Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


განვლილი კვირის უცხოეთის პრესაში დიდი ადგილი ეთმობა საახალწლო პროგნოზებს - რომელი თემები იდგება ყურადღების ცენტრში, რომელ ამოცანებზე მოუწევთ მუშაობა პოლიტიკოსებს...

ლონდონში გამომავალი გაზეთი „ინდეპენდენტი“ წერს:

„ახალ წელს არის ბევრი საკითხი, რომლითაც მსოფლიო პოლიტიკა იქნება დაკავებული, დაწყებული ისლამიზმის გავრცელებით, ავღანეთიდან დასავლეთის ჯარების გასვლის ჩათვლითა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში კუნძულების გარშემო ჩინეთ-იაპონიის დავით დამთავრებული. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე მთავარი ამოცანა სირია უნდა იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გათავისუფლდეს შემბოჭველი უმოქმედობისაგან. სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის დაწყებიდან უკვე მესამე წელი შესრულდება. ჰუმანიტარულმა კრიზისმა ისეთი განზომილებები მიიღო, რომ მსოფლიო ვეღარ დარჩება უმოქმედო მაყურებლად“.

ასევე ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული გაზეთი „ტაიმსი“ მეტი დამაჯერებლობისა და ზომიერებისაკენ მოუწოდებს პოლიტიკოსებს:

„ნდობის დაკარგვას დემოკრატიულ ქვეყანაში, შესაძლოა, სახიფათო შედეგები მოჰყვეს. შესაძლოა, პოპულისტურმა ალტერნატივებმა ისარგებლონ. (...) ხოლო პოლიტიკაში პოპულიზმისაკენ შემობრუნებას, შესაძლოა, სახიფათო პროცესი მოჰყვეს: პოლიტიკოსებს სრულიად არარეალისტურ მოთხოვნებს წაუყენებენ და როცა ასეთი მოთხოვნები ვერ შესრულდება, მათ კიდევ უფრო მეტად ექსტრემისტი პოპულისტები შეცვლიან. აქედან მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ: ბოლო უნდა მოეღოს ერთმანეთში კონკურენციას დაპირებებით, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია. ამის ნაცვლად, პოლიტიკოსები მეტი ზომიერებითა და დასახული ამოცანების შესრულებისას მეტი წარმატებით უნდა შეეცადონ ნდობის მოპოვებას. ისინი ნაკლებ დაპირებას უნდა იძლეოდნენ და მეტს აკეთებდნენ“- ასეთია გაზეთ „ტაიმსის“ საახალწლო მოწოდება პოლიტიკოსებისადმი.

მილანის ყოველდღიური „კორიერე დელა სერა“ ოპტიმისტურად აფასებს ევროკავშირის საახალწლო პერსპექტივას:

„თუ ახალი წლის წარმატება 1 იანვრის კარგ სიახლეებზეა დამოკიდებული, 2014 ევროპისათვის ტრიუმფის წელი უნდა იყოს. ლატვიამ გადაწყვიტა გახდეს ევროზონის მე-18 წევრი ქვეყანა, მიუხედავად კატასტროფაზე მოსაუბრეებისა, რომლებსაც საერთო სავალუტო ზონიდან გასვლა სურთ. რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებს მიენიჭათ უფლება შეუზღუდავად იმუშაონ მთელ ევროკავშირში. ნუთუ მართლაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ეს ევროპული საახალწლო ფოიერვერკი? ნაწილობრივ, სულ ცოტათი მაინც, პასუხი პოზიტიურია. ევროპა, რომელსაც ხშირად ვხედავთ პარალიზებულს, გვაჩვენებს, რომ ასეთი არ არის“.

საახლწლო პრესაში ევროკავშირს არც კრიტიკა აკლია. „ევროპის უკრაინული შეცდომა“ - ასეა დასათაურებული პუბლიკაცია, რომელსაც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „პროჯეკტ სინდიკეიტი“ აქვეყნებს. სტატიის ავტორი, გერმანიის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი იოშკა ფიშერი ევროკავშირს მოუწოდებს უფრო მტკიცედ დაიცვას თავისი სტრატეგიული ინტერესები რუსეთთან ურთიერთობაში. სტატიის დასაწყისში იოშკა ფიშერი ამბობს, ევროკავშირს პირველად შეემთხვა ის, რაც მასთან ურთიერთობაში გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამო: კიევი დიდხანს აწარმოებდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას, მაგრამ ბოლო მომენტში უკან დაიხიაო.

„როგორც ახლა ვიცით, მოლაპარაკებებისათვის იანუკოვიჩის ნამდვილი მოტივაცია იყო, გაეზარდა ფასი, რომლის გადახდაც რუსეთს მოუწევდა თავის სტრატეგიულ ორბიტაზე უკრაინის დასატოვებლად. სულ რამდენიმე დღის შემდეგ იანუკოვიჩმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადეს რუსეთისაგან 15 მილიარდი დოლარის კრედიტის, ბუნებრივი აირის გაიაფებისა და ვაჭრობის სფეროში სხვადასხვა შეთანხმების შესახებ. იანუკოვიჩის თვალსაწიერიდან, ასეთ შეთანხმებას აზრი აქვს მხოლოდ მოკლევადიანი პერსპექტივით: გაზზე შეთანხმება უკრაინას გამოზამთრებაში დაეხმარება, კრედიტი დასჭირდება დეფოლტის თავიდან აცილებაში და რუსეთის ბაზარი, რომელზეც უკრაინის ეკონომიკაა დამოკიდებული, ღია დარჩება. მაგრამ საშუალოვადიანი პერსპექტივით, ევროკავშირზე უარითა და რუსეთთან დაახლოებით, უკრაინა მიდის რისკზე, რომ დაკარგავს დამოუკიდებლობას, რომელსაც ეფუძნება ევროპის პოსტსაბჭოთა მოწყობა“, - ასეთ შეფასებას გამოთქვამს გერმანიის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი იოშკა ფიშერი „პროჯეკტ სინდიკეიტისათვის“ დაწერილ სტატიაში.
XS
SM
MD
LG