Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ორშაბათს, 16 დეკემბერს, ევროპული პრესის ყურადღების ცენტრში გერმანია მოექცა. ერთი დღით ადრე გერმანიაში მმართველმა კოალიციამ ახალი კაბინეტი წარმოადგინა. კოალიცია აერთიანებს ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს, ქრისტიანულ-სოციალურ კავშირს და სოციალ-დემოკრატებს. მერკელს ძალაუფლების სადავეები მყარად უჭირავს ხელში და გააგრძელებს ხელმომჭირნეობის პოლიტიკის დაცვასო, წერდა ჟურნალისტების ნაწილი. სხვები კი გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ კანცლერს ამაში სოციალ-დემოკრატების ლიდერი ზიგმარ გაბრიელი გაუწევს წინააღმდეგობას. ავსტრიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „კურიერი“ წერდა: „კოალიციაზე წევრების მოულოდნელად მკაფიო თანხმობა გაბრიელს, ფაქტობრივად, გამარჯვებულად აქცევს. პარტიის თავმჯდომარემ შეძლო თავისი თანაპარტიელების სიჯიუტის გადალახვა. ამ თანაპარტიელებს, რომელთა საშუალო ასაკიც 60 წელია, მაშინაც კი, როცა მიზანი ვალების შემცირება იყო, სურდათ ქვეყანა ისე ემართათ, როგორც ვილი ბრანტის დროს. ყველას სურვილების დაკმაყოფილებას ახალი ვალი განაპირობებდა. ახლა კანცლერის გვერდით, გაბრიელის სახით, გაძლიერებული ფიგურა დგას, რომელთან მუშაობაც უფრო რთული იქნება, ვიდრე გერჰარდ შრიოდერისგან შემორჩენილ, რეფორმაზე ორიენტირებულ პირებთან პირველ დიდ კოალიციაში. გაბრიელს ამისგან დისტანცირება და მემარცხენე პოზიციებთან დაბრუნება სურს. მისთვის ეს მთავრობა დროებითი ეტაპია მთავრობის ცვლილებისაკენ და კანცლერად გახდომის მიზნის მიღწევისკენ. მერკელს მესამე ვადაში უფრო მეტად გაურთულდება წარმატებით მართვა“.

გერმანიის ახალ მთავრობაზე დასავლეთის პრესა სამშაბათსაც წერდა. შვეიცარიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გაზეთი „ტაგეს-ანცაიგერი“ ყურადღებას ამახვილებდა იმ სექსისტურ და დისკრიმინაციულ განცხადებებზე, რომლებიც მედიაში და სოციალურ ქსელებში მოჰყვა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ქალის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, დანიშვნას. ჟურნალისტების ნაწილმა მას „ბუნდესვერის სუპერ-ძიძა“ უწოდა, „ტვიტერის“ მომხმარებლებმა კი „ქალბატონი მუქი მუზარადი“ შეარქვეს. „ტაგეს-ანცაიგერი“ წერდა: „ფინეთში ქალი, ელიზაბეთ რენი, პირველად 1990 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე. მთლიანობაში, ათ ევროპულ ქვეყანას ჰყავდა, ან ახლაც ჰყავს ქალი, დანიშნული სამხედროების ხელმძღვანელად. სექსისტური განცხადებები მოწმობს, რომ სამხედრო სფერო კვლავ კაცების სამფლობელოდ რჩება. გერმანიაში ეს გასაკვირი არ არის: ჯარში ქალების ინტეგრაციის საკითხში ეს ქვეყანა დიდი ხანია ჩამორჩენილია. გერმანიის შეიარაღებულ ძალებს აქტიურ სამსახურში ქალების აყვანა ევროპის სასამართლომ მხოლოდ 2001 წელს აიძულა. ვნახოთ, რა მოხდება - დაღლის თუ არა მაჩო სამხედრო სტრუქტურები ურსულა ფონ დერ ლაიენს, თუ „ქალბატონი მუქი მუზარადი“ აჩვენებს მათ, მაინც რას ნიშნავს შიშის ქონა“.

მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესა ბევრს წერდა უკრაინაზე. კერძოდ, იმ დახმარებაზე, რომელსაც უკრაინას რუსეთი დაჰპირდა და რომელიც გამოიხატება 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხსა და იაფ გაზში. ამ შეთანხმებას სამშაბათს მოსკოვში მიაღწიეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ პუტინი ნებისმიერი ფასის გაღებისთვის არის მზად საიმისოდ, რომ კიევი თავის საბაჟო კავშირში შეიყვანოს. გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ოთხშაბათს, 18 დეკემბერს, წერდა: „პუტინმა ამით იანუკოვიჩის ვალი გაისტუმრა - სხვა თუ არაფერი, უკრაინის პრეზიდენტმა მსხვილად გადაიხადა წინასწარ, როცა დაემორჩილა რუსეთის მოთხოვნას ხელი არ მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. იანუკოვიჩი კი ამ გადაწყვეტილების ფასს თავის ქვეყანაში იხდის. ... ახლა იანუკოვიჩმა [დემონსტრანტებისთვის] ფსევდოსაჩუქარი იშოვნა, თუმცა ძველი გარიგება არ გაუუქმებია: იაფი გაზი მხოლოდ მოსკოვზე პოლიტიკური დამოკიდებულების ფასად მოდის. ის ფაქტი, რომ პუტინი უკრაინაზე თავისი გავლენისთვის მაღალ საფასურს იხდის, ამტკიცებს, რომ მის საბაჟო კავშირში ეკონომიკური ფაქტორები მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა. .. უკრაინის გარეშე საბაჟო კავშირს არ ექნება დიდი წონა და ვერასოდეს ჩამოყალიბდება იმად, რაზეც პუტინი ოცნებობს: საბჭოთა კავშირის ახალ ვარიანტად“.

რუსეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ამნისტიას გამოეხმაურა შვეიცარიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ლიბერტე“ ხუთშაბათს, 19 დეკემბერს. გამოცემის აზრით, ამნისტია, რომელმაც მთავრობის ოპონენტებიც მოიცვა, წარმოადგენს პრეზიდენტ პუტინის მცდელობას გააუმჯობესოს თავისი იმიჯი სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ. „ჩვენ მიჩვეული ვართ მკაცრ ვლადიმირ პუტინს, რომელიც რკინის მუშტით მართავს და არა ხავერდის ხელთათმანით. მაგრამ ბოლო ხანებში მან სხვაგვარი, უჩვეულო ინტონაცია შეიძინა - „დედ მოროზის“, რუსი სანტა კლაუსის. ... როგორ შეიძლება ამნისტიის ახალი კანონი არ აღვიქვათ ჟესტად რუსეთის პრეზიდენტისა, რომელსაც სურს სოჭის კარიბჭისკენ მიმავალი სამარხილო გზის გასწორება? .. პრობლემა ისაა, რომ ბევრი თვალსაზრისით ზიანი უკვე მიყენებულია. ბევრი გავლენიანი ქვეყნის მეთაურებმა განაცხადეს, რომ არ დაესწრებიან ოლიმპიურ თამაშებს. ... მაშინაც კი, თუკი მსოფლიოს გავლენიან ჯგუფში რუსეთის დაბრუნება გარდაუვალი გვეჩვენება, სოჭის ღონისძიებამ შესაძლოა მაინც შემთბარი ცივი ომის განწყობა დატოვოს“.
XS
SM
MD
LG