Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიაში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზე, რომლებიც ორშაბათს დაიწყო და რომელთა სამიზნეა ექსტრემისტული ჯგუფი „ისლამური სახელმწიფო“. გავრცელებული ცნობებით, მისიაში ხუთი არაბული ქვეყანა მონაწილეობს. ჟურნალისტები წერდნენ, როგორც იქნა, საერთაშორისო თანამეგობრობამ მოქმედება დაიწყოო, სხვები კი აღნიშნავდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებზე უფრო ეფექტიანი პასუხი იქნებოდა რელიგიური ტოლერანტობის გამოვლინება და უფრო მეტი მზაობა ლტოლვილების მისაღებად. ბრიტანეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ინდიფენდენტში“ 22 სექტემბერს წერილი გამოაქვეყნა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ბრიტანული განყოფილების დირექტორმა, კეიტ ალენმა: „სირია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა, მისი მეზობელი ქვეყნები კი ამას თავიანთი ძალებით ვერ გაუმკლავდებიან. პოლიტიკოსთა დაპირებების მიუხედავად, მსოფლიოში ამ ვითარებას სამარცხვინო რეაგირება მოჰყვა. ევროკავშირის ქვეყნებმა სირიელი ლტოლვილების ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს, ბრიტანეთმა სულ 51 ადამიანს მისცა საცხოვრებელი. როცა ლიბანს ვტოვებდი, მთავრობის ერთ-ერთმა მრჩეველმა მითხრა, ‘ნუ გვეტყვით, რომ ჩვენი საზღვრები გავაღოთ, მაშინ როცა თქვენსას კეტავთო’. ეს სიტყვები უნდა ისმოდეს დაუნინგ სტრიტზე მაშინ, როცა გენერლები დევიდ კამერონს აუხსნიან, მაინც როგორ აპირებენ სირიაში ‘ისლამური სახელმწიფოს’ მებრძოლთა ‘განადგურებას’“.

მიმდინარე კვირაში ალჟირში ისლამისტმა ექსტრემისტებმა თავი მოჰკვეთეს საფრანგეთის მოქალაქეს და შემდეგ ამ აქტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გაავრცელეს. მკვლელობამდე გამტაცებლებმა პარიზს მოსთხოვეს არ მიეღო მონაწილეობა „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო საჰაერო კამპანიაში. ჟურნალისტები წერდნენ, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ ისეთი სამხედრო თავდასხმაც გამართლებულია, რომელიც საერთაშორისო კანონთან მოდის წინააღმდეგობაშიო და საფრანგეთს აფრთხილებდნენ არ დამორჩილებოდა ზეწოლას. საფრანგეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ლიბერასიონი“ 25 სექტემბრის ნომერში წერდა: „ერვ გურდელი, მაღალი მთების მოყვარული, ემსხვერპლა ომს, რომელშიც მას საერთოდ არანაირი როლი არ შეუსრულებია. ამ მხრივ მისი ამბავი იმ ფრანგების მდგომარეობას წააგავს, რომლებმაც ახლა მოულოდნელად გაიაზრეს ისლამისტურ ფანატიზმთან დაპირისპირებით შექმნილი საფრთხეები. ზოგიერთი იტყვის, რომ სამხედრო ინტერვენცია ნაჩქარევად განხორციელდა, რომ ჩვენ პრობლემა უშუალოდ არ შეგვხებია და მონაწილეობა მაინც მივიღეთ. ... მაგრამ ჩვენ მიერ არჩეულ კურსში ახლა დაეჭვება ამ ბარბაროსების ტაქტიკის გამართლება იქნება. ამ დრამის შუა ფაზაში განზე გადგომა იქნება ნიშანი, რომ ჩვენ სისუსტეს მივეცით გონიერებაზე გამარჯვების შესაძლებლობა. ამ დანაშაულით მართებულად გამოწვეულმა შეძრწუნებამ არ უნდა მიგვიყვანოს ირაციონალურ შიშებამდე“.

თურქეთში მცხოვრები სომხური უმცირესობის ყოველკვირეული გამოცემა „აგოსი“ 26 სექტემბრის ნომერში წერდა მოსკოვის შემცირებულ როლზე ახლად ფორმირებულ ალიანსებში: „შარშან აგვისტოში აშშ ემზადებოდა იერიშის მისატანად სირიის რეჟიმზე, დღეს კი აშშ-ის სამიზნე ამ რეჟიმის ოპონენტი, ჯგუფი „ისლამური სახელმწიფო“ გახდა. მაგრამ ეს [სირიის პრეზიდენტ] ასადის მიმართ სიყვარულით კი არ არის განპირობებული, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ აღმოფხვრით ვაკუუმის შექმნის სურვილით. საიდუმლო არ არის, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს. აშშ-მა გამოაცხადა, რომ აპირებს არაექსტრემისტულ ოპოზიციასთან კავშირის დამყარებას და მათ შეიარაღებას. ... ირანმა აშშ-ს მწვანე შუქი აუნთო სირიასთან მიმართებით. ... ამ ვითარებაში, სავარაუდოდ, ყველაზე წაგებულ მდგომარეობაში რუსეთი აღმოჩნდება. ახლა, როცა სირიის რეჟიმმა მოულოდნელად შეწყვიტა აშშ-ის საჰაერო თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იმ საბაბით, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ნებისმიერ ძალასთან შეთანხმდება, და ირანიც გაემიჯნა მის უწინდელ პოზიციას, რუსეთი სრულიად მარტო რჩება“.

მიმდინარე კვირაში პრესის ყურადღების ცენტრში დარჩა უკრაინაც. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინა 2020 წელს შეიტანს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. გერმანიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ 26 სექტემბრის ნომერში წერდა, უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან მიმართებით ევროკავშირი თუ მკაფიო პოზიციას არ გამოავლენს, მომავალში მას ამ საკითხში არჩევანი აღარ ექნებაო: „აქ, გერმანიაში, უკრაინის ‘არც ერთი ბლოკისადმი მიმხრობის პოლიტიკის’ შესახებ განსჯა შესაძლოა გამოსავლად ჩანდეს რუსეთთან შექმნილი გეოსტრატეგიული კონფლიქტიდან, მაგრამ კიევის ელიტის პროდასავლურ ნაწილს რაც შეეხება, მათთვის ამგვარი მიუმხრობლობა არ არსებობს. ეს ხალხი ასოცირების შეთანხმებას ყოველთვის განიხილავდა პირველ ნაბიჯად ევროკავშირისკენ გზაზე, ხოლო საშუალო და შორეულ პერსპექტივაში მათი სურვილი ევროკავშირის სრული წევრობაა. ევროკავშირისთვის ამაზე უარის თქმა აღარ იქნება უწინდელივით იოლი - ახლა უკვე მას დაადანაშაულებენ ამ ბრძოლაგამოვლილი ქვეყნის მიტოვებაში იმ დროს, როცა იქ დემოკრატიული მღელვარება გრძელდება. ამდენად, ევროკავშირის გაფართოების პროცესს კვლავ ისეთი ფაქტორები განაპირობებს, რომლებიც წევრი ქვეყნების გავლენის მიღმაა“.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც პრესა მიმდინარე კვირაში წერდა, კლიმატის ცვლილებები და ამ თემაზე ჩატარებული გაეროს სამიტი იყო. ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, გარემოს გადასარჩენად ახლა საერთაშორისო შეთანხმებებისა და კომპრომისების დროაო. სხვები კლიმატის შესახებ ახალი, საერთაშორისო შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას პესიმისტურად აფასებდნენ. საფრანგეთში გამომავალი რეგიონალური ყოველდღიური გამოცემა „უესტ-ფრანსი“ 23 სექტემბრის ნომერში წერდა: „შტორმები, კოკისპირული წვიმები, წყალდიდობები. ... ბოლო წლებში აღრიცხული ეს სტიქიური მოვლენები იქცა გარემოსდამცველი აქტივისტების ტრაგიკულ მოკავშირეებად. მათ შეარყიეს პოზიციები ჩინეთისა და აშშ-ის მსგავსი მოთამაშეებისა, რომლებიც მომავალი თაობების ხარჯზე აგრძელებდნენ განვითარებას. ... ამ პრობლემების შესახებ საერთო კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაშიც კი არ არსებობს შეთანხმება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თუმცა ამ ახალი საუკუნის საწყის ეტაპზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნაწარმის თუ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის გლობალიზაციას აუცილებლად მოაქვს საკითხის ერთობლივი გადაჭრის ძიება. საღი აზრი გვკარნახობს, რომ აუცილებელია უთანასწორობის შემცირება და ეკოსისტემების გაჯანსაღება“.

XS
SM
MD
LG