Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო უკრაინა და იქ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. სამშაბათს, 28 იანვარს, ფინეთში გამომავალმა ლიბერალური ორიენტაციის „ილკამ“ ევროკავშირს მოუწოდა აქტიური შუამავლის როლი იკისროს. „მოცულობით - ევროპის მეორე ქალაქი, მოსახლეობის რაოდენობით კი - მეშვიდე, მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს მისი დასავლელი და აღმოსავლელი მეზობლებისთვის. თუ უკრაინა თავად ვერ შეძლებს თავისი პრობლემების და მღელვარების გადაჭრას, როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის ინტერესებში შედის ვითარების სწრაფი დამშვიდება. რამდენიმე პარლამენტარი და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი, უკვე ჩავიდნენ უკრაინაში. ევროკავშირს ახლა აქვს შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად იმსახურებდა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას და შეუძლია უკრაინელები დაარწმუნოს აიღონ ბარიკადები. ძალადობის და ზეწოლის პროცესების დასრულება დემოკრატიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება“.

ამავე დღეს, 28 იანვარს, ხორვატიაში გამომავალ კონსერვატიულ გამოცემა „ვეჩერნი ლისტში“ წაიკითხავდით: „მთელი ეს ვითარება, ბოლო დეტალის ჩათვლით, მოსკოვის მიერ იქნა დადგმული უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით. ამ ჭრილში რუსეთი შეძლებს თავი სტაბილურობის მომტან ფაქტორად წარმოაჩინოს და ქვეყანა თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს, ანუ ევრაზიის კავშირში, რომელიც, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს ემთხვევა. ... პუტინმა მშვენივრად იცოდა, რომ იანუკოვიჩის იძულება უარი ეთქვა ევროკავშირთან შეთანხმებაზე პროევროპელებს ამბოხისკენ უბიძგებდა, მაგრამ ის ასეთ საკითხებში გამოცდილია და ეჭვგარეშეა, რომ მან იანუკოვიჩს ასევე მისცა რჩევა მოძალადე აგიტატორები ჩაენერგა მშვიდობიან პროევროპელ დემონსტრანტთა რიგებში“.

სამშაბათს, 28 იანვარს, უკრაინის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო გადაწვეტილება ცოტა ხნით ადრე შემოღებული, დემონსტრაციების შემზღუდავი კანონმდებლობის შემსუბუქების თაობაზე, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კი დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნიკოლა აზაროვის განცხადება გადადგომის შესახებ. მომდევნო დღეს დასავლეთის პრესაში წაიკითხავდით, რომ იანუკოვიჩი მხოლოდ ისეთ კომპრომისებს უშვებს, რომლებიც მას არ ეხება და რომ ოპოზიცია მის გადადგომამდე არ დაკმაყოფილდება. ესპანეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „პაისი“ ოთხშაბათს, 29 იანვარს, წერდა: „შეუდრეკელი სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ავტორიტარ პრეზიდენტს გამოწვევას უგზავნის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. თუკი რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრის გადადგომას შეიძლება დემონსტრანტები დაეკმაყოფილებინა, ახლა, ქუჩებში შესამჩნევი სიხარულის მიუხედავად, სურათი ცალსახა აღარ არის. მრავალფეროვანმა ოპოზიციამ პრეზიდენტის დათმობები სისუსტის ნიშნად აღიქვა და, როგორც ჩანს, აპირებს ბრძოლის გაგრძელებას მისი გადადგომის მისაღწევად. ნოემბერში აქციები ჯერ კიდევ პროდასავლური განცდების გამოხატულება იყო, დღეს კი დემონსტრაციები გადაიქცა იმ სიბრაზის ამოფრქვევად, რომელსაც ცუდი მმართველობა და იანუკოვიჩის პირობებში კორუფცია იწვევს“.

სხვა საკითხებს შორის, რომლებმაც მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესის ყურადღება მიიქცია, იყო სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ყოველწლიური გამოსვლა ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. პრეზიდენტმა ამ გამოსვლაში წარმოადგინა ეკონომიკის ზრდის და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლის გეგმა და თქვა, რომ მას კონგრესის გვერდის ავლითაც აღასრულებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი ობამას აქებდა რესპუბლიკელების მხრიდან ინიციატივების დაბლოკვის ტენდენციასთან მიმართებით მკაცრი პოზიციის დაკავების გამო, სხვები კი გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ობამა კიდევ ერთხელ გააცრუებს იმედებს. ავსტრიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „კურიერი“ 29 იანვარს წერდა: „ნიჭიერი ორატორი ვირტუოზულად ახერხებს თავისი იდეების გამოხატვას, მაგრამ ვაშინგტონში, რეალპოლიტიკის გარემოში, რომელიც ამჟამად ყველა სხვა პერიოდზე მეტად ეყრდნობა ურთიერთდათმობის პრინციპს, ეს მას არაფერში დახმარებია. როცა გარკვეული ურთიერთდათმობისთვის მზაობას გამოთქვამს, - როგორც, მაგალითად, ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით იყო, - მისი ოპონენტები ამით ულმობლად სარგებლობენ და შემდეგ ჯერზე საპასუხო დათმობაზე არ მიდიან. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი შეუდრეკელ პოზიციაზე დგება, მაგრამ ამით მხოლოდ რესპუბლიკელები ხეირობენ. მათ თეთრ სახლში თავიანთ ოპონენტს უნდა გადაუხადონ მადლობა იმისათვის, რომ პოლიტიკურ ანგარიშს კვლავ ფრედ ტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულებია ასეთი სუსტები და დანაწევრებულები არ ყოფილან“.

პარასკევს, 31 იანვარს, დასავლეთის პრესა ბევრს წერდა შვეიცარიაში მიმდინარე სირიის სამშვიდობო კონფერენციაზე, რომლის პირველი რაუნდიც ამ დღეს დასრულდა. გაეროს შუამავლის, ლახდარ ბრაჰიმის თანახმად, მნიშვნელოვანი შედეგები მიღწეული არ არის. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ეს საჩვენებელი მოლაპარაკება ვერ დაძლევს კონფლიქტს ასადის რეჟიმსა და ოპოზიციას შორის, და აშშ-ის და ირანის იმედს გამოთქვამდნენ. იტალიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „კორიერე დელა სერა“ წერდა: „რა არის ის ერთადერთი საკითხი, რომლის თაობაზეც შეთანხმება შეძლეს? დუმილი - ის ღირსეული წუთიერი დუმილი, რომლითაც დელეგატებმა სამწლიანი კონფლიქტის 130,000 მსხვერპლის ხსოვნას მიაგეს პატივი. და სწორედ ამ უღირსი დუმილით სრულდება ჟენევა 2-ის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. .. დიპლომატიის ამ აბსურდულ თეატრში [გაეროს შუამავალი], ბრაჰიმი თვლის, რომ ჯობია მოლაპარაკებებში შეფერხდე, ვიდრე სირიაში მოკვდე საშინელი სიკვდილით. ... და მაინც, მან იცის, რომ ეს ქორეოგრაფია, გაეროს მშვიდობის ეს, ფაქტობრივად, გამოუსადეგარი დემონსტრირება ტრაგედიას არ დაასრულებს. იმედი, თუკი ის საერთოდ გაჩნდა, მოვა ჟენევაში განთავსებული გაეროს შტაბბინის სხვა დარბაზებიდან - იქიდან, სადაც აშშ-მა და ირანმა უნდა განაახლონ მოლაპარაკება თებერვალში“.
XS
SM
MD
LG