვლის უფლება და მხოლოდ ნანახის შესახებ ანგარიშის გადაცემას სჯერდება. გუგუთიანთკარელი თინა ბიძინაშვილი ეუბნება „გარდიანს“, მთელი ცხოვრება ვშრომობდით, ახლა კი ღორებივით ვცხოვრობთო.

„ოქსფორდ ანალიტიკამ“ ანალიზი მიუძღვნა ევროკავშირის პროგრამის - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ - მონაწილე ქვეყნებს, კერძოდ, იმ კუთხით, თუ როგორ დააჩქარა სომხეთის უარმა, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ. ასეთია ანალიზის ავტორების დასკვნა. ისინი ფიქრობენ, რომ ერევნის ამ ნაბიჯმა ევროკავშირისთვის პრიორიტეტად აქცია საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. მოსკოვის მზარდმა ზეწოლამ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებზე ბრიუსელს, ჩანს, აგრძნობინა, რომ საჭიროა დაჩქარდეს აღმოსავლეთის ინტეგრაციის პროცესი. „ოქსფორდ ანალიტიკის“ დასკვნით, საქართველო, რომელიც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წამყვანი კანდიდატია, შედარებით ცხადი პროდასავლური ორიენტაციის ქვეყანაა და ხედავს, რომ მისთვის ხელსაყრელია ევროკავშირის ახალი განრიგი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG